„ვახო სანაია თუ თავის ოჯახზე გველაპარაკება და სპეკულირებს, სხვას არ ჰყავს ოჯახი?! ტელევიზიით უნდა გამოაჭენოს ეს ბიჭები და მოძალადეები უძახოს?!“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ვატო შაქარაშვილთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ვატო შაქარაშვილი და „უცნობი“ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულებს თავდებში უდგებიან

 „ფორმულას“ ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და ვატო შაქარიშვილი, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვენ და როგორც თავად ამბობენ, 2 000 ადამიანთან ერთად, მათ თავდებში უდგებიან. ისინი ხელმოწერებით მივლენ სასამართლოზე და თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

ვახო სანაიას თქმით, მას და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რის გამოც სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ვახო სანაიას თქმით, თავდამსხმელები მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა. „ვერსია“ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატ ვატო შაქარაშვილს ესაუბრა:

 

- ბატონო ვატო, რატომ უდგებით თავდებში სანაიას საქმეზე დაკავებულებს?

- ეს ადამიანები არიან პოლიტმედიაბულინგის მსხვერპლნი...

- რას გულისხმობთ?

- მაშინ, როდესაც საზოგადოდ ცნობილი დამნაშავეები, პარალმენტზე შტურმის ავტორები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ვგულისხმობ რურუას, მელიას და ა.შ. და ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი ვიცით, როცა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, დამნაშავეები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, მეორე მხრივ, გვაქვს შემთხვევა - ერთი საყოფაცხოვრებო, მსუბუქი დანაშაული, თუ საერთოდ შეიძლება, ამას დანაშაული ვუწოდოთ, სადაც ეს ადამიანები, მედიამ ლინჩის წესით გაასამართლა, სასამართლოს განაჩენამდე. შეგიძლიათ, გადახედოთ ამ მედიასაშუალებების დღის წესრიგს, სტატიებს და ნახავთ, რომ ისინი ამ ადამიანებს მოძალადეებს ეძახიან, გამოაქვეყნეს მათი ფოტოები, მიდის ოჯახის შეურაცხყოფა და ზეწოლა, სასამართლო და პროკურატურა დაექვემდებარა ამ პოლიტმედიაბულინგს და ამ ბიჭებს უარი უთხრეს გირაოზე. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ვინმეს უდანაშაულობა-დამნაშავეობაზე, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვამბობთ, რომ განაჩენამდე, ყველამ თავი შეიკავოს ამ ადამიანების მოძალადეებად გამოცხადებისგან და განაჩენამდე, სასამართლომ გაათავისუფლოს ეს ადამიანები იმიტომ, რომ მათგან ერთ-ერთი მძიმედ დაავადებულია. თუ ნახავთ სასამართლო პრაქტიკას, მსუბუქ მუხლებზე გამოიყენება აღკვეთის მსუბუქი ღონისძიება, რაც არის გირაო.

- კი, მაგრამ თავად ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე ამ პირებმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადეს, მან გამოაქვეყნა ვიდეოკადრები...

- თქვენ გინახავთ ეს ვიდეოკადრები?

- დიახ, რაც ტელევიზიით გავიდა, ყველამ ვნახეთ.

- მე ცოტა მეტი მაქვს ნანახი და საქმეში უფრო დიდი ვიდეოკადრებია...

- და, რა ჩანს იმ კადრებში?

- გასაგებია თქვენი კითხვა. ვახო სანაია იტყუება, რომ მასზე პროფესიული ნიშნით განხორციელდა შეურაცხყოფა მას შემდეგ, რაც ჩამოიხსნა პირბადე და ის იცნეს. მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მას პირბადე არ ეკეთა მანამდეც, შესაბამისად, ეს ადამიანები მას იქამდეც იცნობდნენ.

- მაშინ, რატომ მოხდა ეს დაპირისპირება?

- არ ვიცი, იქ ხმა არ ისმის. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა მსუბუქი შეხლა-შემოხლა, რაც ქუჩაში, ავტობუსში, ეზოში, სამსახურში, ყველგან ხდება.

- თქვენ საიდან იცით, რომ ეს ამბავი მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება? იცნობთ ამ პირებს?

- ჩვენ მოვუსმინეთ ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ვიცით, საქმეში რა ჩვენებებიც დევს, ვნახეთ ვიდეოკადრები და ყველაფერი ეს, გვაძლევს საშუალებას, რომ შეფასება გავაკეთოთ. ჩვენ ადამიანებს არ ვასამართლებთ.

- კი, მაგრამ რატომ დაინტერესდით ამ საქმის დეტალებით, თუ დაკავებულ პირებს არ იცნობთ?

- მაინცდამაინც უნდა ვიცნობდე? საზოგადოებრივ აქტივობას ვეწევი სტუდენტობის ასაკიდან და მაშინაც ვიცავდი ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში. მე თვითონ ვიყავი უდანაშაულოდ ციხეში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ასე რომ, არ მჭირდება ნაცნობობა. არაა აუცილებელი, ჩემი ბიძაშვილი და მამიდაშვილი იყოს, რომ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანი დავიცვა! ეს არის პოლიტმედიაზონდერების მსხვერპლი და ამისგან ვიცავთ. ეს დიდი ბრძოლის ერთი ეპიზოდია, ცალკე არ უნდა შევხედოთ ამ ფაქტს. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ზემოქმედებს პოლიტმედიაბულინგი ამ ქვეყანაში და როგორ ქმნის დღის წესრიგს.

- თქვენ ამ ადამიანების წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვთ?

- პირველ რიგში, გამოყენებულ იქნას აღკვეთის მსუბუქი ღონისძიება - სასამართლო გადაწყვეტილებამდე, ბიჭები გათავისუფლდნენ. დარწმუნებულები ვართ, საბოლოო ჯამში, სიმართლე გაიმარჯვებს და ამ ბიჭებს არ მოუწევთ ციხეში ჯდომა იმისთვის, რაც მათ არ ჩაუდენიათ.

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ დარწმუნებული ხართ, ამ პირებს ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა შეგახსენებთ, სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

- მათგან განსხვავებით, სახელდებას არ ვაკეთებ. ვამბობ, რომ გადაწყვეტილებამდე, ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ, ყველა მხარემ დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და განაჩენამდე, ამ ბიჭებს მოძალადეები არ ეძახონ, ოჯახის თვალწინ არ გააუბედურონ, არ გაანადგურონ ოჯახები, რასაც აკეთებდნენ. ვახო სანაია თუ თავის ოჯახზე გველაპარაკება და რაღაცებით სპეკულირებს, სხვას არ ჰყავს ოჯახი?! ტელევიზიით უნდა გამოაჭენოს ეს ბიჭები ოჯახის თვალწინ და მოძალადეები უძახოს, დედას შეურაცხყოფა მიაყენოს?! ნახეთ, რა სიტყვებით იხსენიებს სანაია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბიჭებს იცავენ, დედას იგინება პირდაპირ. ესე იგი, მაგისგან შეურაცხყოფა არ ისჯება და მის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფა დახვრეტას უნდა ითვალისწინებდეს?! ასე არ იქნება!

- თუ ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები მასზე მოძალადეები არიან და ეს დადასტურდება, დავუტოვით უფლება, საკუთარ სივრცეში თქვას ის, რასაც ფიქრობს.

- „თუ“ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და მთელი უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ „თუ“-ზე დგას. მან შეიძლება, პოლიციაში შეიტანოს განცხადება, დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სასამართლოში და არა მედიით მოახდინოს ამ ადამიანებზე ბულინგი, ზეწოლა და შეურაცხყოფა. ეს იმ დიდი სურათის ნაწილია, რის წინააღმდეგაც 9 აპრილის შეკრება გაიმართა რიყეზე და ეს ბრძოლის ერთი ეპიზოდია, სადაც აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე.