„IDS ბორჯომი საქართველოს“ დასაქმებულები 21 დღეში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ბორჯომის“ გადარჩენის რა გეგმას სთავაზობს ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძე

„ვერსია“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილ მდგომარეობაზე. უახლესი ინფორმაციით, თუ 21 დღის ვადაში, „IDS ბორჯომი საქართველოს“ ადმინისტრაცია დასაქმებულების პირობებს არ შეასრულებს, თანამშრომლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, - განუცხადა „ვერსიას“ პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ. გასული კვირა „ბორჯომის“ ადმინისტრაციის განცხადებით დაიწყო, რასაც თანამშრომლები არ დაეთანხმნენ და გაიფიცნენ. ამის შემდეგ, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის, კოლექტიური დავის მედიატორი დაინიშნა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელია. მოკლედ, კოლექტიური დავის მედიატორი ბორჯომში ჩავიდა და ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. მოგვიანებით, კომპანიის ადმინისტრაციასთანაც გამართავს მოლაპარაკებას. დასაქმებულები ადმინისტრაციისგან ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიის კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობები და ხელფასები დაიბრუნონ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება. პრობლემა 29 აპრილს დაიწყო, როდესაც მინერალური წყლის - „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა და დაახლოებით, ათასზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი ქარხნის სანქცირებული მფლობელი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი და დაბლოკილი ანგარიშებია. პარალელურად, „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, „ვერსიასთან“ საუბრისას, დეტალურად საუბრობს, როგორ და რა საშუალებით შეიძლება „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარება, ქარხნების ამუშავება და ექსპორტის განახლება.

 

***

ყველაფერი 2022 წლის 29 აპრილს, კომპანია „IDS ბორჯომი - საქართველოს“ განცხადებით დაიწყო, რომლითად გაირკვა, რომ კომპანიამ „დროებით“ შეაჩერა  მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოება. „ვერსიაში“ უკვე ვწერდით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ამის მიზეზი უკრაინაში მიმდიანრე საომარი მოქმედებები გახლდათ. კერძოდ:

„პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე (რუსეთსა და უკრაინაში, - რედ.) შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ მფლობელია რუსული „ალფა ჯგუფი“, რომლის აქციების საკონტროლო, 60%-იან პაკეტს სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი ფლობს.

ეს, რაც შეეხება „ბორჯომის“ განცხადებას. კომპანიაში ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებიც დამსაქმებლების გადაწყვეტილების გამო, ფაქტობრივად, უმუშევრად რჩებიან. „ბორჯომში“ დასაქმებულების უფლებებს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი და მისი ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე იცავს.

„ვერსიასთან“ საუბრისას, გიორგი დიასამიძემ აღნიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, თუმცა შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა კომპანიამ რამდენიმე პუნქტი შეიმუშავა, რომელიც სურს, რომ შრომის ხელშეკრულებას დაემატოს. გიორგი დიასამიძის განცხადებით, ეს გახლავთ, კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა, რომლის თანახმად, თუ აქამდე, იძულებითი მოცდენა ანაზღაურდებოდა 100%-იანი განაკვეთით, ახლა განახევრდება და 50% გახდება; თუ აქამდე ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდებოდა 140%-ით, ახლა - 125%-ით ანაზღაურდება; თუ აქამდე პრემიებს ურიცხავდნენ დასაქმებულებს, ახლა აღარ ჩაერიცხებათ.  

„დასაქმებულებს კარგად ესმით შექმნილი მდგომარეობის სირთულე, ამიტომ თანახმანი არიან ჩამოთვლილ პირობებზე, მაგრამ მხოლოდ სამი თვით. სამი თვის შემდეგ, თუ კომპანიის პრობლემები მოგვარდება, კონტრაქტს ეს ახალი ნაწილი უნდა ჩამოსცილდეს და მუშაობა ძველი პირობებით გაგრძელდეს. გარდა ამისა, დასაქმებულთა პოზიციით, კომპანიაში არ უნდა განხორციელდეს რეორგანიზაცია, რათა დაცული იყოს თითოეული სამუშაო ადგილი და რეორგანიზაცია არ იქნას გამოყენებული დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად“, -  განუცხადა „ვერსიას“ გიორგი დიასამიძემ.

დასაქმებულების ეს წინადადება დამსაქმებლებმა არ მიიღეს, რის გამოც თანამშრომლებს გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ:

„დასაქმებულები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, „ბორჯომი“ გაიყიდოს. მათი აზრით, ახლანდელ მფლობელებს სურთ, კომპანია ისე გაიყიდოს, რომ თუ ყოველწლიურად, ხელფასებში ხარჯავდა 22 მილიონ ლარს, გაყიდვის შემდეგ, გაცილებით ნაკლები თანხა დახარჯოს“, - ამბობს დიასამიძე.

ამის შემდეგ, კომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში კომპანია იძულებული გახდა ცვლილება შეეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში:

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში, იძულებული გავხდით, ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს მოცდენილი საათების  50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც, სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და კანონმდებლობის საფუძველზე, 49 თანამშრომლისთვის შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

6 მაისს, „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ქარხანასთან, გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. „ვერსიასთან“ საუბრისას, გიორგი დიასამიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის მენეჯმენტის ბოლო განცხადების გამო, თანამშრომლები უარს აცხადებენ სამთვიან ხელშეკრულებებზე:

„არანაირი სამთვიანი ხელშეკრულებები! მუშაობა უნდა გაგრძელდეს ძველი ხელშეკრულების პირობებით! უკვე გათავისუფლებული 49 თანამშრომელი (მათ შორის, ვადიანი თანამშრომლები) სამსახურში უპირობოდ უნდა აღადგინონ! ცალკეული თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან დასაქმებულებს! ამ ეტაპზე, მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ რესურსს და ვემზადებით, უკომპრომისო ბრძოლისთვის, ეს ბრძოლა იქნება ბოროტსა და კეთილს, ხარბ დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის! მზად ვართ საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფთან კონსულტაციებისთვის, ბორჯომოს ქარხნის დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით!

გიორგი დიასამიძემ „ვერსიასთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ ამ პირობების შესასრულებლად, საქართველოს შრომის კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებლებს 21-დღიანი ვადა მისცეს. მისი თქმით, თუ 21 დღის შემდეგ, „ბორჯომის“ მენეჯმენტი უკვე გათავისუფლებულ 49 თანამშრომელს არ აღადგენს, დასაქმებულები მათ კანონიერ უფლებას გამოიყენებენ და პროტესტის ფორმას - პერმანენტულ აქციებს მიმართავენ.

 

***

წარმოების დროებით შეჩერების გამო, „ბორჯომში“ დასაქმებულ ათასამდე ადამიანს, სამწუხაროდ, უმუშევრობა ელის. ამჟამად „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც წლების წინ, „IDS ბორჯომი საქართველოს“ აქციონერი გახლდათ, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს - საქართველოს სახელმწიფომ „ალფა ჯგუფისგან“ უნდა გამოისყიდოს კომპანიის აქციები და თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს. „ვერსიის“ წინა ნომერში, მარტივი კითხვა დავსვით - როგორ და რის საფუძველზე უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ კერძო პირისგან აქციები, რადგან სახელმწიფოს მიერ, კერძო პირზე უკვე გასხვისებული აქციების გამოსყიდვა ექსპროპრიაციის რისკს აჩენს. სწორედ ამ კითხვით, „ვერსია“ მამუკა ხაზარაძეს დაუკავშირდა.

 

- ბატონო მამუკა, როგორ და რა ფორმით უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ „ბორჯომის“ აქციები?

- ეს არის წინადადება, იდეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ტექნიკური შესრულება სჭირდება. რა იგულისხმება? - ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს! აქ არანაირ ექსპროპრიაციაზე საუბარი არ არის, ამას ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არ ვიტყოდი და არც თავში მომივიდოდა აზრად. საუბარია იმაზე, რომ ახლა მიდის არსებული, დასანქცირებული პიროვნებისა და კომპანიის ჩანაცვლება ახალ პარტნიორზე და ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ხმებიც კი გავიგეთ. არადა, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი ორგანიზაცია, რომელიც დასანქცირებულია, ჩანაცვლდეს არა ახალი კომპანიით ან პიროვნებით, არამედ, საქართველოს მოქალაქეებით. ტრანზაქციის ფარგლებში, გარკვეულ ფასზე ხომ უნდა შედგეს მოლაპარაკება? - საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ საფონდო ბირჟის საშუალებით ანუ ყველას ჰქონდეს საშუალება, „ბორჯომის“ აქციები საფონდო ბირჟის საშუალებით შეიძინოს და გახდეს თანამონაწილე.

- საფონდო ბირჟის საშუალებით, მხოლოდ „ბორჯომში“ დასაქმებულები შეძლებენ აქციების გამოსყიდვას?

- არა, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი შეძლებს, მაგალითად, თქვენც და ყველა, ვისაც ამის სურვილი ექნება. თავისუფალი ბაზარია და და ყველას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა.

- დასაქმებულებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებთან, მესმის, რომ თქვენ ამ მოლაპარაკებებში ვერ და არ ხართ ჩართული და გარკვეულწილად, უხერხულიცაა თქვენთან ამაზე საუბარი, თუმცა მაინც გკითხავთ, რა გამოსავალს ხედავთ ამ უმძიმესი სიტუაციიდან?

- ნომერ პირველი ამოცანაა ქარხნების ამუშავება და ბაზარზე დაბრუნება. ვიდრე ეს ამოცანა არ შესრულდება, ვერანაირ ხელფასის მომატებაზე ან პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი, რაც მეც მოვისმინე ტელევიზიით, ვერ იქნება! გაჩერებული ქარხანა ვერავის ვერაფერს გაუკეთებს, ხომ მეთანხმებით? ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს, რომ ქარხნები ამუშავდეს და „ბორჯომმა“ დაიწყოს ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებზე, იგივე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში - აი, ესაა ნომერი პირველი ამოცანა.

ვიმეორებ, ეს რომ მოხდეს, ყველაზე სწორი გზაა, „ბორჯომი“ გახდეს ღია სააქციო საზოგადოება და აქციების გამოსყიდვა საფონდო ბირჟის საშუალებით განხორციელდეს.

- უკაცრავად, ვინ უნდა განსაზღვროს „ბორჯომის“ აქციების ფასი?

- აქციების თანხის ფასი უნდა განისაზღვროს მესამე, კვალიფიციური პირის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს აუდიტორული კომპანია ან კონსულტანტთა ჯგუფი. რეალურად, ეს უკვე ტექნიკური საკითხია, რაც შესაძლოა, მკითხველს არც კი აინტერესებდეს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ დადგინდეს სამართლიანი ფასი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღესაა „ბორჯომი“.

- ბატონო მამუკა, შესთავაზეთ თუ არა ეს წინადადება მთავრობას და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

- არა, ამ ინიციატივით ღიად გამოვდივარ, ჯერ სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე დავწერე და ახლა, თქვენი გაზეთის საშუალებითაც ვიმეორებ. სხვა კომუნიკაცია არ მქონია.