არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ტურისტულ სექტორში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სხვა კომპანიის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კანონდამრღვევს ფინანსური სანქცია დააკისრა

ავტორი: მაკა რუხაძე

 

ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტიც დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას. მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ შპს „ბი ეს თი“ უკანონოდ იყენებდა მომჩივანის - შპს „ეს.ი.ეი“-ს იდენტურ სასაქონლო ნიშნებსაც და სატრანსპორტო საშუალებების იერსახესაც. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „ბი ეს თი“-ს დაეკისრა ფინანსური სანქცია - 284.22 ლარის ოდენობით და რაც მთავარია, დაევალა კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგები და გადაწყვეტილება საკმაოდ ვრცელი, დაახლოებით, 40-გვერდიანი დოკუმენტია. ბუნებრივია, ამ დოკუმენტის ერთ საგაზეთო სტატიაში წარმოდგენა შეუძლებელია, ამიტომ, „ვერსია“ ტურისტულ სექტორში დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე დაწყებული მოკვლევის შედეგებსა და გადაწყვეტილებას შემოკლებით გთავაზობთ.

 

შპს „ეს.ი.ეი“-ს საჩივარი

2022 წლის 10 მარტს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, შპს „ეს.ი.ეი“-მ (დირექტორი, გერმანე ჭელიძე) შეიტანა საჩივარი, რომელიც ეხებოდა შპს „ბი ეს თი“-ს (დირექტორი, გიორგი კვიჟინაძე) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს. საჩივრის საფუძველზე, სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 11 აპრილის №04/40 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა „ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედების აკრძალვის“ სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

„მომჩივანი ეკონომიკური აგენტი აპელირებდა შპს „ბი ეს თი“-ს მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე. შპს „ეს.ი.ეი“ აღნიშნავს, რომ ის 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში ბრენდული სახელწოდებით World Sightseeing Tour, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორულ ურთიერთობაშია ბრიტანულ კომპანია City Sightseeing Limited-თან და ეწევა ტურისტულ მომსახურებას, როგორიცაა პერსონალური, გასტრონომიული, თუ რელიგიური ტურებისა და ექსკურსიების მოწყობა, გიდით მომსახურება და სხვა. მისი ძირითადი მიმართულებაა, თბილისის მასშტაბით, სპეციალური ავტობუსით ტურების მოწყობა. ამასთან, განმარტავს, რომ კომპანიის ბრენდული ნიშანი და დიზაინი დაცულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“, სასაქონლო ნიშნად.

მომჩივანი განმარტავს, რომ შპს „ეს.ი.ეი“-ს ყოფილმა თანამშრომელმა. 2016 წლიდან დააარსა შპს „ბი ეს თი“, ბრენდული სახელწოდებით Old Tbilisi Tours, რომელიც ასევე სთავაზობს ტურისტულ მომსახურებას მომხმარებლებს. ეს კომპანია და მისი ავტოსაშუალების დიზაინი, ფაქტობრივად, იდენტურია შპს „ეს.ი.ეი“-სა. კომპანია იყენებს განმცხადებლის მიერ კანონით დაცულ სასაქონლო ნიშნის იდენტურ ნიშნებს. მეტიც, ტურისტული ავტობუსის ფერი, მასზე დატანილი ნიშნები, ბრენდული სახელწოდების მოყვანილობა, დიზაინი, შიდა ინტერიერი, ბილეთების გასაყიდი ჯიხური და სარეკლამო ბროშურები თითქმის იდენტურია. ამასთან, მომჩივანის განმარტებით, ავტობუსების გაჩერებებს შორის დისტანციაც კი ძალიან მცირეა“, - ვკითხულობთ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ბრძანებაში.

ამ გარემოებების შედეგად, მომჩივან კომპანიას ადგება სერიოზული რეპუტაციული და ფინანსური ზიანი, ვინაიდან მსგავსება იმდენად ძლიერია, რომ მომხმარებლისთვის ორი კომპანიის სხვადასხვა ეკონომიკურ აგენტებად იდენტიფიცირება ვეღარ ხდება და მომჩივანის შეფასებით, შპს „ბი ეს თი“ - ს მხრიდან ირღვევა საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ.

 

შპს „ბი ეს თი“-ს პოზიცია

2022 წლის 11 მარტის N02/187 წერილით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ბი ეს თი“-ს დირექტორს აცნობა, რომ 2022 წლის 10 მარტს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შევიდა შპს „ეს.ი.ეი“-ს საჩივარი, სადაც მოპასუხე მხარედ დაფიქსირებული იყო შპს „ბი ეს თი“. წერილთან ერთად, გადაიგზავნა წარდგენილი საჩივარი, დანართის სახით და ეთხოვა პოზიციის მოწოდება შვიდი სამუშაო დღის ვადაში.

„მოპასუხემ, 2022 წლის 24 მარტს, ელექტრონულად დაადასტურა N02/187 წერილის მიღება, თუმცა არ წარმოუდგენია საკუთარი პოზიცია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ბი ეს თი“-ს, წერილობით კიდევ ორჯერ ეთხოვა წარმოედგინა საკუთარი პოზიცია, რაზეც სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი საპასუხო წერილი, რომელშიც მხარე მხოლოდ მოკლედ ხსნის, რომ მის კომპანიას საერთო არაფერი აქვს მომჩივან კომპანიასთან: ტურის შინაარსი, სახელი, ლოგო, გიდის ფორმატი და ფასები განსხვავებულია. დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, მ/წ 7 ივლისს დაინიშნა ახსნა-განმარტებითი სხდომა შპს „ბი ეს თი“-თან, რომლის შესახებაც კომპანიას ეცნობა 28 ივნისის წერილით. თუმცა, მოპასუხე მ/წ 7 ივლისს, ახსნა-განმარტებით სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ეს სხდომა ჩაიშალა“.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩანიშნულ შემაჯამებელ სხდომაზე, სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი - საქმის მასალებთან ერთად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნა მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს - შპს „ბი ეს თი“-ს. ადრესატმა არ დაადასტურა გაგზავნილი შეტყობინება, რის გამოც მოგვიანებით სააგენტომ დაბარების შეტყობინება გააგზავნა საქართველოს ფოსტის საშუალებით, შპს „ბი ეს თი“-ს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე, თუმცა აღნიშნული წერილი ადრესატს არ ჩაბარდა.

„2022 წლის 9 აგვისტოს, სააგენტოს წარმომადგენლები შეეცადნენ, შპს „ბი ეს თი“-სთვის ჩაებარებინათ აღნიშნული დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ადგილზე, კერძოდ, თბილისში, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოპასუხის კუთვნილი ტურისტული ჯიხურისა და ავტობუსების გაჩერების ადგილზე. სააგენტოს წარმომადგენლებს ადგილზე დახვდათ შპს „ბი ეს თი“-ს თანამშრომელი, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გაეცნო, როგორც მოპასუხე ეკონომიკური აგენტის პრომოუტერი. მან უარი განაცხადა დოკუმენტაციის ჩაბარებაზე და აღნიშნა, რომ შპს „ბი ეს თი“-ს დირექტორი არ იმყოფებოდა ადგილზე. სააგენტოს წარმომადგენელი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის დირექტორს დაუკავშირდა ტელეფონით, თუმცა მან უარი განაცხადა დოკუმენტაციის ჩაბარებაზე“.

ვინაიდან, მოპასუხეს დოკუმენტაცია ვერც - ფოსტით, ვერც - ელექტრონული ფოსტით და ვერც ადგილზე მიტანით ვერ მიაწოდეს, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის, 2022 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურმა ეს მასალები „სავალდებულოდ წასაკითხის“ სტატუსით, ავტორიზებული გვერდის საშუალებით გადაუგზავნა შპს „ბი ეს თი“-ს, რომელიც ამ უკანასკნელმა, 15 სექტემბერს მიიღო.

 

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება და სანქცია

2022 წლის 09 ივნისს, მომჩივანის - შპს „ეს.ი.ეი“-ს წარმომადგენელთან, კონკურენციის სააგენტოში გაიმართა ინდივიდუალური ახსნა-განმარტებითი სხდომა მომჩივანის წარმომადგენელთან. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ეს.ი.ეი“ იყენებს მხოლოდ World Sightseeing Tours-ისა და Tickets and Tours-ის სასაქონლო ნიშნებს, რომლებიც დარეგისტრირებულია „საქპატენტში“. გარდა ამისა, კომპანია იყენებს ავტობუსის დიზაინს, რომელიც ბრიტანული კომპანია City Sightseeing Limited-ის სასაქონლო ნიშანია, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ კომპანიას შორის არ არსებობს და ადგილი აქვს არაფორმალურ, პარტნიორულ ურთიერთობას.

„მხარეები ინფორმაციას ცვლიან მხოლოდ ელექტრონულად, რომელიც სრულად კონფიდენციალურია. შპს „ეს.ი.ეი“-ს ბუკლეტები, ავტობუსებზე წარწერები და ოფისის აბრევიატურა ზემოაღნიშნული ორი სასაქონლო ნიშნისაგან შედგება. მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა გამოწვეულია ავტობუსების შეფერილობისა და სასაქონლო ნიშნების მსგავსებით. კერძოდ, ასოების მოყვანილობითა და ფერით. ასევე, ავტობუსების განთავსება ხდება ერთსა და იმავე ადგილას. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, აღინიშნა, რომ სირთულის გამო, მომჩივანის მხრიდან, ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. მატერიალური ზარალი გამოიხატება იმაში, რომ კონკურენტი კომპანიის პოლიტიკის გამო, შპს „ეს.ი.ეი“ კარგავს პოტენციურ მომხმარებელს. მომჩივანი უთითებს, რომ მისთვის გადამწყვეტია რეპუტაციული ზიანი, ვინაიდან შეცდომაში შესული მომხმარებლების მიერ დაწერილი არასასურველი კომენტარები რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას“.

მომჩივანის წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მომჩივანსა და მოპასუხეს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, მოპასუხის მხრიდან სადავო ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხე კვლავ აგრძელებს იგივე ქმედებას და შპს „ეს.ი.ეი“-ს ისევ ადგება რეპუტაციული და მატერიუალური ზიანი.

„მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა შპს „ბი ეს თი“-ს მხრიდან კანონის დარღვევა - ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებები. ამ კანონდარღვევისთვის საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა სანქციის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას. კერძოდ, კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის, ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში - 3%-ს. ამდენად, კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სამართალდამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას. კერძოდ, ჯარიმის ზედა ზღვარი შეადგენს ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 1%-ს. ამასთან, ჯარიმის მინიმალურ ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს. კონკრეტულ შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 1%-ის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვინაიდან მინიმალური ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის, ჯარიმის ზოგადი საზღვრებიც დგინდება სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 1%-ის ფარგლებში“.

კონკრეტულად ამ შემთხვევაში, სამართალდამრღვევ სუბიექტს წარმოადგენს შპს „ბი ეს თი“, რომლის მიმართაც, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა კანონდარღვევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, სამართალდამრღვევისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ზოგადი ზედა ზღვარი შეადგენს შპს „ბი ეს თი“-ს წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 1%-ს. სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, „წინა ფინანსურ წელში“ იგულისხმება სააგენტოს მიერ, ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წლის წინა ფინანსური წელი, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ დადგინდეს ეკონომიკური აგენტის აქტუალური ფინანსური შესაძლებლობები, რაც უნდა იყოს ჯარიმის საკმარისად პრევენციული ოდენობის განსაზღვრის საფუძველი. ვინაიდან მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება 2022 წელს, ჯარიმა უნდა განისაზღვროს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის 2021 წლის წლიური ბრუნვიდან.

„იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ბი ეს თი“-ს მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დადასტურდა, შპს „ბი ეს თი“-ს დაეკისროს ჯარიმა - 284.22 ლარის ოდენობით; კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ბი ეს თი“-ს დაევალოს, მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ავტობუსის იერსახის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მომხმარებლის მხრიდან ეკონომიკური აგენტების აღრევის რისკი. ასევე, შპს „ბი ეს თი“-ს აეკრძალოს მომჩივანის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - WST (N97758/3) მიმსგავსებული გრაფიკული სიმბოლოს გამოყენება; შპს „ბი ეს თი“-ს დაევალოს, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედების თაობაზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ერთი თვის ვადაში“.