„ბორჯომის“ გასხვისების სკანდალური დეტალები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ელით კომპანიაში დასაქმებულებს და რას სთავაზობს პოლიტიკაში ახლადფეხშემოდგმული ყოფილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას

29 აპრილიდან, კომპანიამ „IDS ბორჯომი საქართველო“, დროებით შეაჩერა წარმოების პროცესი. მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, რაც კომპანიის წარმომადგენლებმა, საკუთარ განცხადებაშიც ახსნეს. პრობლემა ისაა, რომ კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატი - „ალფა ჯგუფი“ ფლობს. თავის მხრივ, „ალფა ჯგუფის“ მთავარი აქციონერები პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები - მიხაილ ფრიდმანი, ალექსეი კუზმიჩევი, გერმან ხანი და პეტრე ავენი არიან. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „ალფა ჯგუფის“ აქციონერი ოლიგარქები აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, მათი საბანკო ანგარიშები კი გაიყინა. „ალფა ჯგუფი“ ამ კომპანიაში აწ გარდაცვლილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შემოიყვანა, ხოლო ბადრი პატარკაციშვილი, თავისი კომპანია „სალფორდ კაპიტალით“, 2000-იანი წლების დასაწყისში დაეუფლა ბორჯომის აქციებს, რომელიც მამუკა ხაზარაძისგან იყიდა... 2006 წელს, რუსული ემბარგო „ბორჯომსაც“ შეეხო, მოგვიანებით - 2008 წელს, პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და ბერეზოვსკის შორის, „სალფორდის“ აქტივების გამო, სასამართლო დავა დაიწყო.

სწორედ ამ პერიოდში, გაზეთში „ვერსია“ ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რის გამოც „ბორჯომის“ წარმომადგენლებმა გაზეთის მფლობელსა და მთავარ რედაქტორს ქვეყნის მოღალატე უწოდეს... არადა, გასხვისების დეტალებთან ერთად, სტატიაში უმთავრესი და მარტივი კითხვა დაისვა - როგორ, რის სანაცვლოდ და რა მიზნით აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტი რუსი ბიზნესმენის ხელში? ბადრი პატარკაციშვილის აქტივების რეალური მფლობელი რომ ბორის ბერეზოვსკი იყო, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ აშკარად გამოჩნდა. მოკლედ, გაზეთი „ვერსია“ თავიდანვე წინააღმდეგი იყო „ბორჯომის“ გასხვისებით და კომპანიის ქართველ მფლობელებს სთავაზობდა, აქციები საწარმოში დასაქმებულებისთვის გადაეცათ, რაც მამუკა ხაზარაძეს დღეს ერთადერთ, რეალურ გამოსავლად მიაჩნია, მაგრამ ამაზე ქვემოთ.  

 

როგორ მოხვდა „ბორჯომი“ რუსი ოლიგარქების ხელში

დავიწყოთ „IDS ბორჯომი საქართველოს“ 29 აპრილს გავრცელებული, ოფიციალური განცხადებით, სადაც კომპანიის წარმომადგენლები იმ მიზეზებს ხსნიან, რის გამოც წარმოება დროებით შეჩერდა:

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან,  ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში დროებით შეაჩეროს წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“.

როგორც სტატიის დასაწყისში გითხარით, „IDS ბორჯომი საქართველოს“ აქციების მფლობელია მიხაილ ფრიდმანი და პარტნიორებთან ერთად, მის მიერ, ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს დაფუძნებული „ალფა ჯგუფი“. მიხაილ ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, რომლის ქონება 16.1 მილიარდი აშშ დოლარია.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან მანძილზე, „ბორჯომის“ მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ. 1990-იან წლებში, კომპანიის პრივატიზაციის შემდეგ, მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში, აქტივის მართვაში შევიდა ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners. 2002 წელს, დაფუძნდა კომპანია „IDS ბორჯომი International“ და სწორედ ამ დროს, მმართველობით დონეზე, „ბორჯომი“ და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაციაც დაფიქსირდა. მეტიც, „IDS ბორჯომი საქართველო“ უფრო დიდი კონგლომერატის IDS ბორჯომი International-ის ნაწილია, რომელიც აერთიანებს „IDS ბორჯომი-უკრაინას“, „IDS ბორჯომი-რუსეთს“, „IDS ბორჯომი-ბელარუსს“ და „IDS ბორჯომი Europe“-ს, რომლის ოფისიც ლიტვაში მდებარეობს, კონგლომერატში კი 7 000 ადამიანი მუშაობს.

2006 წელს, კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - „ლიკანი“, „მიტარბი“ და „ბაკურიანი“ გამოუშვა. ამავე წელს, მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი - რუსეთი დაიხურა, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა. გამომდინარე იქიდან, რომ ბადრი პატარკაციშვილს სხვადასხვა მიზეზის გამო, საკუთარი ქონება მყარად დასაბუთებული და დამტკიცებული არ ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს აქტივები დავის საგნად იქცა. 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის, „სალფორდის“ აქტივებთან დაკავშირებით, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში, მხარეების მორიგებით დასრულდა. სადაო აქტივები, მათ შორის, „IDS ბორჯომი“ ბერეზოვსკიმ ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ოჯახისა და ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის (განკარგავდა პატარკაციშვილის ქონების ნაწილს) გადაწყვეტილებით, კომპანია რუსული „ალფა ჯგუფის“ ხელში მოხვდა...

მას შემდეგ, რაც „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, კომპანიაში რამდენიმე ასეული დასაქმებული უმუშევრობის საფრთხის ქვეშ დადგა - რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოს სტრატეგიული ქვეყნების ორ უმსხვილეს ბაზარზე, გაყიდვები ჩავარდა. 2021 წელს, რუსეთში - 14.4 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო უკრაინაში - 6.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქართული მინერალური და მტკნარი წყალი გაიყიდა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს გარდა, „IDS ბორჯომი International-ის საკუთრებაშია კიდევ ექვსი ქარხანა უკრაინასა და რუსეთში. „ბორჯომის“, „ლიკანის“, „მიტარბისა“ და „ბაკურიანის“ ბრენდების გარდა, მასვე ეკუთნის ცნობილი უკრაინული ბრენდები - „Моршинська“, „Миргородська“ და „Трускавецька“, ასევე ცნობილი რუსული ბრენდები - „Святой источник“ და „Эдельвейс“.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, „IDS ბორჯომი International“-ის მინერალური და მტკნარი წყლები მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდებოდა. კომპანიას რუსეთის ბაზრის 12% ეკავა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბოლო წლებში, „ალფა ჯგუფის“ აქციონერები „IDS ბორჯომი International“-ის გაყიდვას ცდილობდნენ. თუმცა, მაღალი ფასის გამო, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა ისეთ ტრანსნაციონალურ გიგანტებთან, როგორებიცაა „Nestle“ და „Coca-Cola“.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, როცა „ალფა ჯგუფის“ აქციონერები ანუ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქები სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, უკრაინულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს, მიხაილ ფრიდმანი მზად იყო, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივისთვის, ინა გუდავაძისთვის „IDS ბორჯომი-უკრაინა“ ფორმალურად გადაეცა და ამ ნაბიჯით, უკრაინაში აქტივების ნაციონალიზაცია აეცილებინა თავიდან. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - მართალია, 2012 წლის შემდეგ, „ბორჯომის აქციები“ პატარკაციშვილის ოჯახმა ფრიდმანს მიჰყიდა, მაგრამ „სელფორდ კაპიტალის“ ფონდის საშუალებით, ინა გუდავაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის სხვა წევრები, ამ დრომდე, „IDS ბორჯომის“ მინოტარულ აქციონერებად რჩებიან.

„IDS ბორჯომი International“-ი, ოფიციალურად, კვიპროსის ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და ორი ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, IDS Borjomi Beverages Co. N.V-ის საშუალებით, საქართველოში, ბორჯომის მინერალური წყლის ჭაბურღილებიდან წყლის მოპოვების 25-წლიან ლიცენზიასაც ფლობს. საკუთრებაში არსებული სამი ჭაბურღილიდან, კომპანიამ წლის განმავლობაში, 365 000 კუბური მეტრი წყალი უნდა მოიპოვოს.

 

„ბორჯომის“ ისტორია

ქართულ „ვიკიპედიაში“ ბორჯომის ისტორიაცაა შეტანილი. ირკვევა, რომ ბორჯომის მინერალური წყაროები ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ყოფილა აღმოჩენილი. ამაზე მეტყველებს მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი ქვის შვიდი აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს, ბორჯომის წყალს მხოლოდ დასალევად კი არა, აბაზანებისთვისაც იყენებდნენ. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალით მტკიცდება, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა მე-16 საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. მე-16 და მე-18 საუკუნეებში, ხშირი ომების შედეგად, დიდი ხნის განმავლობაში, წყაროების არსებობა მიივიწყეს, ხოლო ის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიატოვეს.

ბორჯომის წყლის „მეორე ცხოვრება“ მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. კერძოდ, 1829 წელს, ბორჯომში განლაგებულა ხერსონის ტყვიამფრქვეველთა პოლკი. ერთხელ, ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე, მინერალური წყარო იპოვეს. პოლკოვნიკი პოპოვი დაინტერესებულა ამ ამბით, ამიტომ წყაროს გაწმენდა და ჭურჭლით მისი ზიდვა უბრძანებია პოლკში. თურმე, პოლკოვნიკს კუჭის წყლული აწუხებდა და წყალი იმდენად მარგებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა, წყარო ქვით შემოეზღუდა. იქვე ააშენებინა აბანო და პატარა სახლი თავისთვის.

1837 წელს, ხერსონის პოლკი ტყვიამფრქვეველთა ქართულმა პოლკმა ჩაანაცვლა. პოლკის ექიმმა, ამიროვმა წყლის შემადგენლობის გამოკვლევა და მისი ზემოქმედების შესწავლა დაიწყო. მანვე გააგზავნა წყლის პირველი სინჯები სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. 1841 წელს, ბორჯომის მინერალური წყალი უკვე იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა, ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ბორჯომში ჩაიყვანა სამკურნალოდ. უცნობია, კონკრეტულად რა დაავადება აწუხებდა, თუმცა ფაქტია, რომ წყალმა არგო, რის გამოც, ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი - Екатерининский უწოდა.

1846 წელს, კავკასიაში ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა, მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად აქცია და ქალაქის კეთილმოწყობაც დაიწყო: ამ დროს აშენდა სახლები, აბანოები, ეკლესიები, სასტუმროები. 1850 წელს, გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1854 წელს, პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყეს. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა მინერალური წყალი 1300 ცალ ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.

1862 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი, მიხეილ რომანოვი, რომელმაც ვორონცოვის მსგავსად, საზაფხულო რეზიდენცია ბორჯომში მოიწყო. იმ დროისთვის, ამბავი ბორჯომის სამკურნალო თვისებების შესახებ, უკვე რუსეთის მთელ იმპერიას მოედო. ბორჯომში შენდებოდა ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს, ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზაც გაიყვანეს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმოსვლა. მანამდე, ბორჯომში ცხენიანი ფაეტონებით ჩადიოდნენ, თბილისიდან ბორჯომამდე გზას 8-9 საათი სჭირდებოდა.

1894 წელს, მიხეილ რომანოვმა დაიწყო მინერალური წყლების პარკში ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა, რომელმაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება. 1896 წელს, ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950 წლამდე, ბოთლებს ხელით ამზადებდნენ.

1900 წელს, ბორჯომში, მივლინებით ჩავიდა ქიმიკოსი მოლდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსხმული წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი მეთოდი შეიმუშავა. სწორედ მისი იდეა იყო, მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით გაზირება, რამაც მწარმოებლებს საშუალება მისცა, რომ წყალი საზღვარგარეთ, ექსპორტზე გაეტანათ.

1904 წელს, „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია დაიწყო, კერძოდ, თუ შუშა ხელით მზადდებოდა, ბოთლებს უკვე მექანიზებული წესით ასხამდნენ. ამავე წლით თარიღდება საგაზეთო განცხადება, სადაც საუბარია მინერალური წყლის - „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვაზე. წარმოების მექანიზაციამ მოიტანა დიდი წარმატება: თუ 1854 წელს, მხოლოდ 1350 ბოთლი ბორჯომი გავიდა ქარხნიდან, უკვე 1905 წელს, მისი რიცხვი 320 000 ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო 1913 წლისთვის - 9 მილიონსაც კი გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ბორჯომმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: დიპლომი ქალაქ სპაში, ბელგიაში - 1907 წელს; ოქროს მედალი ყაზანში, რუსეთში - 1909 წელს; საპატიო დიპლომი დრეზდენში, გერმანიაში - 1911 წელს.

საბჭოთა პერიოდში, ბორჯომი უკვე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო კრემლში „ბორჯომის“ გარეშე, არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა.

1961 წელს, მსოფლიოს 15 ქვეყანაში, 423 000 ბოთლი გაიტანეს ექსპორტზე, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვაგან. 1980-იან წლებში, „ბორჯომის“ გაყიდვამ 400 მილიონ ბოთლს მიაღწია და საბჭოთა კავშირში, ყველაზე პოპულარულ წყლად იქცა. 1990 წელს, „ბორჯომის“ რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

დამოუკიდებლობის პირველი 20 წელი რთულად დაიწყო - 1990-1995 წლებში, საქართველოში, შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო, მკვეთრად შემცირდა „ბორჯომის“ წარმოება, მაგრამ 1995 წლიდან, პრივატიზების შედეგად, ბორჯომის წარმოებას შეუდგა კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია (Georgian Glass & Mineral Water Co. N.V.), რომელიც „თიბისი“ ბანკის მფლობელს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა. მოწვეულ იქნენ ინვესტორები, რის შემდეგაც წარმოება 40–ჯერ გაიზარდა.

1997 წელს, „ბორჯომის“ №1 და №2 ქარხნების მოდერნიზაცია დაიწყო, კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ხაშურის შუშის ქარხანა, რომელიც ბორჯომიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. 1998 წელს, №2 ქარხანაში, „ბორჯომი“ პლასტიკურ ბოთლებში ჩამოასხს. 1999 წელს, იმავე ქარხანაში, არაგაზირებული მინერალური წყალი - „ბორჯომის წყაროებიც“ ჩამოასხეს...

რა ელით „ბორჯომში“ დასაქმებულებს

წარმოების დროებით შეჩერების გამო, „ბორჯომში“ დასაქმებულ ათასამდე ადამიანს, სამწუხაროდ, უმუშევრობა ელის. ამჟამად „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს და ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ „ალფა ჯგუფისგან“ უნდა გამოისყიდოს კომპანიის აქციები და თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს.

„ვერსიამ“ ამ თემის ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო, ამიტომ მხოლოდ ამ ერთი სტატიით არ შემოვიფარგლებით და მომდევნო ნომრებში „ბორჯომის“ შესახებ არაერთ სკანდალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ცხადია, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად დავუკავშირდებით მამუკა ხაზარაძეს, ოღონდ მანამდე, აქვე, ამ სტატიის დასასრულს, რიტორიკულ კითხვას დავსვამ - სახელმწიფომ როგორ და რის საფუძველზე უნდა გამოისყიდოს კერძო პირისგან აქციები? თუკი უკრაინაში ომის დაწყებამდე აპირებდა ფრიდმანი ინა გუდავაძისთვის „ალფა ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული აქციების დაბრუნებას, პატარკაციშვილის ქვრივმა რა მიზეზით თქვა უარი?

დიახ, „ალფა ჯგუფისგან“ აქციების გამოსყიდვა ძალიან კარგია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ბიზნესმენი, ინვესტორი, კერძო პირი განახორციელებს და არა სახელმწიფო. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიერ, კერძო პირზე უკვე გასხვისებული აქციების გამოსყიდვა ექსპროპრიაციაა და სხვა არაფერი! გარდა ამისა, გარკვეულწილად, ორმაგ სტანდარტებშიც ვიხლართებით, რადგან თუ ვთანხმდებით, რომ საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, მაშინ სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ და ვერ უნდა ჩაერიოს!

მას შემდეგ, რაც „IDS ბორჯომმა“ განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში მუშაობას აჩერებს, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, „IDS Borjomi International“-ის 7 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების ობლიგაციები 40%-ით გაუფასურდა.