სახელმწიფო აუდიტის დასკვნა - ხარვეზებით შედგენილი ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი-რა დარღვევები გამოვლინდა იუსტიციის სამინისტროში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებები შეამოწმა. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2021 წელს ეხება. როგორც მოსალოდნელი იყო, დარღვევები გამოვლინდა, როგორც მატერიალურ მარაგებში, ასევე ვალდებულებებში, შემოსავლებსა და ხარჯებში.

 დარღვევები ფინანსურ ანგარიშგებაში

იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოკლევადიანი მიმდინარე დებიტორული დავალიანებები“ და „სხვა მოკლევადიანი მიმდინარე აქტივები“, ჯამურად, 60 077 252 ლარი იყო.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, 2021 წელს მოთხოვნა-ვალდებულებების ინვეტარიზაცია არ ჩაუტარებია. გარდა ამისა, იუსტიციის სახლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ორი კომპანიის მიმართ 2017-2018 წელს წარმოშობილი 865 185 ლარის მოთხოვნა, რომელზეც მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს მოთხოვნა წარმოადგენს ხანდაზმულ დებიტორულ დავალიანებას და მათი მიღების ალბათობა მცირეა:

„საჯარო რეესტრის სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ირიცხება 72 215 ლარის 2007-2016 წლებში წარმოშობილი დებიტორული დავალიანება, რომლის მიღების ალბათობა მცირეა; პენიტენციური სამსახურის ბალანსზე აღრიცხულია 148 653 ლარის მოთხოვნები, რომლებიც წარმოადგენს სპეციფიკური მარაგების დანაკლისს და მისი მიღების ალბათობა მცირეა; საჯარო რეესტრის სააგენტოს საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე არსებული მოთხოვნის ნაშთი ჯამურად, 180 610 ლარით ნაკლებია 2021 წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ საგადასახადო მოთხოვნების ნაშთზე“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

აქედან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „მოთხოვნების“ მუხლი 1 266 663 ლარით მეტია.

 დარღვევები მატერიალურ მარაგებში

იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მატერიალური მარაგების ნაშთი 28 974 938 ლარია. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო რეესტრსა და სერვისების სააგენტოს ერიცხებათ 1 401 906 ლარის საბალანსო ღირებულების სხვადასხვა ტიპის მარაგები, რომელთაგან ნაწილი ექსპლოატაციაშია, ნაწილი კი გამოუსადეგარია, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს.

„გარდა ამისა, საჯარო რეესტრის სააგენტოს მატერიალური მარაგების ანგარიშზე ირიცხება 460 000 ლარის, 500 ლარზე მეტი ღირებულების მქონე აქტივები, რომელთა გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია, შესაბამისად, ისინი უნდა კლასიფიცირდეს „ძირითად აქტივებად“; სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლის ჯამურად - 60 774 ერთეული მატერიალური მარაგი ასახულია მხოლოდ რაოდენობრივად; საჯარო რეესტრის სააგენტოს, შესაბამისი რაოდენობის გარეშე აღრიცხული აქვს 118 000 ლარის ღირებულების მარაგი; იუსტიციის სახლის მიერ არ არის ელიმინირებული შიდაჯგუფური ოპერაციები, რის შედეგადაც მარაგების ნაშთი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 410 376 ლარის გაზრდილადაა წარდგენილი“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსურ ანგარიშგებაში, 2008 წლიდან ირიცხება 37 600 ლარის მარაგი, რომელიც წარმოადგენს ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილ დანაკლისებს და არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს; სერვისების სააგენტოს მიერ, ნაცვლად 2020 წლისა, 30 066 ლარის მარაგები მხოლოდ 2021 წელს ჩამოწერეს.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ „მატერიალური მარაგების“ მუხლი, 2021 წლის 31 დეკემბრით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2 374 935 ლარით მეტია.

 ხარვეზები ქონების სარგებლობაში

საჯარო რეესტრის სააგენტოს ბალანსზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხება 18 831 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში. ამასთან, 71 520 ლარის არასაცხოვრებელი შენობები არ იმყოფება სააგენტოს ფაქტობრივ სარგებლობაში. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 8 391 852 ლარის შენობა-ნაგებობები, რომლებიც მის ფაქტობრივ სარგებლობაში არ არის; ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 1 310 904 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შეწყვეტილია სარგებლობის უფლება.

„2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში -  „გრძელვადიანი აქტივების“ მუხლის საბოლოო ნაშთი გაზრდილია 9 793 107 ლარით, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნაწილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ექვემდებარება ფაქტობრივ მოსარგებლეებზე გადაცემას და ბალანსიდან ჩამოწერას. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს სხვადასხვა საბალანსო ერთეულში იდენტიფიცირებულია ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ისეთი ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ არის შეფასებული და აქტივების ანგარიშზე ასახული, კერძოდ: იუსტიციის სახლის ბალანსზე ირიცხება 5 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის შეფასებული და ღირებულებით ასახული; პენიტენციური სამსახურის ბალანსზე იდენტიფიცირებულია ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 311 465 კვ.მ. მიწა, რომელიც არ არის შეფასებული და ძირითადი აქტივების ანგარიშზე ასახული“.

გარდა ამისა, 2021 წელს, პენიტენციურმა სამსახურმა შეაფასა 466 768 კვ.მ. ფართის სხვადასხვა მიწა, თუმცა აღნიშნული აქტივები შეფასებული და ასახულია 5 514 304 ლარით ნაკლები ღირებულებით.  შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „მიწის ნაკვეთი“ 5 514 304 ლარით ნაკლებია.

 დარღვევები ვალდებულებებში

იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ვალდებულებების ჯამური ნაშთი 17 061 181 ლარია. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციური სამსახურის ვალდებულებების საბოლოო ნაშთი 438 000 ლარითაა გაზრდილი, რაც უკავშირდება შეცდომით ორი კომპანიის დავალიანების დუბლირებულად დარიცხვას. გარდა ამისა, კრედიტორული დავალიანების ნაშთი მოიცავს 2005 წელს გაუქმებული მიწის მართვის დეპარტამენტის 1 160 374 ლარის ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს 2004 წლამდე წარმოშობილ დავალიანებებს, რომელზეც წლების განმავლობაში, ბრუნვა არ განხორციელებულა და შესაბამისად, მათი დაფარვის ალბათობა მცირეა.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსური ანგარიშგების მუხლში − „ვალდებულებები დეპოზიტით“ ასახულია 154 105 414 ლარის ნაშთი. ეს მუხლი შედგება სააღსრულებო პროცედურების შედეგად ამოღებული და კრედიტორებისთვის გასანაწილებელი თანხების, ასევე, გირაოს თანხებისგან. ვალდებულებების აღრიცხვასთან მიმართებით ვლინდება შემდეგი გარემოებები: 2 274 969 ლარის ოდენობით სადეპოზიტო ვალდებულების წარმოშობის წელი და კრედიტორების ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბიუროს შექმნის დროს არსებულ აღრიცხვის პრობლემებს, რის შედეგადაც ვერ ხერხდება კრედიტორების იდენტიფიცირება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი შემოსავლებიდან, 514 000 ლარის წარმოშობის თარიღია 2020 წელი, ან წინა წელი, რის გამოც არ წარმოადგენს მიმდინარე წლის შემოსავალს. ასევე, 2021 წელს გამომუშავებული შემოსავლების ნაწილი - 221 000 ლარი, არ არის აღიარებული 2021 წლის ანგარიშგებაში. მეტიც, სადეპოზიტო ვალდებულებების ანგარიშზე არსებული ნაშთებისა და ოპერაციების კონტროლისთვის არ არსებობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა დამუშავება ხდება მანუალურად, MS Excel-ის პროგრამაში, რასაც დროის დიდი რესურსი სჭირდება.

„კონტროლის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის დაშვების რისკიც. ამგვარი სახის კონტროლი ვერ უზრუნველყოფს სადეპოზიტო თანხების შესახებ სანდო და ოპერატიული ინფორმაციის მიღებას. გარდა ამისა, სადეპოზიტო ვალდებულების საბოლოო ნაშთი მოიცავს გამარტივებული საქმის წარმოების საფასურებს თანხით - 67 000 ლარს, რაც ბიუროს შემოსავალია და არა ვალდებულება. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო, სადეპოზიტო ვალდებულებების ბუღალტრულად აღრიცხვა არ წარმოებს ინდივიდუალურად, კრედიტორების მიხედვით. საბუღალტრო ანგარიშზე თანხების ზრდა და შემცირება აისახება ჯამურად, ბანკის ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. ნაშთები მოიცავს გირაოს თანხებს, სააღსრულებო პროცედურების შედეგად ამოღებულ და კრედიტორებისთვის გადასარიცხ, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ, ბიუროს მომსახურების საფასურის თანხებს“.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში, „ვალდებულებების“ მუხლი 1 886 374 ლარით მეტია, ხოლო „შემოსავლების“ მუხლი გაზრდილია 226 000 ლარით. ამასთან, სახელმწიფო აუდიტორები ვერ დარწმუნდნენ 2 274 969 ლარის „სადეპოზიტო ვალდებულების“ არსებობასა და სიზუსტეში.

 

დარღვევები შემოსავლებში

იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან“, 138 259 553 ლარია. აუდიტორული პროცედურების შედეგად გაირკვა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შემოსავლები ასახულია 1 620 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 200 000 ლარი კონტრაქტორისთვის უკან დაბრუნებული თანხაა, ხოლო 1 163 611 აღრიცხულია საკასო მეთოდით.

„ამის გამო, მუხლი - „შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან“ 1 363 611 ლარით მეტია. გარდა ამისა, 2020 წელს, აშშ-ის საელჩომ პენიტენციურ სამსახურს გადასცა 30 ერთეული 111 817 ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერი, რაც შემოსავლებში მხოლოდ 2021 წელს ასახეს. საჯარო რეესტრის მიერ, შემოსავლებში არ არის ასახული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად მისაღები 58 000 ლარი“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სერვისების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის სააგენტოს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათ მიერ 2021 წელს, მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა, დღგ-ის გარეშე, 58 593 463 ლარი და 51 349 889 ლარი შეადგინა. სააგენტოებში არ არსებობს შესაბამისი სისტემა, რომლის საშუალებითაც ინტეგრირებული იქნება მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურებისა და ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვას და შექმნიდა კონტროლის მექანიზმს.

„ბილინგის სისტემაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია, დაახლოებით, 829 000 ლარის განაცხადი, რომელსაც აქვს სტატუსი − „მიმდინარე“. შესაბამისად, თანხა 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, შემოსავლის ნაცვლად, უნდა აღიარდეს, როგორც კრედიტორული დავალიანება ანუ მიღებული ავანსი“.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „შემოსავლების“ მუხლი 2 246 428 ლარით მეტია, ხოლო კრედიტორული დავალიანების - მიღებული ავანსის საბოლოო ნაშთი შემცირებულია 1 992 611 ლარით.

 დარღვევები ხარჯებში

იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ხარჯები ჯამურად, 455 440 358 ლარია. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გააორმაგა  ხარჯების დარიცხვა - 438 000 ლარის ოდენობით. მეტიც, 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, პენიტენციურმა სამსახურმა ასახა 2022 წლის „გრანტის“ ხარჯი - 153 463 ლარის ოდენობით. საჯარო რეესტრს, საბიუჯეტო სახსრებიდან გაწეული 1 564 416 ლარის „საქონლისა და მომსახურების ხარჯი“ ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი აქვს, როგორც მიმდინარე ტრანსფერი, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმას არ შეესაბამება.

„საჯარო რეესტრის მიერ, მსოფლიო ბანკის პროგრამის - „საქონლისა და მომსახურების ხარჯი“ აღირიცხა საკასო მეთოდით. არადა, ამ ხარჯებიდან, 149 777 ლარი წარმოადგენდა მარაგების შესყიდვას, რის გამოც „საქონლისა და მომსახურების ხარჯების“ მუხლი გაზრდილია. სერვისების სააგენტოს მიერ, 2021 წელს ასახულია წინა წლის 30 000 ლარის საქონელი და მომსახურების ხარჯი; 2021 წელს, პენიტენციურმა სამსახურმა 215 372 ლარის მარაგები ჩამოწერა, რაც წინა პერიოდის ხარჯებს უკავშირდება“.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში, „ხარჯების“ მუხლი ჯამურად, 986 612 ლარით მეტია.

 

ავტორი: მაკა რუხაძე