ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკის საფუძვლები და ბუღალტერია არ იციან?!

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში აღმოჩენილი ხარვეზები

მართალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ პოსტს ახალი წლის შემდეგაც შეინარჩუნებს, მაგრამ მოსალოდნელი ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აქტუალობას არ კარგავს. ანდაზა - „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“ - ამჯერად არ გამოგვადგება, რადგან შემოდგომა ერთი თვის წინ მიილია, ვერც „აღდგომა და ხვალეო“ - აღდგომა ჯერ შორსაა, ცვლილებებს კი იანვარშივე აანონსებენ ოპონენტები. ჰოდა, ისღა დაგვრჩენია, ყოველგვარი ზეპირსიტყვიერების და პროგნოზების გარეშე დაველოდოთ მოვლენებს. სხვათა შორის, მნიშვნელობა არ აქვს, თურნავა მინისტრის სავარძელს შეინარჩუნებს, თუ არა, რადგან დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, უარყოფითია და სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას ეხება!  

„ჩვენი აზრით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. დიახ, არ მოგესმათ, ნათია თურნავას უწყებაში, რბილად რომ ვთქვათ, ეკონომიკის საფუძვლები და ბუღალტერია არ იციან!

 

დარღვევები ინვენტარიზაციაში

ინვენტარიზაცია წარმოადგენს კონტროლის მექანიზმს, რომლის მიზანია დანაკლისის, ზედმეტობისა და დაზიანებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინვენტარიზაციის ჩატარება მნიშვნელოვანია რწმუნების მოსაპოვებლად, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა ძირითადი საშუალება რეალურად არსებობს და ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ყველა ძირითადი საშუალება სრულადაა ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. ფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვანია ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის სამართლიანი და უტყუარი წარდგენისათვის, იზრდება აქტივების ეფექტიანად მართვის შესაძლებლობა.

აუდიტის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატში, ტურიზმის ადმინისტრაციაში, საზღვაო აკადემიასა და ინოვაციების სააგენტოში, 2020 წელს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა!

„აუდიტის შედეგად, გამოვლინდა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციაში, ძირითად საშუალებებს საინვენტარო ნომრები მინიჭებული არ აქვთ, ზოგ შემთხვევაში, არც აქტივის ზუსტი ადგილმდებარეობაა დაფიქსირებული; სამინისტროს აპარატში ძირითადი აქტივების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ORIS-სსა და Excel-ში. აპარატის მიერ გადმოგზავნილ Excel-ის ცხრილში, არ არის ინფორმაცია მოცემული მატერიალურ პასუხისმგებელი პირების შესახებ; საზღვაო აკადემიასა და ინოვაციების სააგენტოში ძირითად საშუალებებზე საინვენტარო ნომრები და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები არ არიან განსაზღვრულნი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოა აუდიტორებმა ნათია თურნავას უწყების პასუხისმგებელ პირებს ურჩიეს, აქტივების მართვაში არსებული ნაკლოვანებების გამოსავლენად და ფინანსური აქტივების დაკარგვის რისკის შესამცირებლად, სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა ორგანიზაციებმა ინვენტარიზაცია ჩაატარონ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

 

დარღვევბი საბუღალტრო აღრიცხვაში

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ არის შემუშავებული და დანერგილი ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა. სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება ორგანიზაციაში აღრიცხვის თანმიმდევრულობის მთავარი წინაპირობაა.

„ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა იწვევს არათანმიმდევრულ აღრიცხვიანობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში და ზრდის ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული უზუსტობების რისკს. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიანად წარდგენის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც ხელს შეუწყობენ განსხვავებული სააღრიცხვო მიდგომების შედეგად გამოწვეული უზუსტობების მინიმუმამდე შემცირებას, როგორც სამინისტროს აპარატში, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთეულებში“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის #655 დადგენილების თანახმად, სამინისტრომ განახორციელა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სუბსიდირებაზე უარის თქმის მიზნით, გამოყენებული იქნებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ შემუშავებული ელექტრონული პლატფორმა.

„ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სემეკის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმა არ იძლევა ინფორმაციის სრულყოფილად მიღების საშუალებას, ხოლო სამინისტროს დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, არ ევალებოდა ინფორმაციის მოპოვება იმ აბონენტების შესახებ, რომლებმაც უარი განაცხადეს სუბსიდირებაზე. შესაბამისად, არ გადამოწმებულა კომუნალური მომსახურების გამწევი კომპანიებისაგან მიღებული ინფორმაციის სისწორე, რაც ზრდის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკებს და მიუთითებს კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე“.

ფინანსური რესურსის ეფექტიანად განკარგვის მიზნით, მიზანშეწონილია სამინისტრომ გადაამოწმოს ის ფაქტები, რაც აუდიტის დასკვნაშია ასახული. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, მომსახურების გამწევი კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის უტყუარობა და მსგავსი პროგრამის სამომავლოდ განხორციელების შემთხვევაში დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები თანხების ასანაზღაურებლად, გამოყენებული ინფორმაციის სისწორის დასადგენად.

 

დარღვევები გადასესხებულ სესხებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია უცხოური კრედიტებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების თანხები. 2020 წელს, ასეთი თანხების ოდენობამ შეადგინა 67 004 772 ლარი. ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, სესხის გამცემია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სესხის მიმღები − პროექტის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანიზაციები.

„საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გადასესხებულ სესხებთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა შეიმუშაონ! უნდა დაკონკრეტდეს, რომელმა უწყებამ უნდა შეაფასოს ამ თანხების აღრიცხვა და შესაბამისი შეფასებების გაკეთება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები არ იყო გათვალისწინებული, რაც ორგანიზაციების შეფასებით, მათი შემოსავალი არ არის, რადგან თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2020 წელს, ასეთი ტიპის დარიცხულმა ჯარიმებმა, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შეადგინა 761 700 ლარი, საიდანაც გადახდილია 320 800 ლარი.

„საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაონ სანქციებთან, ჯარიმებთან და საურავებთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა, კერძოდ, სააღრიცხვო პოლიტიკაში დაკონკრეტდეს, რომელი უწყება აღრიცხავს შემოსავლებს და შესაბამის შეფასებებსაც გააკეთებ.

 

დარღვევები ძირითად აქტივებში

ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2020 წელს ჩარიცხული თანხა, ჯამურად 730 898 ლარის ოდენობით და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალში შეტანილი 700 000 ლარი. აღნიშნული თანხებით უნდა გაზრდილიყო ქონების ეროვნული სააგენტოს ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში, რაც არ განხორციელდა.

„ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განხორციელებული ინვესტიციები 3 000 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება ბალანსიდან ჩამოწერას, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მმართველია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში ასახულია 2018 წელს განხორციელებული ძირითადი საშუალებებისა და ფასების თანხა - 395 408 ლარის ოდენობით. აუდიტორების მტკიცებით, გასწორებას, გადაანგარიშებას, რეტროსპექტულად, შედეგად ძირითადი აქტივების გადაფასების თანხით უნდა დაკორექტირებულიყო საწყისი კაპიტალის ნაშთი და არ უნდა იყოს ასახული 2020 წლის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში.

ჰიდროგრაფიული სამსახურისა და ინოვაციების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებებში, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აღრიცხულია 1 237 947 ლარის და 1 288 069 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე ძირითადი აქტივები, რომლებიც სრულად გაცვეთილია და მათი საბალანსო ღირებულება ნულის ტოლია. კომპონენტები, სადაც გამოვლინდა დარღვევა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.

საზღვაო აკადემიის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 2 472 593 ლარის ისტორიული და 1 272 172 ლარის საბალანსო ღირებულების არამატერიალური აქტივები 2020 წელს განისაზღვრა განუსაზღვრელი სასიცოცხლო მომსახურების ვადის მქონე არამატერიალურ აქტივებად. აღნიშნულ აქტივებზე დაგროვილი ცვეთა - 1 200 421 ლარის ოდენობით, ექვემდებარებად არავინ ჩამოყერას, რაც არ განხორციელებულა. ინოვაციების სააგენტოს „საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი (IBღD)-ის“ ფარგლებში მომზადებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 11 818 540 ლარის სუბსიდიის ხარჯი მოიცავს 9 995 844 ლარის ისეთ თანხებს, რომელთა აღრიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე შეუსაბამოა ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის ბრძანების მოთხოვნებთან. ამასთან, დარჩენილი 1 822 696 ლარის ნაცვლად, 2020 წლის სუბსიდიის მოცულობა შეადგენს 4 402 470 ლარს.

შედეგად, ინოვაციების სააგენტოს 2020 წლის „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიის“ ხარჯი - 7 416 070 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი, ასევე 2020 წლის ხარჯებში აღრიცხულ 9 995 884 ლარს, „საქონელისა და მომსახურების“ მუხლში რეკლასიფიკაცია სჭირდება.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 33 577 188 ლარის ხარჯი შემცირებულია 567 974 ლარით, რაც წარმოადგენს შეცდომის გასწორებას და უნდა გასწორდეს რეტროსპექტულად.