აუდიტმა ოცამდე სკოლის სარემონტო სამუშაოებში დიდი დარღვევები აღმოაჩინა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო მაკონტროლებლები შესყიდვების მართვით დაინტერესდნენ

2017 სასწავლო წელი, საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ოცამდე სკოლაში სწავლა ერთი თვით გადაიდო. ამ თემაზე, იმ პერიოდში, „ვერსიაში“, ჟურნალისტური მოკვლევა გამოქვეყნდა. გამოძიების ფარგლებში, დავადგინეთ, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც სამშენებლო კომპანიებმა სკოლების რემონტი დროულად ვერ დაასრულეს, დაგვიანებით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები - ტენდერები იყო. გამოძიების ფარგლებში, „ვერსია“ დაუკავშირდა, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე, იმ სკოლების ადმინისტრაციებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი გადაიდო და ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებსაც. სწორედ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გავარკვიეთ, რომ სკოლებში, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერები საკმაოდ გვიან - ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა, აგვისტოს შუა რიცხვებში (ბიუროკრატიული წესების სრული დაცვით) გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, რომელსაც 15 სექტემბრამდე სკოლის გარემონტება უნდა მოესწრო, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ეს ამ პრობლემის მხოლოდ ნაწილი ანუ მედლის ერთი მხარეა, მეორე მხრივ, საკითხი იმდენად აქტუალური გახლავთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა და მორიგი დასკვნაც გამოაქვეყნა.

ანგარიში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტია. ვინაიდან სახელმწიფო აუდიტორები სახელმწიფო შესყიდვების მართვით დაინტერესდნენ, ცხადია, ანგარიშში 2017 წელს, სკოლების სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერებიც მოხვდა. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ჯერ აუდიტორების მიერ გამოვლენილი სხვა დარღვევები განვიხილოთ.

 

ხარვეზები შესყიდვების საჭიროებებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები, რიგ შემთხვევებში, საჭიროებებს არ განსაზღვრავენ რაციონალური გათვლებისა და ანალიზის საფუძველზე, რაც იწვევს არაოპტიმალური რაოდენობის სასაქონლო ნაშთების შექმნას. მეტიც, აუდიტორების მტკიცებით, შესყიდვის საჭიროების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საბიუჯეტო წლის რეალური საჭიროებები და წლის დასაწყისისთვის ორგანიზაციაში არსებული მარაგები, რის გამოც, საბიუჯეტო სახსრების განივთება ხორციელდება სასაქონლო- მატერიალური მარაგების არაოპტიმალურ, მაღალ ნაშთებში და წარმოიშვება საბიუჯეტო სახსრების არაპრიორიტეტულად გამოყენების რისკები:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ“, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს, დაგეგმა 23 დასახელების 2 910 000 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვა, რომელთაგან შეისყიდა 2 777 063 ლარის მედიკამენტები. წლის განმავლობაში, ბენეფიციარებზე გაიცა ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ 20% და ნაშთად დარჩა 80%, ღირებულებით - 2 235 354 ლარი. არსებული მარაგების მიუხედავად, მომდევნო, 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 198%-იანი ზრდით და განისაზღვრა 10 000 000 ლარით - ხელშეკრულებები გაფორმდა 7 957 202 ლარზე. აგვისტოში, პროგრამის მოსარგებლეებს დაემატნენ ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფები და მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდა 12 სახეობით, 36 სახეობამდე. მიუხედავად ამისა, ბენეფიციართა მომსახურებას სააგენტო ახორციელებდა წინა წლის მარაგებით, ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მედიკამენტების 96%, ღირებულებით - 7 601 989 ლარი, შეისყიდა წლის ბოლოს. ხელშეკრულებების ფარგლებში, მიმწოდებლებს აუნაზღაურდათ 7 560 500 ლარი, საიდანაც 2 598 844 ლარი გადარიცხულია ავანსად“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტორების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოს, სააგენტოს ნაშთად ერიცხებოდა 5 587 414 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო 2 598 844 ლარის ღირებულების მედიკამენტის მისაღებად გადარიცხული ჰქონდა ავანსი, 2019 წლისთვის, სახელმწიფო პროგრამით განისაზღვრა 19 000 000 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 300 ერთეული უბნის ინსპექტორის ქამარი შეისყიდა, სახელშეკრულებო ღირებულებით - 39 379 ლარი.

„ამ შემთხვევაში, არ არსებობდა შესყიდვის საჭიროება, ვინაიდან 2017 წლის დასაწყისში, სამინისტროს ნაშთად ერიცხებოდა 5 621 ერთეული ქამარი, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წლიურ მოთხოვნას; 2017 წელს გაცემული ქამრების რაოდენობამ შეადგინა 4 713 ერთეული, წლის ბოლოს კი, სამინისტროს ნაშთად დარჩა 5 908 ერთეული უბნის ინსპექტორის ქამარი.

 

დარღვევები ბაზრის კვლევაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები ბაზრის კვლევის პროცედურებს არასრულყოფილად ატარებდნენ. შედეგად, შესყიდვის ღირებულება გაიზარდა ან შემუშავებული სატენდერო პირობებით, არაკონკურენტული გარემო შეიქმნა.

2017-2019 წლებში, ვაჭრობის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 252 800 000 ლარია ანუ მთლიანობაში გაფორმებული ხელშეკრულებების 13%. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მატერიალიზირებული იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ხელოვნურად გაზრდის რისკი, ყველა შემთხვევაში, უკონკურენტო ტენდერი არაეკონომიურ ხარჯვას გამოიწვევს. ამასთან, არასწორად განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას პირდაპირი გავლენა აქვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის პროცესზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ფასის კლება 20%-ზე მეტია, პრეტენდენტი ვალდებულია, რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ბაზარზე არსებული ინფორმაციის ასახვა სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ინფორმაციის წყარო იძლევა საშუალებას, შემსყიდველმა მიიღოს რელევანტური ინფორმაცია შესყიდვის საგნის მიწოდების ვადების, ეკონომიკურ ოპერატორთა ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების, საქონლის ტექნიკური მახასიათებლების, ალტერნატიული წინადადებების და სხვა საკითხების შესახებ.

ბაზრის კვლევის არასწორად და არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, რიგ შემთხვევებში ყალიბდება საბაზრო პირობებთან შედარებით შესყიდვის საგნის შეუსაბამოდ მაღალი სავარაუდო ღირებულება; კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობები. შესყიდვის საგნის და პოტენციურ მიმწოდებელთა მიმართ განისაზღვრება ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ პასუხობს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. ეს ყოველივე, ერთობლიობაში, კონკურენციის შეზღუდვის საფუძველზე, იწვევს არასაბაზრო, მაღალი საკონტრაქტო ფასის ჩამოყალიბებას და საჯარო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას.

 

დარღვევები შესყიდვების მოთხოვნებში

სახელმწიფო შესყიდვების დროს, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტების მიმართ თანასწორ მოპყრობას. მოთხოვნები მიმწოდებლების მიმართ უნდა განისაზღვროს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ყოველი ცალკეული შესყიდვის შემთხვევაში - ინდივიდუალურად, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის, მოცულობისა და მიწოდების ვადის გათვალისწინებით. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში:

სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, საქართველოს მასშტაბით, მცირეკონტინგენტიანი (20-25 მოსწავლე) სკოლების პროექტირება-სამშენებლო სამუშაოების ბაზრის კვლევის მიზნით, 2017 წელს, განცხადება განათავსა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. განცხადების თანახმად, სხვადასხვა რეგიონში, 13 სკოლის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 60 კალენდარულ დღეში, ხოლო დაინტერესებულ პირებს უნდა წარედგინათ საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა და ვიზუალური ესკიზი. განცხადებას გამოეხმაურა მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი, სავარაუდო ღირებულებით - 6 181 899 ლარი. სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“, ამ ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 31 მაისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, რომლის ღირებულება ჯამში - 6 050 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა - ამხანაგობა „მაგისტრალმა“ და შპს „ელ ჯორჯიამ. მათგან, „მაგისტრალს“ მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ხოლო შპს „ელ ჯორჯიასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით - 5 494 939 ლარი.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შესყიდვის მთლიანი პროცესი შემსყიდველმა წარმართა იმგვარად, რომ შემუშავებული ტექნიკური პირობები დაეკმაყოფილებინა მხოლოდ ერთ მიმწოდებელს, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდებოდა არასაბაზრო ღირებულებით. კერძოდ, პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ გამოცდილება, რომ ბოლო სამი წლის (2014, 2015, 2016 წლებში) განმავლობაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონოდათ არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი სკოლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 465 384 ლარს. შესაბამისად, მოთხოვნილი გამოცდილება ერთი ხელშეკრულების შესახებ, 21-ჯერ აჭარბებს ერთი ტიპური სკოლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ცამეტივე ლოკაციაზე მშენებლობის საფუძველს წარმოადგენდა ტიპური პროექტი, რომლის მიხედვითაც შესასრულებელი იყო სტანდარტული სამუშაოები: გრუნტის დამუშავება, შენობის ლითონის კონსტრუქციის მოწყობა, კედლების და სახურავის მოწყობა კომპაქტ-პანელით, კედლების მოპირკეთება, ალუმინის კარ-ფანჯრის მოწყობა და სხვ. დაუსაბუთებელია, რატომ უნდა ჰქონოდა პრეტენდენტს მხოლოდ ერთი ხელშეკრულების და ისიც, 10 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებზე გამოცდილება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ტენდერი გამოცხადდა შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისის“ მიერ მიწოდებული საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვით, რომელზეც მცირედი კლებით, შპს „ელ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ეს კომპანიები ურთიერთდაკავშირებული მხარეები იყვნენ და, ფაქტობრივად, მშენებლობის ღირებულება განისაზღვრა მხოლოდ ერთი მხარის მიერ:

შესყიდვის არც ერთ ეტაპზე, არ მომზადებულა დეტალური, რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისი საბაზრო ფასების გათვალისწინებით. გამოყენებული საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა არასრულყოფილია, რომელიც დეფექტური აქტის მსგავსი დოკუმენტი გახლავთ. მაგალითად, სამუშაოები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ელექტროგაყვანილობა - 22 000 ლარი, იატაკის მოწყობა - 18 400 ლარი, გათბობის სისტემის მოწყობა - 21 350 ლარი და სხვა“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის განხორციელების ვალდებულება გადაცემული იყო შემსრულებელ კომპანიაზე. სახელშეკრულებო პირობებით აუცილებელი იყო, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობისა და ფასების ექსპერტიზა, თუმცა მიმწოდებელმა კომოანიამ მხოლოდ მოცულობების ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც ცამეტივე სკოლაზე შესრულებული სამუშაოები ექსპერტიზამ დაადასტურა 100%-ით. 

მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველი ითხოვდა 10 000 000 ლარის გამოცდილებას, 500 000 ლარის თავისუფალ ფინანსურ რესურსებს ანგარიშზე, ან საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფას სამ ტრანშად, ავანსის სახით, სრული სახელშეკრულებო ღირებულება - 5 883 607 ლარი გადაუხადა. მსგავსი პრინციპით, შემზღუდველი პირობებით, გაუმართავი ხარჯთაღრიცხვით, ხუთი თვის შემდეგ, სააგენტომ დამატებით კიდევ გამოაცხადა ტენდერი ექვსი სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სადაც უკონკურენტო პირობებში, ვაჭრობის გარეშე, გაიმარჯვა შპს „ელ ჯორჯიამ“, სახელშეკრულებო ღირებულებით - 2 661 596 ლარი.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სატენდერო დოკუმენტაციით, პრეტენდენტების გამოცდილებისა და ცოდნის მიმართ ჩამოყალიბებულია ისეთი მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის საგნის მიწოდების კუთხით, პრეტენდენტის კვალიფიკაციის დადასტურებას არ უკავშირდება.

სატენდერო კომისიების მიერ, რიგ შემთხვევებში, პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია ხორციელდება დაუსაბუთებლად, პრეტენდენტთა მიმართ გამოიყენება არაერთგვაროვანი და დისკრიმინაციული მიდგომა. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები კარგავენ შესაძლებლობას, შესყიდვა, გამარჯვებულ კომპანიასთან შედარებით, ნაკლებ ფასად განახორციელონ“.