თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომლებიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლიან. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითიც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით. კარგად მახსოვს, 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, თუ რა მდგომარეობა გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და რა რაოდენობით. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც, ერთი მხრივ, ლოგიკურია – ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი, ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრ-ნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურისა და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან ხელს უწყობს ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებასა და ჰაერის მდგომარეობაზე.