რა მიზეზებით არიდებენ თავს მოქალაქეები ნაფიც მსაჯულობას და რა გზას ხედავს ინსტიტუტის გადასარჩენად ცნობილი ადვოკატი - ინტერვიუ ტარიელ კაკაბაძესთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დიდი ისტორია აქვს და ეს ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. საქართველოში უკვე 10 წელზე მეტია, დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის  სისხლის სამართლის საქმეებისთვის. ამ ინსტიტუტის მნიშვნელობაზე "ვერსია" არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს; საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორს, ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრა:

_ბატონო ტარიელ, რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ?

_ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდასთან. მაშინ, როდესაც ძალიან ხშირად გვესმის მოსამართლეების კრიტიკა, მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, მათი საქმეები განიხილონ საზოგადოების წევრებმა. ეს არის ერთგვარი ალტერნატივა, რომლის არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

_თუ ასეა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის განვითარებული ნაფიცების ინსტიტუტი საქართველოში?

_პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ისტორიულად მსაჯულთა მხრიდან საქმეების განხილვა საქართველოსთვის მთლად უცხო არ ყოფილა. არსებობს ხევსურეთისა და სვანეთის ისტორიული მაგალითები, როცა მხარეები თვითონ ირჩევდნენ სასამართლოს შემადგენლობას და ეს შემადგენლობა იხილავდა კონკრეტულ დავას. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენთან თანამედროვე ფორმით დაინერგა 2009 წელს. ეს დრო კი, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი განვითარებულიყო. არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მეტი დრო სჭირდება.

_ საინტერესოა, როგორც გამოცდილი ადვოკატი, კონკრეტულად რა პრობლემებს ხედავთ ამ ინსტიტუტში?

_საზოგადოება ჯერ კიდევ სათანადოდ არ იცნობს ამ ინსტიტუტს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილმა კარგად არ იცის, რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სათანადოდ ვერ ხვდება მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში და შესაბამისად, ნაკლებია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა. ამიტომაც მოქალაქეები ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ თავი ნაფიცი მსაჯულის როლის შესრულებას. ამის შედეგად, ზოგიერთ საქმეზე არ მოდის კანდიდატთა საკმარისი რაოდენობა, მოსული კანდიდატების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა მიზეზით, თვითაცილების ეტაპზევე ცდილობს, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მიაწოდოს, რაც გამორიცხავს მათ ნაფიც მსაჯულად შერჩევას. დროში გაჭიანურებული პროცედურის გამო ხშირად ადვოკატები თავს არიდებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რადგან ეს მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს.

_ გასაგებია. როგორ არიდებენ მოქალაქეები თავს ნაფიც მსაჯულად შერჩევას?

_ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ ნაფიცი მსაჯულობა, კითხვარში უთითებენ ისეთ ინფორმაციას, რაც მათი აცილების საფუძველია. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მოქალაქემ, რომელსაც ჰქონდა გამომძიებლად მუშაობის გამოცდილება, კითხვარში მიუთითა, რომ იყო უსამართლო ადამიანი. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა განზრახ მიუთითა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მტკიცებულებებს დაუდებენ, ის მაინც გაამტყუნებს ბრალდებულს. ბუნებრივია, ასეთ პირს მსაჯულად ვერ შევარჩევდით. არის ასევე შემთხვევები, როდესაც კანდიდატი ამბობს, რომ მუშაობს კონკრეტულ კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე, არ ჰყავს შემცვლელი და ნაფიც მსაჯულად არჩევის შემთხვევაში, კომპანიას დიდი ზარალი მიადგება. სინამდვილეში კი ეს ადამიანი, თურმე, საერთოდ არ ყოფილა დასაქმებული არანაირ კომპანიაში და ტყუილის მიზანი იყო, ამ მეთოდით თავი აერიდებინა ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის შესრულებას.

_ თუ ასეა, გამოსავალს რაში ხედავთ?

_აუცილებელია, ნაფიც მსაჯულთა ინსიტუტის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვყავს ღირსეული საზოგადოება და მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუ სურს ნორმალურ, განვითარებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება, უნდა იყოს მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქცია. ის ამ ფუნქსიის შესრულებას უნდა მიიჩნევდეს საპატიოდ, სასურველად და ისეთ ნაბიჯად, რომლითაც ის კარგ საქმეს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებეული. აუცილებელია, ადვოკატთა, პროკურორთა და მოსამართლეთა შორის მეტი დიალოგი სხვადასხვა პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. ასევე ვფიქრობ, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობა უნდა გავრცელდეს სხვა მუხლებზეც. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა განსჯადია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით, ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი არაა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა მაშინ, როცა აღნიშნული დანაშაული ბევრად უფრო მძიმეა და სასჯელის სახით, ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ადვოკატთა ასოციაცია ცდილობს, მეტი პოპულარიზაცია გაწიოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. ადვოკატები ვცდილობთ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის შესრულება არის საპატიო და ამით ადამიანი ქვეყანას ემსახურება.

_ „ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემია“ დააარსეთ, რა იქნება თქვენი საქმიანობის მიზანი?

_ გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებაც გაზრდის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციას, ქვეყანაში ადვოკატთა კორპუსის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის დონეს და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განვითარებას. უცხოელი და ქართველი კოლეგების ჩართულობით განვახორციელებთ არაერთ პროექტს, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.