არჩილ გამზარდია: „ეს ნერვების ომია!“

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რატომ მოიქცა ნიკა მელია გონივრულად და დააყენებეს თუ არა საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შუამდგომლობას

 თათია გოჩაძე

 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური მოცემულობა ასეთია - დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი უკვე მე-40 დღეა, შიმშილობს. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას ითხოვდა, 8 ნოემბერს, გლდანის მე-8 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაციონალური მოძრაობის პროტესტი კი ქუჩაში ინაცვლებს და პარტიაში აცხადებენ, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილის უფლებები დაცული არ იქნება. რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური ჩიხიდან და როგორ განვითარდება  მოვლენები? - „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

 - ზოგადად, არსებობს ასეთი ცნება - „ძალაუფლების ავტორიტეტი“ და როდესაც ის შელახულია, ლეგიტიმაციის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. ახლა ქვეყანაში ხელისუფლების რეპუტაცია დაბალ ნიშნულზეა, მათ შორის, თავის მომხრეებშიც, უბრალოდ, ისინი სხვა ამოსავალი წერტილიდან ამოდიან და ეს წინა ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაა, რის გამოც ხელისუფლებას  გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა ჰყავს. ამიტომ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებას უდგას მორალური ავტორიტეტისა და რეპუტაციის პრობლემა, რის გამოც ყველა ის აქტი, რაც მისი მხრიდან ხორციელდება, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი ხდება. აქ უკვე სააკაშვილის ფაქტორი გარდამტეხია, რადგან ბოლო წლებში, რაც კი კრიტიკულ მასას ჰქონდა, ეს იყო ნაკლები ექსპრესია იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო სხვა ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა. მართალია, პროცესებში აქაც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ორგანული ბმა არ ჰქონდა. ამ დროს კი ნაციონალურ მოძრაობაში გამოიკვეთა ლიდერი, რომელმაც საკუთარ მხრებზე გადაიტანა „ქართული ოცნების“ სასამართლო, პროკურატურა, სამართალდევნა და ა.შ. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მორალური ლიმიტი, შეიძლება, რყევის ქვეშ აღმოჩენილიყო გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომაც ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყანაში პირდაპირ ჩაერთოს პროცესებში. ხელისუფლებას კი აქვს პიროვნული ფაქტორი სააკაშვილთან მიმართებაში, რის გამოც საოცრად გაუგებარ ნაბიჯებს დგამს.

- რას გულისხმობთ?

- თუკი „ქართული ოცნება“  სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ სამართლიანობის გარანტი და პიროვნული სიძულვილისგან შორს ყოფილიყო (გავიხსენოთ 2012 წლის დეკლარირებული დამოკიდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან), ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მმართველი ძალა მოქმედებს სუბიექტური დამოკიდებულებებით იმიტომ, რომ იქ არის თემები, რომლებიც უფრო კარგად რომ გაეშალათ საზოგადოებისთვის, შეიძლება, რაღაც ნაწილს უფრო მეტი ლოიალობა შერჩენოდა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პროცესი გაუმჭვირვალე და მუდმივად ურთიერთწინააღმდეგობრივია - დაწყებული იქიდან, როგორი იყო მისი მდგომარეობა ციხეში; რამდენად შეესაბამებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ რეალობას, რაც ვრცელდებოდა; მისი პირადი ინფორმაციის გავრცელება, რაც ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში უნდა იყოს დაცული, ადამიანებს უფლებები გააჩნიათ საპატიმროებშიც! ამის შემდეგ, ისევ გაუგებარი მითებისკენ სწრაფვა... გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ მითები ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, თუ როგორ აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ტექსტი დროდადრო იჩენდა ხოლმე თავს, თუმცა არაფრით გამაგრებულა, არ უჩვენებიათ ამის წინაპირობები. სამაგიეროდ, მუდმივად მითოსური სისტემა იყო, რომ ადამიანების ემოციებზე ემუშავათ და ამით უფრო შემოეხვეჭათ ძალაუფლება. ახლაც, თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ითხოვს მოცემულობას, რომ გადასულიყო მრავალპროფილურ კლინიკაში, რა არგუმენტიც ხელისუფლებამ დადო, რომ იქ დაუცველი იქნებოდა, ეს არგუმენტი არ არის. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს და კიდევ უფრო გაუგებარია ეს არგუმენტი. თუკი „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთივე პატიმარია, როგორც სხვა დანარჩენი და თუ სხვა დანარჩენს შეუძლია, მიიღოს ჯანდაცვის შესაბამისი მომსახურება, იგივე რატომ არ შეიძლება სააკაშვილისთვის ანუ ჩანს, რომ სპეციფიკურად უდგებიან მის თემას.

ამავდროულად, „ქართული ოცნება“ სარგებლობს იმით, რომ ოპოზიციის მიმართ, ჯერჯერობით, საკმარისი საზოგადოებრივი სოლიდარობა არ არის და არც საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩართულნი ამ პროცესში. მაგალითად, თუ გავიხსენებთ მელიას შემთხვევას, როცა ის დაიჭირეს, მაშინ აქტიურად მოჰყვა კამპანია საქართველოს პარტნიორებისგან, მაგრამ სააკაშვილთან მიმართებაში უფრო ფრთხილად იქცევიან. ამით „ქართული ოცნების“ ლოგიკა გაუგებარია, ერთადერთი, მხოლოდ პიროვნული ფაქტორი ჩანს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. როცა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე ხარ, თავისთავად, სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ადამიანს სამართლიანი სასჯელი მისცეს და დაიცვას პიროვნული შურისგებისგან - ანარქია რომ არ იყოს ქვეყანაში და ადამიანები პიროვნულად არ ექცეოდნენ ისე, როგორც საჭიროდ თვლიან და ვთანხმდებით, რომ რაღაც წესები არსებობს. „ქართული ოცნება“ კი აქ არტყამს ყველაზე მეტად, რის გამოც პროცესი კრიზისშია, ოღონდ უცნაური ისაა, რომ კრიზისს ხელისუფლებას ოპონენტები უქმნიან ხოლმე, ამ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ ინსპირანცია თავად ხელისუფლებისგან მოდის მაშინ, როცა შეიძლებოდა, უფრო მარტივად დაელაგებინათ პროცესი, მეტი გამჭვირვალობა შეექმნათ, რიტორიკაც შესაბამისი ყოფილიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“, რატომრაც, ამ კრიზისის შექმნა უნდა.

- არჩილ, სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს და მმართველი ძალაც მისი სურვილის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, რაც მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ეხება... რამდენადაა საფრთხე, რომ გართულდეს ვითარება და, საერთოდ, სადაა გამოსავალი?

- გამოსავლის კონსტრუქცია რთული არაა. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები იყოს დაცული და ხელისუფლება იყოს თანმიმდევრული. ზოგადად, როცა ადამიანი პატიმრობაშია, მის მიმართ დამოკიდებულება შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იყოს ლოიალური. ეს თანამედროვე ცივილიზაციის მიგნებაა, ადამიანს პატიმრობას იმიტომ უსჯიან, რომ თავისი დანაშაული გამოისყიდოს.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის დამნაშავეობის მიმართ, არსებობს ორგვარი კითხვა - ერთი, როცა მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ეს დანაშაულები დანაშაული არ არის და შესაბამისად, სააკაშვილის დამნაშავეობა საკმარისად არ იკვეთება, რაც სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვტოს და მეორე, მისი მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ძალიან რბილი მუხლებია იმასთან შედარებით, რასაც ისინი ითხოვენ ანუ საერთო ჯამში, რა მუხლებითაც ის გაასამართლეს, არავინ კმაყოფილი არაა. ამას გარდა, სადავო არ უნდა იყოს, რომ ძალით ციხის კლინიკაში გადაყვანა არ შეიძლება; რომ სასამართლო უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, სააკაშვილის შემთხვევაში და ეს არ უნდა ჩატარდეს ციხის საკანში, არამედ, უნდა იყოს სრულფასოვნად განხორციელბული სასამართლო.

საფეხურეობრივად რომ მივყვეთ, ქარიშხალი „ქართულმა ოცნებამ“ არაფრიდან ატეხა. მას შეეძლო, მეტი ჩართულობით, სააკაშვილისადმი ბრალდების მტკიცების პროცესი უფრო ღია და გამჭვრივალე გაეხადა, მით უმეტეს, თუ თვლის, რომ ის არის მართალი და დაეცვა სააკაშვილის უფლებები. ჩიხიდან გამოსავალიც აქაა, უბრალოდ, ეს ძალიან თეორიულია, მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, ხელისუფლებას ეს განზრახვა არ გააჩნია.

საქართველოს არ აქვს პირველი პირების სამართალდევნის გამოცდილება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ამ მხრივ, ეს გარკვეულ ექსკლუზიურობას მოითხოვს იმიტომ, რომ იმ კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც პრეზიდენტი დიდი ძალაუფლების მქონე პირი იყო, ვიცით, სულ სამი პრეზიდენტი - გამსახურდიასა და შევარდნაძის შემთხვევებში გასაგებია, რაც მოხდა და ერთადერთი, სააკაშვილია ამ კუთხით, რადგან შემდეგი ორი პრეზიდენტი, ამ მხრივ, სრულიად სხვა საკონსტიტუციო მოცემულობაში არიან ანუ ქვეყანა, რომელიც ფეხს დგამს დემოკრატიისკენ და მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრი უნდა იყოს, სხვა მიდგომით უნდა მოქმედებდეს. გადავხედოთ სხვა შემთხვევებს, ყოველთვის არის ადეკვატური დევნა, ციხეში ძალიან იშვიათად მიჰყავთ ცივილიზებული სახელმწიფოს ლიდერები, თუ იქ არ არის ძალიან მკაფიო მოცემულობა და ყველა კითხვაზე პასუხი. ამიტომ, გამოსავალი არის ეს და შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შექმნას სტანდარტი, რომელიც ადრე თუ გვიან, როცა შეიცვლებიან, მასვე მოემსახურება. დავაკვირდეთ, ისტორია როგორ მეორდება, ყველა ხელისუფალი, რომელიც უსამართლოდ ეპყრობოდა პროცესებს, თავად გახდა თავისივე შექმნილი სისტემის მსხვერპლი და ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც უნდა გაითვალისწინონ! ყველაფერი ეს კი სტრუქტურირების თვალსაზრისით, არ არის რთული, ლაპარაკია იმაზე, რომ იპოვონ კლინიკა, რომლის დაცვაც მარტივადაა შესაძლებელი, რათა სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა; გახადონ სასამართლო გამჭვირვალე და ადამიანებმა თავად გააკეთონ დასკვნა, იქნებ უდანაშაულოა, ან უფრო დამნაშავეა... ანუ ამ ჩიხიდან გამოსავალი მარტივია, თუ ხელისუფლებას აქვს კეთილგონიერება.

- მნიშვნელოვანია ოპოზიციის სტრატეგია. გუშინდელი აქციის შემდეგ, ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მელიამ განგებ დაშალა აქცია, როცა კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდა... როგორ უნდა განავითაროს ოპოზიციამ პროტესტი ისე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს?

- მელია მოიქცა ძალიან გონივრულად და პოლიტიკური ლიდერის ქცევით. ის, რაც გუშინ მოხდა, აშკარად იყო გამიზნული ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისადმი პროვოკაციაზე. ემოციებზე მიმართეს, როგორია, რომ აღმოაჩენ, ჯერ ადამიანი ციხეში არაა, მერე ვერ იგებ, სად არის და შემდეგ აღმოაჩენ, რომ იძულების წესით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში?! ყველაფერი ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ იქნებ, ოპოზიციის ლიდერებისა და ხალხისთვისაც ნერვებს ემტყუნა და მძლავრი აქტიური ქმედებები, უკუკავშირი დაემყარებინათ, რაშიც, თუკი ამ ექსპრესიას ადამიანი აჰყვებოდა, შეიძლება, გაჩენილიყო საფუძველი პოლიტიკური ლიდერების სამართალდევნის კუთხით და ასევე, მასობრივი დაპტიმრებებისთვის... იმისთვისაც, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საშუალება მისცემოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ნიკა მელია გონივრულად მოიქცა და ამ პროვოკაციას პოლიტიკური ქცევა დაუპირისპირა, მიხვდა, რომ ასე მყისიერად მსგავსი პროცესები არ იცვლება და ხალხის მასა, რომელიც შეიძლება რაღაცისკენ წავიდეს...

- ანუ, მელიას დაუდგა საფრთხე, რომ შესაძლო იყო, პროცესები ვერ ემართა და ასე ამიტომაც მოიქცა?

- რა თქმა უნდა, როცა ემოციებზე მოქმედებენ და თან, როცა ლიდერები უბიძგებენ ამისკენ, სხვა მოცემულობა ჩნდება. რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, მასაც რთული ამოცანა აქვს და აქაც ნერვების ომია იმიტომ, რომ ოპოზიციას სჭირდება, როგორც შიდასოლიდარობის გამოწვევა თანამოქალქეების იმ ნაწილში, რომლებიც ამ პროცესს კრიტიკულად უყურებენ, ან სააკაშვილისადმი პირადი დამოკიდებულების გამო თვლიან, რომ შურისძიება პოლიტიკურ პროცესში ნორმალური პროცესია. შიდასოლიდარობასთან ერთად, გამოსაწვევია გარესოლიდარობაც, ამიტომ სინამდვილეში, კრიტიკულ მოქალაქეებს სჭირდებათ ფრთხილი და თანმიმდევრული ბრძოლა, რათა პარტნიორებში, მოქალაქეებში გამოიწვიონ სოლიდარობა, რადგან მხოლოდ ამ გარე და შიდა სოლიდარობის გაზრდის შედეგად შეიძლება, ხელისუფლებაზე ზემოქმებდება ისე, რომ საკონსტიტუციო ჩარჩოებს არ გადავიდეს ხალხი. იმპულსური ქცევა ასეთ საკითხებს არასდროს წყვეტს და არ მთავრდება ნორმალური შედეგით, ამის ნაცვლად, უნდა იყოს გონივრული ნაბიჯები და არა - ემოციური.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის შეწყალების შუამდგომლობას საპატრიარქო ხომ არ დააყენებს?

- შეიძლება, შუამდგომლობა დააყენოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილს ხშირად აქვს საკუთარი პოზიციები და რასაც თვლის საჭიროდ, იმას აკეთებს, მათ შორის, ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქის პოზიციასთან არ ჰქონია თანხვედრა და მოქცეულა ისე, როგორც თავად ჩაუთვლია საჭიროდ, თუმცა შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ოპოზიციურ სულისკვეთებას ანუ პატრიარქის ერთგვარი მხარდაჭერა... სასურველიც იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება. გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, რომ სააკაშვილი შედარებით ყოჩაღადაა, მაგრამ ნივთიერებებითა და გადასხმებით შენარჩუნებული ჯანმრთელობა გრძელვადიანი არაა. სააკაშვილი თუ უფრო მძიმე შიმშილობას გამოაცხადებს, საფრთხე უფრო მოახლოვდება. ვიდრე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დროც იქამდეა და არ დაგვავიწყდეს, რომ შიმშილობს ელენე ხოშტარიაც, რომელმაც თავიდანვე ძალიან მძიმედ დაიწყო შიმშილობა და მისი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მძიმეა ამ წუთისთვის. არის კიდევ რამდენიმე მოხალისე, რომლებიც შიმშილობენ, როგორც ვიცი და რომლებსაც შეიძლება, დაუმძიმდეთ მდგომარეობა. ეს ყველაფერი ქმნის სურათს, სანამ ამ ყველაფერს სასიცოცხლო სტატუსი შეეცვლება, ამიტომ ეს რთული თემაა, მაგრამ როცა ხელისუფლებაც პროვოცირებს, ოპოზიციამ მაინც უნდა უპასუხოს გონივრული ნაბიჯებით.