რა ხარვეზებია აღმოჩენილი სახელმწიფო ქონების გადაცემაში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი სკანდალური დასკვნა - შეცდომით შედგენილი საინვესტიციო ხელშეკრულებები, დარღვეული ვადები და დაურიცხავი პირგასამტეხლო!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2017-2018 წლებში, საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ, სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხება. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ინვესტიციის განსახორციელებლად, სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას გადასცემს ინვესტორს. ზოგადად, პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესში, აუდიტორები უამრავ შეცდომებს, ხარვეზებსა და ნაკლს პოულობენ ხოლმე, მათ შორის, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებშიც კი, სადაც, როგორც წესი, შედარებით კვალიფიციური ფინანსისტები უნდა იყვნენ დასაქმებულნი. ვნახოთ, რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ გახლავთ.

 

ხარვეზები კანონმდებლობაში

როგორც აღვნიშნეთ, პრივატიზება და ზოგადად, სახელმწიფო ქონების გასხვისება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რა დროსაც საბიუჯეტო ორგანიზაციები საკმაოდ უხეშ შეცდომებს უშვებენ. გამონაკლისი არც აუდიტის დღევანდელი ანგარიში გახლავთ. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საპრივატიზებო პირობებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, რაც ქმნის განუსაზღვრელობას და რისკებს, რომ პრივატიზების პირობებით დადგენილი მიზნები შესრულდება არაჯეროვნად ან დაგვიანებით.

არ არსებობს საპრივატიზებო პირობის შეცვლის სანაცვლოდ დასაწესებელი ანაზღაურების დადგენის კანონმდებლობით გაწერილი კრიტერიუმები, რაც ხელს არ უწყობს პროცესის გამჭვირვალობას. ინვესტორისთვის ვალდებულების შესრულების ვადის ოფიციალურად შეცვლა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, ინვესტორს განუსაზღვროს დარღვევის გამოსწორების ვადა. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სააგენტოს მიერ ინვესტორისთვის დარღვევის გამოსწორების ვადის დაწესების მაქსიმალური პერიოდი, შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ფაქტობრივად, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება დარღვევების გამოსწორების ვადების დადგენასთან დაკავშირებით, რაც არასათანადო დასაბუთების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გაუმჭვირვალედ მიღების რისკს ქმნის“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს გარკვეული მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას, თუმცა, როგორც წესი, ინვესტიციის აღიარების კრიტერიუმები გაწერილი არაა. ამას კი, შესაძლოა, ინვესტიციის მოცულობის დადასტურების დროში გახანგრძლივება და სასამართლო დავები მოჰყვეს.

 

ხარვეზები სახელმწიფო ქონების გადაცემაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ თბილისსა და დაბა გუდაურში, განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე, კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი შინაარსის აქტივების გადაცემა, თანაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მიზანშეწონილი არ არის.

ქონების ადგილმდებარეობისა და დადგენილი ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, პრივატიზების პროცესის გასაჯაროება, საპრივატიზებო ობიექტთან დაკავშირებით, ფართო დაინტერესებას გამოიწვევდა. შესაბამისად, მიზანშეწონილი ქონების აუქციონის საფუძველზე რეალიზაცია, რაც უზრუნველყოფდა კონკურენტუნარიან გარემოს და შექმნიდა ქონების ეფექტიანად რეალიზაციის წინაპირობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017-2018 წლებში, ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდა შეფასებით ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. უფრო ზუსტად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ორ შემთხვევაში, ინვესტორებს მიწის ნაკვეთები იმაზე იაფად გადასცა, ვიდრე მათი საბაზრო ღირებულება იყო.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ყოველივე ეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო ქონების ეფექტიანად განკარგვის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებში, მკაფიოდ განსაზღვრული არაა შესასრულებელი სამუშაოების ვადები, პირგასამტეხლო და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. იმის გამო, რომ ხელშეკრულებებში მსგავსი ტიპის ჩანაწერები არ არსებობს, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოების კონტროლი. 

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული თარიღი, პირველ შემთხვევაში, გადავადდა ექვსი თვით, მეორე შემთხვევაში - ექვსი წლით. გადავადების პერიოდებს შორის არსებული მნიშვნელოვანი გადახრა კი, შესაძლებელია განპირობებული იყოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, სააგენტოს მხრიდან რელევანტური ინფორმაციის ფლობის ნაკლოვანებებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა - მიწის ნორმატიული ფასის გამოყენების შემთხვევაში, 289 704 ლარით გაიზრდებოდა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამედიცინო ცენტრის შესაქმნელად, ორი დამოუკიდებელი სამართალწარმოების სახით, ინვესტორებისთვის გადაცემულია ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, საიდანაც ერთ-ერთზე, ერთდროულად, ორი კომპანია გახდა უფლებამოსილი და ვალდებული, ეწარმოებინა სამედიცინო ცენტრის შექმნის სამუშაოები. მეორე ნაკვეთზე კი არანაირი საქმიანობა არ განხორციელებულა შესაბამისად, ვერ დასტურდება, რა მიზნით გადაეცა მიწის ეს ნაკვეთი ინვესტორს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ მიწის ეს ნაკვეთი ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს.

მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინვესტორს საინვესტიციო ვალდებულება მნიშვნელოვნად გაუზარდა - 2 მილიონი ლარიდან, 20 მილიონ ლარამდე.  თუმცა, ამის მიუხედევად, საბანკო გარანტიის ოდენობა არ შეუცვლია, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებს დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, დადასტურებელია ინვესტორის მიერ სასტუმროს, ღია აუზების და ნავმისადგომების მშენებლობისა და ექსპლოატაციის დაწყების ვალდებულებების შესრულება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შენობაზე არც სამშენებლო ნებართვის გაცემა დასტურდება და არც ექსპლატაციაშია მიღებული, სასტუმრო, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს (?!). მეტიც, ინვესტორს სახელმწიფოსთვის არ დაუბრუნებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სესხის სახით გაცემული 2 000 000 ლარი და მისგან მისაღები საპროცენტო სარგებელი“.