რა გავლენას მოახდენს ყაზახეთის მოვლენები საქართველოზე - „ქვეყანა საფრთხისა და ამავდროულად, პერსპეტივის წინაშე დგას“ - ხათუნა ლაგაზიძის შეფასებები და პროგნოზები

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საგარეო ფაქტორი

 თათია გოჩაძე

 ყაზახეთში მასობრივი არეულობის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების კასკადი იწყება - რუსეთთან დიალოგს აშშ-ს, ნატო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები გამართავენ. ყაზახეთში კი 10 იანვარი გლოვის დღე იყო - პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გლოვის დღე მსხვერპლის გამო გამოაცხადა, რომელიც მასობრივ არეულობას მოჰყვა. ჯერჯერობით დაუდგენელია, სულ რამდენი ადამიანი დაიღუპა მასობრივი პროტესტის დროს, თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულია 8 000-მდე მომიტინგე. ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს მანგისტაუს ოლქიდან დაიწყო და სხვა რეგიონებსაც მოედო. მასობრივი პროტესტის მიზეზი თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირება გახდა, რასაც ყაზახეთში ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.

მართალია, 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობამ საწვავის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა გამოსვლები არ შეწყვიტეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. 4 იანვარსვე ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად ქალაქი ალმატა იქცა, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა მერიის, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტი დაიკავეს. „რადიო თავისუფლების“ ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, 5 და 6 იანვარს ალმატში მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების გარდა, მოროდიორობის - სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დარბევისა და დაწვის ფაქტებიც იყო.

6 იანვარს ალმატში,  ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო. პრეზიდენტმა თოყაევმა განაცხადა, რომ მასობრივ არეულობას აწყობენ ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებმაც მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ.

7 იანვარს, ტოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეტში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა. ამავე მიმართვის საფუძველზე, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის „სამშვიდობო კონტინგენტი“ განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის მთავარი აქტორი რუსეთია. მოკლედ, რუსეთმა ყაზახეთში დესანტი გადასხა და გავრცელებული ცნობით, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებსა და სხვა საგარეო საკითხებზე „ვერსია“ პოლიტიკურ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

 - ქალბატონო ხათუნა, თქვენი აზრით, ყაზახეთში მასობრივი გამოსვლების მაპროვოცირებელი რა გახდა - სოციალური პრობლემები თუ სხვა ძალა, რომელსაც მოვლენების ასე განვითარება აწყობდა?

- საბაბი თუნდაც სოციალური პრობლემები რომ ყოფილიყო, პროცესები ისე განვითარდა, რომ აშკარაა, ამით ვიღაცებმა ისარგებლეს. რაც ყველაზე რეალურ ვერსიად ჩანს, ისაა, რომ პროტესტს დაერთო კლანებს შორის ბრძოლა. ყაზახეთის დღევანდელი პრეზიდენტი თოყაევი, ამ მოვლენებამდე (ჩვენი მკითხველისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს), ყაზახი „მედვედევი“ ანუ რეალური მმართველის, ნაზარბაევის მიერ „დანიშნული“ პრეზიდენტი იყო. ნაზარბაევი კი, კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა და ძალოვანი სამინისტროები მას ემორჩილებოდნენ. ამ მოვლენების დაწყებიდან მალევე, თოყაევმა ნაზარბაევი გადააყენა და ეს თანამდებობა თავად შეითავსა. მეორე მხრივ, გადააყენა და დააკავა ნაზარბაევის ძმისშვილი, სამაატ აბაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერალი და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი ძმა, კაირატ სატუბალდი ყაზახეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია - მილიარდერი, რომელიც კარგა ხანია, „თალიბანთან“ ახლო კავშირებითაა ცნობილი. როგორც ახლა ინფორმაცია ჟონავს, დაკავებული გენერლის ძმას მთებში ადგილობრივი რადიკალური ისლამის მიმდევართა საწვრთნელი ბანაკები ჰქონდა. ამ ბანაკების არსებობას ნაზარბაევის უკვე ყოფილი თანაშემწე ადასტურებს, რომელიც ამბობს, რომ საქმე სახელმწიფო ღალატთან გვაქვს, რადგან მთებში ტერორისტების მომზადების ბანაკები იყო და ამის თაობაზე ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი დუმდა. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ერთი ძმა, რომელიც ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხელს აფარებდა მეორე ძმას, ვის სახელსაც საწვრთნელი ბანაკები დაუკავშირდა.

რაც შეეხება გამოსვლებს, პროტესტი მთელ ყაზახეთს მოედო, მაგრამ ძალისმიერ ჯანყსა და ვანდალიზმს ადგილი, ძირითადად, ალმატში ჰქონდა, რასაც ყოფილი კრიმინალი კურირებდა, რომელიც აღნიშნულ ძმებთან კავშირში შეიმჩნეოდა.

შესაბამისად, როდესაც თოყაევმა ალმატში წესრიგის აღდგენის ბრძანება გასცა, უშიშროება და ჯარი არ დაემორჩილა.

ასევე, საინტერესოა, რომ ალმატში, პირველი პროტესტის მონაწილეების უმეტესობამ ვანდალურ პროცესებში მონაწილეობა არ მიიღეს.

- ამ პროცესებში ძალიან საინტერესოა ყაზახეთის არაფორმალურ მმართველად მიჩნეული ნურსულთან ნაზარბაევის როლი...

- დიახ, მას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, არადა, ფაქტობრივად, ძმისშვილები თავად გაზარდა, რადგან მათ მამა ადრე გარდაეცვალათ. საინტერესოა, ეს რეალურად ნაზარბაევისა და მისი ძმისშვილების ერთობლივი ოპერაციაა, თუ არა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პროცესებამდე, ნაზარბაევსა და მის ძმისშვილებს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს ვერსია ლოგიკური ჩანს, რადგან ნაზარბაევმა, რუსეთის ფრთის ქვეშ, ყველაფერი გააკეთა ყაზახეთის საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების ასაგორებლად და მისი რაციონალური თვისებებიდან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ყაზახეთში „თალიბანისა“ და რადიკალური ისლამის გაძლიერების  მომხრე ყოფილიყო.

ასე რომ, როგორც ჩანს, უზარმაზარი რესურსის მქონე და ადგილობრივ სტრუქტურებში ფესვგადგმული ძმები ნაზარბაევსაც დაუპირისპირდნენ. ამ ფონზე, თოყაევმა რუსეთი მოიხმო, რადგან ძალოვან სამინისტროებზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა...

- თოყაევის თხოვნის შემდეგ, რუსეთმა ყაზახეთში მნიშვნელოვანი რაოდენობის დესანტი გადასხა. ამ ფონზე, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?

- აღნიშნული მოლაპარაკების მიხედვით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისგან ანუ ე.წ. ოდეკაბესგან, რომელიც რუსეთის სახეზე, რეალურად, „ფერუმარილია“, 3 700 ჯარისკაცი უნდა შესულიყო. ასეც მოხდა - „ოდეკაბეს“ ეგიდით, ყაზახეთში, რუსეთის ჯარი შევიდა.

ვრცელდება ინფორმაცია და რუსეთის მხარეც აცხადებს, რომ გრძელდება ყაზახეთში საჯარისო ფორმირებების შეყვანა ანუ 3 700 კი არა, გაცილებით მეტი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობის ტექნიკა იქნება შეყვანილი.

საერთოდ, ყაზახეთი წიაღისეულით ძალიან მდიდარია და რუსეთის ჯარმა უკვე აიღო კონტროლი ამ მდიდარ რეგიონებზე. მნიშვნელოვანია რუსეთის პატრიარქის განცხადებაც, სადაც ის ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილს რუსეთის ტერიტორიებს უწოდებს და დუმის დეპუტატებიც საუბრობენ „სამართლიანობის აღდგენაზე“, რაც ყაზახეთის, მათი გაგებით, რუსული მიწების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავს.

პუტინის პრესმდივანმა, დაახასიათა რა, თოყაევისა და პუტინის საუბრის შინაარსი, განაცხადა, ორი პრეზიდენტი საერთო ძალებით დაამარცხებენ საერთაშორისო ტერორიზმსო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია.

- ასევე, მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესები ყაზახეთშიც...

- დიახ, ყაზახეთისა და ზოგადად, შუა აზიის მიმართ, ჩინეთის ინტერესი ძალიან დიდია და ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პრეზიდენტმა უკიდურესად საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ, თოყაევს ბანდფორმირერებსა და ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა ანუ ფაქტობრივად, მიემხრო ფორმულირებას, რომ იქ საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვიან. რუსეთის ჯარისთვის საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლის სტატუსის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ახლა აშშ-სა და რუსეთს შორის იმართება.

ასევე, საინტერესოა, რომ ამავე განცხადებაში, ჩინეთის პრეზიდენტმა, რატომღაც  ჩინეთისა და ყაზახეთის ურთიერთობების გაუარესების მცდელობა, ყაზახეთში მიმდინარე არეულობასთან დააკავშირა. როგორც ჩანს, იქ არეულობა, ან რუსეთის ჯარების შეყვანა ყაზახეთისა და ჩინეთის ურთიერთობასაც უთხრიდა ძირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა საკუთარი მუსულმანი მოსახლეობა - იუღურებია და თუ ყაზახეთში „თალიბანის“ მომხრეები მართლაც მონაწილეობდნენ ალმატის არეულობებში, მაშინ გასაგებია ჩინეთის პროზიცია, რომ მეზობლად რადიკალური ისლამის სახელმწიფო არ აწყობს, თუმცა ჩინეთს არც რუსეთის სამხედრო ძალების შესვლა აწყობს ყაზახეთში და არც აპირებს, რომ რუსეთს შუა აზია უპირობოდ დაუთმოს.

ჩინეთს, რუსეთის მსგავსად, აქვს „შლეიფი“ ორგანიზაცია - „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომელიც აერთიანებს რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ ორგანიზაციას ჰყავს ანტიტერორისტული დანაყოფი, რომელმაც შესთავაზა თოყაევს დახმარება ტერორისტებთან ბრძოლაში. ეს მაგონებს თურქეთის მცდელობას, ჩაედგა „სამხედრო ფეხი“, ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანში - სამხედროების მონიტორინგის მისიის გაგზავნით.

მოკლედ, ჩინეთმა სცადა, რომ ყაზახეთში მისი სამხედროებიც ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. ასე რომ, სულ მცირე, ჩინეთისთვის აღნიშნული პროცესები შეშფოთების ობიექტია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ყაზახეთში რუსეთი მარტო არ დატოვოს.

ამ გიგანტების ფონზე, თურქეთი ყაზახეთში უფრო მოკრძალებულია, მაგრამ თურქეთი თურანული ქვეყნების გაერთიანებაში ყაზახეთს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს და უახლოეს მომავალში, დაგეგმილია თურანული ქვეყნების ხელმძღვანელების შეხვედრა ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით.

- აშშ-სა და ნატო-ს განცხადებები რუსეთის მიმართ მკვეთრად გამკაცრდა. რა როლი აქვს ყაზახეთის მოვლენების განვითარებაში დასავლეთს?

- დასავლეთს ყაზახეთის საბადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელში უჭირავს და უდიდესი ნავთობკომპანიები ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპულ ენერგოსაწარმოებს ეკუთვნის. ეკონომიკურად დასავლეთის მონაწილეობა გაცილებით დიდია ყაზახეთში, ვიდრე - რუსეთისა და ჩინეთის, თუმცა თუ რუსეთმა თოყაევი აიძულა, რომ საბადოების ნაციონალიზაცია განახორციელოს, ეს მარტივად ვერ მოხდება, რადგან ეს პირდაპირ, დასავლეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებზე დარტყმა იქნება, მაგრამ დასვალეთის შანტაჟისთვის ეს თემა რუსეთმა, შეიძლება, მაინც გამოიყენოს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის აშშ-ნატოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებში, რუსეთი ფისქოლოგიური უპირატესობით წარსდგება და მოითხოვს ლეგიტიმაციას, რომ ყაზახეთსა და ზოგადად, შუა აზიაში, საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლია.

- მოკლედ, კარგი საბაბი აქვს რუსეთს, რომ შუა აზიაში გავლენები გაიძლიეროს, არა?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი მხრივ, ჩინეთი ეცდება, წინ აღუდგეს რუსეთის გავლენებს და მეორე მხრივ, ალბათ, მოუწევს დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებაც, თუმცა პუტინის ხასიათიდან გამომდინარე, სანამ რამეს შეეგუება, მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს შანტაჟისა და ვაჭრობისთვის გამოიყენოს.

ერთი რამ ცხადია: რუსეთს დასავლეთზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი გაუჩნდა.

- 12 იანვარს, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთსა და ნატო- წევრებს შორის. საქართველოს ინტერესი ამ შეხვედრის მიმართ გამძაფრებულია, რადგან ვიცით, რომ ბოლო დროს, რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს, ნატო-მ არ გააფართოვოს არეალი აღმოსავლეთის მიმართულებით. რა მოლოდინი გაქვთ საქართველოს ნატოში გაწვრიანების თვალსაზრისით?

- ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი დასავლეთის პოზიციის მიმართ, ობამას პრეზიდენტობის დროიდან, აშშ-ის პოზიციების განუხრელი დათმობის გამო. ბოლო ათწლეულის მანძილზე, აშშ ლამის ყველა მიმართულებით თმობდა პოზიციებს, მაგრამ ბოლო დღეებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განცხადება ზემკვეთრი აღმოჩნდა და ობამას პრეზიდენტობის შემდეგ, ძნელად მახსენდება აშშ-ის ოფიციალური პირის ასეთი ხისტი ბრალდებები რუსეთის მიმართ. მან განაცხადა, რომ რუსეთისთვისაც უმჯობესია, დიპლომატიური გზით მოგვარდეს ეს დაპირისპირება, მაგრამ თუკი დააპირებს უკრაინაში ძალისმიერ შესვლას, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართო.

ამავე ტონალობისაა იენს სტოლტენბერგის განცხადებაც, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად, ნატო-ს უკვე  მომზადებული აქვს თავდაცვის პაქტი, რუსეთთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის. ეს ეპოქალური განცხადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს უკვე მზადყოფნა აქვს გამოცხადებული იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი თავისი მუქარის განხორციელებას დაიწყებს და სამხედრო ძალით უკრაინას შეუტევს.

ახლახან, საქართველოში, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება:

„ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში, თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ... გასული ოცი წლის განმავლობაში, რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში...  შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან“ ანუ რუსეთმა იმდენი ქნა, რომ საქართველო დააბრუნა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში.

- ბაიდენისა და პუტინის საუბრის შემდეგ აშშ-ის მხარის განცხადებები შედარებით რბილი იყო და პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინაში ჯარს არ შეიყვანდნენ. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა და ამ მოკლე ხანში, რატომ გაამკაცრა პოზიცია დასავლეთმა რუსეთის მიმართულებით?

- უკრაინაში ჯარების შეყვანაზე საუბარი არც ახლაა, საუბარი იმაზეა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს ესაუბროს სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასა და კონტროლზე. ბაიდენისა და პუტინის შეხედრის შემდეგ, ტონი მკვეთრი იმიტომ არ იყო, რომ პრეზიდენტები საბოლოო ინსტანციაა და დიალოგისთვის სივრცე უნდა დარჩენილიყო. ამიტომაც ახლა მოლაპარაკებები დაიწყება აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებებს შორის და ჩანს, რომ დასავლეთი თან ტოვებს მოლაპარაკებისთვის სივრცეს, თან სამხედრო მზადყოფნაც აქვს გამოცხადებული. როგორი იქნება ეს ნაბიჯები - დამატებითი შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, ნატოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება თუ სხვა რამ, ამას მხოლოდ მას შემდეგ ვიხილავთ, თუ რუსეთი გადადგამს აგრესიულ ნაბიჯებს უკრაინის მიმართულებით.

საქართველოსთვის დამაიმედებელი ისაა, რომ აშშ და ნატო კატეგორიულად გამორიცხავს ულტიმატუმის იმ მუხლებზე დიალოგს, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმას. ჩვენთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოსთვის არამცთუ დასავლური პერსპექტივა არ ჩაიკეტა, არამედ, დიდი ალბათობით, ბრუნდება დიდი პოლიტიკის დღის წესრიგში.

- ექსპერტთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა რუსეთი აგრესიულად აქტიურობს, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება შეწყდეს და მიღებულ იქნას ზეპარტიული გადაწყვეტილება საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ ამ განცხადებას?

- ბუნებრივია, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ  პასუხისმგებლობა გამოიჩიოს პოლიტიკაში მონაწილე ყველა მხარემ, როცა ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დგას. კარგი იქნება, რომ პრეზიდენტის ინიციატივა შეთანხმების შესახებ, სწორედ ამ თემაზე კონცენტრირდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტს საექსპერტო საზოგადოების მხარდაჭერაც ექნება, თუ შერიგების ინიციატივის ღერძად ამ საკითხს აქცევს. ამაზე მეტად მნიშვენლოვანი და გამაერთიანებელი რაღა უნდა იყოს, როცა ქვეყანა ასეთი საფრთხისა და იმავდროულად, ასეთი პერსპეტივის წინაშე დგას?! ამას მხოლოდ ექსპერტები კი არ უნდა აკეთებდნენ, ამ ტიპის განცხადება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კარგა ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა და ნატო-ს ქვეყნების ხელმძღვანელების მაგიდაზე დებულიყო.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ამ მიმართილებით გაააქტიურებს ძალისხმევას, რადგან ვიღაც ხომ უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანი პროცესის ინიციატორი? - მან ხომ აიღო პასუხისმგებლობა საყოველთაო შერიგებაზე და ამა პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს საქართველოს საერთაშორისო ფუნქციისა და როლის თაობაზე საერთო-ეროვნული პოზიციის ჩამოყალიბება.