ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს - პირველი დებატები დასრულებულია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პირველი ტელედებატები გამართეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა.

ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ორგანიზებული დებატები ფილადელფიაში, ადგილობრივი დროით 10 სექტემბრის საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობდა.

ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სიცრუეში.

დებატების პირველი ნაწილი ეკონომიკას ეხებოდა. რესპუბლიკელების კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტია დაადანაშაულა ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში, კამალა ჰარისს „მარქსისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ჰარისის პროგრამა ბაიდენის პროგრამის ასლია.

დემოკრტების კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებს დაუტოვა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი უმუშევრობა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „შესაძლებლობების ეკონომიკის“ მშენებლობას აპირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი ტელედებატების დროს ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს. დონალდ ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა დებატების წამყვანის შეკითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. რესპუბლიკელების კანდიდატის პასუხი იყო, რომ ომის შეწყვეტა უნდა, რადგან მილიონობით ადამიანი იღუპება.

ტრამპის განცხადებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომლებიც მას, განსხვავებით ბაიდენისგან, პატივს სცემენ და შეუძლია, რომ კონფლიქტის მოგვარებას ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მიაღწიოს.

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასთან იბრძვის და არა ჯო ბაიდენთან. დემოკრატების კანდიდატის განცხადებით, აშშ-ის ნატოელი მოკავშირეები მადლიერი არიან, რომ ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის.

ჰარისის თქმით, ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, დღეს პუტინი კიევში იჯდებოდა და მზერა მიპყრობილი ექნებოდა დანარჩენი ევროპისკენ. კამალა ჰარისმა ვლადიმირ პუტინს უწოდა დიქტატორი, რომელსაც შეუძლია ტრამპი სადილად შეჭამოს.

59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.

კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.