„ვაგნერისა“ და ადგილობრივი ჟანდარმების კვალი ცარ-ში მომხდარი ჟურნალისტების მკვლელობაში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიზნესმენმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ და მის მიერ შექმნილმა ცენტრმა „დოსიემ“ ამ დღეებში წარმოადგინეს გამოძიების შედეგები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე. გამოძიების დასკვნის თანახმად, ორხან ჯემალის, ალექსანდრ რასტორგუევისა და კირილ რადჩენკოს დახოცვაში წვლილი მიუძღვით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ჟანდარმერიის თანამშრომლებს და რუსებს, რომლებიც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, ერთ-ერთ სტრუქტურაში მუშაობდენ.

ვინ უთვალთვალებდა ჟურნალისტებს ცარ-ში

 „რუსული კვალის“ შესახებ ვერსიები რუსი ჟურნალისტების მკვლელობის გახმაურების შემდეგ გაჩნდა დასავლურ და დამოუკიდებელ რუსულ გამოცემებში. ცენტრ „დოსიეს“ ჟურნალისტების გამოძიება ამ ვერსიას ამყარებს.

გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ მოიპოვეს ტელეფონის ბილინგი, რომელსაც ჟურნალისტების მიერ დაქირავებული მძღოლი, ბენვენიუ ნდუვოკამი, იყენებდა. გამგზავრების წინ მძღოლმა გაააქტიურა სხვა სახელზე გაფორმებული სიმ-ბარათი. შემოწმების შემდეგ მან ბარათი თავის ტელეფონში მოათავსა, რითაც, როგორც ცენტრ „დოსიეში“ აცხადებენ, შესაძლებელი გახდა მძღოლის მეორე ნომრისა და მისი ვინაობის დადგენა. მაგრამ მთავარ აღმოჩენად იქცა მძღოლის ზარები: იგი, სულ მცირე, 47-ჯერ დაუკავშირდა ცარ-ის ჟანდარმერიის მაღალი რანგის მოხელეს, ემანუელ კოტოფიოს. „დოსიეში“ ვარაუდობენ, რომ მძღოლი მას ანგარიშს აბარებდა ჟურნალისტთა ჯგუფის გადაადგილების შესახებ. თავად მძღოლი ბენვენიუ ნდუვოკამა ადრე ჟანდარმერიაში მუშაობდა.

ბილინგის თანახმად, მკვლელობის დღეს კოტოფიო მოძრაობდა ჟურნალისტების ჯგუფის კვალდაკვალ. ცენტრ „დოსიეში“ მიიჩნევენ, რომ ჟანდარმერიის წარმომადგენელი, სულ მცირე, მკვლელობის ადგილის შორიახლოს იმყოფებოდა.

„ჩვენ ვიცით მკვლელობის თანამონაწილეთა ვინაობა და ფაქტებს აბსოლუტურად დადასტურებულად მივიჩნევთ“, - აცხადებს ხოდორკოვსკი ჟურნალისტთა მკვლელობის სამხილებთან დაკავშირებით.

სამხედროებმა, რომლებიც რუსი ჟურნალისტების მიერ გავლილ საგუშაგოზე მორიგეობდნენ, ცენტრ „დოსიეს“ აცნობეს, რომ მკვლელობამდე ერთი საათით ადრე იგივე საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა ავტომობილმა, რომელშიც კოტოფიო იმყოფებოდა ორ აფრიკელ და სამ ევროპელთან ერთად. იგივე მანქანა, იმავე მგზავრებით, სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობიდან საათ-ნახევრის შემდეგ დაბრუნდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან.

ცენტრ „დოსიეს“ თანახმად, ემანუელ კოტოფიოს სუდანში რუსი სამხედროები წვრთნიდნენ. რუსი ჟურნალისტების დაღუპვის შემდეგ იგი დააწინაურეს. ჟურნალისტები, რომლებიც ცენტრ „დოსიესათვის“ მუშაობენ ცარ-ში, იუწყებიან, რომ კოტოფიო მუდმივ ურთიერთობაშია რუს ინსტრუქტორებთან.

გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს ვინაობა „მარტინის“, რომელსაც ჟურნალისტები ცარ-ში გაეროს თანამშრომლად და შტატგარეშე კორესპონდენტად მიიჩნევდნენ. „მარტინს“ რეკომენდაცია გაუწია ევგენი პრიგოჟინის კორპორაციაში შემავალი ერთ-ერთი სტრუქტურის, საინფორმაციო-სააგენტო „ფანის“, თანამშრომელმა, კირილ რომანოვსკიმ.

როგორ უკავშირდება ეს საქმე „ვაგნერს“ და პრიგოჟინს

ცენტრ „დოსიეში“ მიაჩნიათ, რომ კოტოფიო მუდმივ კონტაქტში იყო კომპანია "М-Финанс"-ის თანამშრომელ ალექსანდრ სოტოვთან. იგი, თავის მხრივ, „მჭიდრო“ კავშირში იმყოფდებოდა "М-Финанс"-ის სხვა თანამშრომელთან, ვალერი ზახაროვთან, ცარის პრეზიდენტის მრჩეველთან.

"М-Финанс"-ი მთლიანად ეკუთვნის ფირმა Lobaye Invest-ს, რომელმაც ნებართვა მოიპოვა ოქროს საბაოდების შესასწავლად ცარ-ში 385 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. Lobaye Invest-ის დირექტორია დმიტრი სიტი, რომელიც, ცენტრ „დოსიეს“ თანახმად, მიმოწერაში იყო რუსეთის ელჩთან და ინფორმაციებს აწვდიდა დაღუპული ჟურნალისტებისა და მათი პირადი ნივთების შესახებ.

კომპანია "М-Финанс"-ი ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელსაც აკონტროლებს ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის სახელი უკავშირდება ასევე კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერს“, რომლის მებრძოლები თავდაპირველად დონბასში, შემდეგ კი სირიაში ასრულებდნენ სამხედრო მისიას.

ცენტრ „დოსიეს“ განკარგულებაშია სოტოვის სახელით შედგენილი მინდობილობა კომპანია "М-Финанс"-იდან „ინსტრუქტორისათვის“ განკუთვნილი ხელფასის მიღების თაობაზე და პირადი ნომერი, რომელიც კსკ „ვაგნერის“ ყველა დაქირავებულს ენიჭება. ზახაროვიც და სოტოვიც სახელფასო უწყისში არიან. პირველის ხელფასი - 300 ათასია (სავარაუდოდ, რუსული მანეთი), მეორის - 200 ათასი. ხელფასის მიღების თვე მითითებული არ არის.

რატომ არ შეიძლება ჟურნალისტების მკვლელობა უკავშირდებოდეს გაძარცვის მცდელობას

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსი ჟურნალისტები დახოცეს გაძარცვისას.

„რუს ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდა გაძარცვის მიზნით და ისინი დახოცეს წინააღმდეგობის გაწევის გამო“, - განაცხადა 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

გასული წლის ბოლოს ჟურნალისტების მკვლელობის თაობაზე შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც დაუსვეს პრესკონფერენციის დროს.

„რამდენადაც მე ვიცი, თავდასხმა მოაწყო ადგილობრივმა დაჯგუფებამ. უტყუარი მონაცემები აფრიკაში ჟურნალისტების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს“, - უპასუხა პუტინმა. მან არ გააკეთა კომენტარი ევგენი პრიგოჟინზე, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ.

ცენტრ „დოსიეს“ ინფორმაციით, ძარცვის ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება: ავტომობილში, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, დარჩა ორხან ჯემალის ნოუთბუქი და სხვა, ჯამში, რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების მოწყობილობა. „2018 წლის დეკემბრისათვის ყველა ნივთი ჟანდარმერიაში იყო“, - განაცხადა „დოსიეს“ თანამშრომელმა ეკატერინა კრეკოვამ.

როგორ დაიღუპნენ ჟურნალისტები

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო 2018 წლის 28 ივლისს ჩაფრინდნენ. ჟურნალისტებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ ცარ-ის თავდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია, ვერ მოახერხეს მოხვედრა ბერენგოს სამხედრო ბაზაზე, სადაც, სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი სამხედროები ცარ-ის ეროვნულ არმიას წვრთნიან.

ამის შემდეგ ჯგუფი შეეცადა ქალაქ ბამბარიში ჩასულიყო და შეხვედროდა ადგილობრივ შტატგარეშე ჟურნალისტს, რომელიც ცარ-ში გაეროს მისიაში (MINUSCO) მუშაობდა. მას ჟურნალისტებისათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია რუსი სამხედრო ინსტრუქტორების შესახებ და დახმარებოდა ოქროს საბადო Ndassima-ზე გადაღებების ორგანიზებაში.

ჟურნალისტები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს 30 ივლისს ბანგიდან 180 კილომეტრის დაშორებით. ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, დასახლებულ პუნქტებს - სიბიუსა და კარა-ბანდოროს - შორის მდებარეობს.

ჯემალი, რასტორგუევი და რადჩენკო ცარ-ში ტურისტული ვიზებით ჩავიდნენ და არ გაუვლიათ აკრედიტაცია რუსეთის საელჩოსა და საკონსულოში. ეს უკავშირდებოდა მათი გამოძიების ობიექტს - კსკ „ვაგნერს“.

პროექტი დაფინანსებული იყო მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ. თანხები განკუთვნილი იყო სამუშაოს, მოგზაურობის, დაცვის, კომუნიკაციის, დაზღვევისა და აღჭურვილობის ასანაზღაურებლად.

 

თავად ხოდორკოვსკიმ ასე აღწერა ჟურნალისტების მკვლელობა

„ისინი გააჩერეს და შეეცადნენ დალაპარაკებოდნენ. საუბარი სხვანაირად წარიმართა. ორხანმა ჩხუბი დაიწყო. ჩხუბის დროს იგი დაჭრეს, შემდეგ დახვრიტეს. რადჩენკო შეეცადა გაქცეულიყო, სცემეს და დახვრიტეს. რასტორგუევი კი, უბრალოდ, დახვრიტეს, თანაც სიცოცხლეს გამოასალმეს გულში საკონტროლო გასროლით. მკვლელობიდან 30 წუთის შემდეგ მკვლელები უკან იმავე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდნენ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბატონმა პრიგოჟინმა და ზახაროვმა გამოიყენეს პროფესიონალები, რომლებიც ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ ცენტრ „დოსიეს“ გამოძიების მასალების პრეზენტაციის დროს.

„ისინი არ გეგმავდნენ მკვლელობას, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, წინასწარ მიიღეს კონსპირაციის ზომები“, - დასძინა ხოდორკოვსკიმ.

რადიო თავისუფლება