აჭარაში განხორციელებული აუდიტის ანგარიშებს გენერალური პროკურატურა სწავლობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტის რომელი ანგარიშები გადაუგზავნა უწყებამ გენერალურ პროკურატურას

ავტორი: მაკა რუხაძე

 

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიისა და აჭარის სამინისტროების საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის. ანგარიშები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა, თავის დროზე, „ვერსიაში“ დეტალურად გვაქვს განხილული. 2021-2022 წლებში, პროკურატურაში გადაგზავნილია ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. მოდით, თვალი გადავავლოთ აუდიტის მიერ გამოვლენილ იმ დარღვევების ნაწილს, რომლებიც გენერალურმა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.

ბათუმის მერია

დავიწყოთ ბათუმის მერიის აუდიტით, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების შეჩერებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენებას, რაც არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს. სახელმწიფო აუდიტორების საპასუხოდ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებლებმა დააფიქსირეს, პანდემიის ბრალია. რაც მთავარია, აუდიტის დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი ბათუმის მერიამ 2021 წელს უკვე შეასრულა, ხოლო რეკომენდაციების ნაწილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახლაც ასრულებენ.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. ყოველივე ეს, ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას... მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68.8 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, რომლის ღირებულება 55 000 006 ლარი იყო. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ, სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სანაპირო ზოლზე აშენდა 1 750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა ანუ ქვის წყობა, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, ნაპირსამაგრი ნაგებობა შედის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება ანუ ინერტული მასალის შეტანა. ბათუმის მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა აუდიტის პერიოდისთვის არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებით, დაგეგმილია სათანადო ღონისძიებების გატარება ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“.

აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები, რომელთა ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიამ უძრავი ქონება არ მიიღო. 

ქობულეთის მერია

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ქობულეთის მერიას არ ჩაუტარებია ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 19 523 656 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია არ მოიცავდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა უძრავ ქონებას, რომლის ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამ წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება. ინვენტარიზაციის დადგენილი წესით ჩაუტარებლობის გამო, მუნიციპალური ქონების ნაწილი ჯერ კიდევ არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

„გარდა ამისა, 8 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟი და ამის შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება. შესაბამის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, დემონტაჟის სამუშაოები შესრულებულია და ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტის ბალანსზე ასახვა არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის, მოცულობისა და განთავსების ლოკაციების თაობაზე. გამომდინარე ქონების დემონტაჟის შემდეგ გასული პერიოდისა, მაღალია რისკი, რომ ქონება განადგურებულია ან/და იმყოფება მესამე პირების არამართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნულის გამო, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ქონების იდენტიფიცირება და ინვენტარიზაცია“.

ხელვაჩაურის მერია

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხელვაჩაურის მერიამ 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, რომელსაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად გადაუხადეს 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, 45 064 ლარი აანაზღაურეს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2019 წელს. სახლი ეკომიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი.

„წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს - შპს „მშენებელთა ჯგუფს“, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია და ფაქტობრივად, ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა და პროექტის ინსპექტირება განახორციელა მესამე მხარემ და რეალური ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს. აღნიშნული დასტურდება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, თუმცა მერიას ამ მომსახურებისათვის მიმწოდებელზე გადახდილი აქვს 10 000 ლარით მეტი ანუ 85 000 ლარი“.

აუდიტის ანგარიშით ისიც ირკვევა, რომ ამასთან ერთად, გენერალური პროკურატურა ხელვაჩაურში, წყალმომარაგების კუთხით შესრულებული სამუშაოებითაც უნდა დაინტერესდეს. მიზეზი აუდიტის ანგარიშში დეტალურადაა ახსნილი:

„ხელვაჩაურის ორ სოფელში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით, გეოლოგიური კვლევისათვის, ბიუჯეტიდან გადახდილია 45 000 ლარი. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მერიამ სოფელ განახლებაში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 134 829 ლარის ხარჯი, რომელიც მოიცავდა სატუმბის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობას, ასევე, მაგისტრალის არსებულ ჭაბურღილზე დაერთებას, თუმცა განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ანალოგიური მიზეზის გამო, არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც“...