„ენმ-ს შიდა დაპირისპირებაში მიშამ გაიმარჯვა!“ - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 „ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის!“

 თათია გოჩაძე

 არჩევნების მეორე ტურში, წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და თემში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც აბსოლუტურ უმრავლესობას ინარჩუნებს. ოპოზიცია კი არჩევნების შედეგს არ აღიარებს და აპირებს „ბრძოლას ბოლომდე“. ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველზე 31 ოქტომბერს აქციაც გამართეს და 7 ნოემბრისთვის მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია დააანონსეს,  თუმცა აქციის თარიღი მალევე 6 ნოემბრით შეცვალეს. ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ რატომ არ აირჩია ნაციონალურმა მოძრაობამ აქციის თარიღად 7 ნოემბერი, მაგრამ ეს ცალკე სამსჯელო თემაა... „ვერსია“ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო გია, არჩევნების მეორე ტურს როგორ აფასებთ?

- არაფერი იცვლება - სამწუხაროდ, საქმე ისევ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს, რაც ამ ხელისუფლების მოგონილი არაა, წინა ხელისუფლებაც იგივე მანკიერ მეთოდებს იყენებდა. ამ ხელისუფლებამ კი იგივე „მამაძაღლობა“ ისწავლა, როგორც შეუძლია, „მამაძაღლობს“ და ამაში საკმაოდ დიდ რესურსს დებს. ყველაფერ ამას ახალი „ფერებიც“ დაამატა - „ძველი ბიჭები“ დააყენა დამკვირვებლებად არჩევნებზე, რაც სახელმწიფოს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ ძვირი დაუჯდება. აი, ამ სევდიან სურათს ვუყურებთ. მიუხედავად ამისა, დამარცხების ზღვარზე გაიარა პარტიასთან, რომელსაც დამნაშავედ აცხადებს და 9 წელია, ამთავრებს. ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს, ფაქტობრივად, უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ სულ იზრდება და იზრდება... საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ როგორც თავად ამბობენ, დამნაშავე პარტიას ძლივს მოუგეს არჩევნები.

- ახლა მნიშვნელოვანია, რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია...

- ფაქტია, რომ რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში არ არის, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - რევოლუცია მაშინ ხდება, როცა ერთ მხარეს სტერილური ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი კონსოლიდირებული ხალხი, თავის პოლიტიკურ ერთეულთან ერთად. სინამდვილეში, ახლა ეს სიტუაცია არ არის. კი ბატონო, ხალხის ნაწილი ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, თუმცა მის თვალში ის პოლიტიკური ცენტრიც კომპრომეტირებულია და არ აპირებს, მას გაჰყვეს. შესაბამისად, ის კრიტიკული მოცემულობა, როცა რევოლუციის წინაპირობა იქმნება, არ არსებობს და ტყუილად ნუ შექმნიან ისეთ მოლოდინს, რაც უდავოდ, იმედგაცრუებით დასრულდება - ეს კი  არაერთხელ მომხდარა. თუ აქციებს იმ მიზნით ატარებ, რომ დილას დაიწყო და საღამოს დაამთავრო, ასე არაფერი მოხდება. გასაგებია, რომ პროტესტი უნდა იყოს და ნამდვილადაა საპროტესტო, რადგან ხელისუფლებამ ყველა „მამაძაღლობა“ გამოიყენა და ამას არჩევნები არ ჰქვია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს აქციები უნდა იყოს არა იმისთვის, რომ „მოდი, ხელისუფლება დავამთავროთ“, არამედ იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო, რათა შემდგომი არჩევნები კონკურენტულ, ნორმალურ და ცივილიზებულ ვითარებაში ჩატარდეს.

- ბატონო გია, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს დღევანდელ პოლიტიკურ „ფაზლში“?

- ვფიქრობ, ოპოზიციამ მხოლოდ წააგო... ისევე, როგორც არაერთხელ უთამაშია, ხელისუფლების სასარგებლოდ ითამაშა სააკაშვილმა. არ ვამბობ, რომ შეგნებულად, მაგრამ ასე მოხდა. კი ბატონო, შეიძლება, თავისი პარტია გააძლიერა და სამობილიზაციო მუხტი გაზარდა, მაგრამ მისმა ამ ვოიაჟმა დანარჩენი ოპოზიცია დააზარალა.

- მათ შორის, გახარიაც, არა?

- დიახ, ოპოზიციამ, ჯამურად, 5-7%-ით წააგო და ეს რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას 43%-იანი ბარიერი დაეძლია.  რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის ვოიაჟი, მაღალი ალბათობით, ხელისუფლება, „მამაძაღლობის“ მიუხედავად, ამ ბარიერს ვერ გადალახავდა და შესაბამისად, ვიქნებოდით სრულიად სხვა პოლიტიკურ რეალობაში, მაგრამ როგორც დამახასიათებელია, „შუას გაკრეფის“ პრინციპით განვითარდა მოვლენები. დღესაც დილა მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით იწყება და საღამოს მისი ადვოკატების ბრიფინგებით მთავრდება ანუ ქვეყანაში პოზიტიური დღის წესრიგი არ იქმნება, რითაც ძალიან ოსტატურად სარგებლობს ხელისუფლება.

- როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია?

- გასაგებია, პროტესტს უნდა გამოხატავდნენ, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს არა ხელისუფლების მეყვსეულად დასრულების მიზნით, არამედ, იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ქვეყანაში სააარჩევნო „მამაძაღლობები“.

- ზოგი ფიქრობს, რომ ენმ მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა საკმარისს არ აკეთებს...

- ოპოზიციამ უნდა მოითხოვოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტიები. მხოლოდ ოპოზიცია კი არა, ამას ჩვენც უნდა ვითხოვდეთ, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა სააკაშვილის მიმართ. ალბათ, იცით, რომ ვიღაცებისგან განსხვავებით, ნამდვილად მქონდა პრობლემები მასთან ურთიერთობაში, მაგრამ მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, რა თქმა უნდა, გული შემტკივა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს... ღმერთმა არ ქნას, მართლაც, რამე მოხდეს და, ჯერჯერობით, ხელისუფლება ძალიან მყიფე ყინულზე დადის ამ მხრივ. ჩვენ გვესმის მხოლოდ ქილიკი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რაც უნდა თაღლითი იყოს მიხეილ სააკაშვილი, ადამიანია და ადამიანური ორგანიზმი აქვს. შესაბამისად, ნებისმიერ წუთს შეიძლება, ნებისმიერი რამ მოხდეს. მერე სად მიდიან, რამე რომ მოუვიდეს?..

- რამე რომ მოუვიდეს, მერე რა მოხდება?

- ეს ხელისუფლება დასრულდება ისტორიულად. როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი, ცუდი, საზიზღარი ან თუნდაც, საშინელი და დამნაშავე ციხეში მოგიკვდეს იმიტომ, რომ მას შესაბამისი სამედიცინო  დახმარება არ აღმოუჩინე დროულად?! ამ ხელისუფლებას მორალური უფლება ექნება, რომ ამის შემდეგ მმართველობაში დარჩეს? მგონი, არა.

- ბატონო გია, ზოგი ნიკა მელიას ადანაშაულებს, რომ საკმარისს არ აკეთებს სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად...

- რა უნდა გააკეთოს მელიამ? კი ბატონო, ვხედავ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მელიას ძალიან უტევს „მიშისტების ფრთა“, მაგრამ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - რა უნდა გააკეთოს მელიამ და არ აკეთებს? - ავტომატი აიღოს, შევარდეს, გვირაბი გათხაროს, თუ რა უნდა გააკეთოს? თუ იციან, ასწავლონ... თუმცა, გასაგებია, რა ხდება - მელიას სტრატეგია საარჩევნოდ სწორი იყო...

- რას გულისხმობთ?

- მელია ბელადსა და მიშას ირგვლივ კი არ აშენებდა საარჩევნო პროცესს, არამედ, დიდ პარტიულ თანხმობაზე აგებდა სხვადასხვა პარტიას შორის. მზად იყო, დაეთმო ბევრი თანამდებობა, კოალიციაც გამოცხადდა, პოზიტიურ დღის წესრიგს აანონსებდნენ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ამ სურვილმა, რომ ის ყოფილიყო მოვლენების ცენტრში და მხოლოდ მასზე გველაპარაკა, ყველაფერი ეს გადახაზა. ამან დააფრთხო ამომრჩეველი, რომელსაც შეიძლება, ეს ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ არც მიშაზე ამოსდის მზე და მთვარე და შესაბამისად, ეს ხალხი დაიკარგა საარჩევნოდ. მიმაჩნია, რომ მელიას საარჩევნო სტრატეგია იყო სწორი, მიშასი კი - არასწორი, მაგრამ როგორც ყოველთვის, მიშამ ამ შიდადაპირისპირებაში გაიმარჯვა. თვითონ ხომ არ დაიბრალებს, შემეშალაო? ვინმეს ხომ უნდა გადააბრალოს და ახლა „მიშისტების ფრთა“ აბრალებს მელიას ანუ ის განტევების ვაცია მათთვის, თორემ რეალურად თქვან, რა უნდა გააკეთოს მელიამ იმაზე მეტი, რასაც აკეთებს მიშას დასახსნელად? - ეს თავადაც არ იციან.

- ისე, ბატონო გია, როგორ მოხდა, რომ 14 წლის შემდეგ, იმ „7 ნოემბრიდან“, ამ  „7 ნოემბრამდე“ მოვედით?

- სხვათა შორის, წიგნი მაქვს დაწერილი, რაც 7 ნოემბრის საკრალურ თარიღს უკავშირდება. ასე იმიტომ ხდება, რომ არჩევნები, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს ტარდება საქართველოში, იქიდან ერთი კვირა გადათვალეთ და ეგეც თქვენი 7 ნოემბერი! ასე რომ, აქ საკრალური არაფერია, უბრალოდ, კალენდრის თემაა და მეტი არაფერი...