სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება - რა ცვლილებები მომზადდა მთავრობის დადგენილებაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: მაკა რუხაძე

 

სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები 15 ლარიდან 30 ლარამდე გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებები მთავრობის შესაბამის დადგენილებაში. ახალი ინიციატივის შესახებ, პრემიერმა 26 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.

მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება მთავრობის იმ დადგენილებაში, რომელიც სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. უფრო ზუსტად, იზრდება ქვეყნის შიგნით, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, რაც ნიშნავს, რომ აქამდე არსებული 15 ლარის ნაცვლად, ამიერიდან ეს ხარჯი 30 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯებს, მათი ნორმები თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით არსებული რეალობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, სევე,  ქვეყნის გარეთ მივლინებისას, სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა. განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს საჯარო და კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრისვე ინიციატივით, ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა დაკორექტირდება. ის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ერთიან სტანდარტთან, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც.

„საშუალოდ, დაახლოებით, 37%-იანი ზრდა იქნება ქვეყნების მიმართულებით, ზოგან - მეტი, ზოგან - ნაკლები იქიდან გამომდინარე, რა ოდენობითცვლება ფასები ამა თუ იმ ქვეყანაში. ქავეყნის გარეთ, ძირითადად, სამი კატეგორია იქნება დღიურ ნორმებთან მიმართებაში - 45 აშშ დოლარის, 60 აშშ დოლარისა და 75 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. რაც შეეხება ვალუტას, ბუნებრივია, ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილია ევროში, სხვა ქვეყნებში - დოლარში. არის ქვეყნები, სადაც ეს შეღავათი შესაბამისი ქვეყნის ვალუტაშია დადგენილი. მაგალითად, ბრიტანეთში იქნება ფუნტით და ასე შემდეგ“.

ვნახოთ, რა იცვლება სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯებში კერძო სექტორში. მთავრობის მეთაურის ინიციატივით, კერძო სექტორთან მიმართებაში, ფინანსთა მინისტრის ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, რომლის ფარგლებში, არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სწორედ, ამ ნორმებზე და ამ ოდენობით გავრცელდება ეს საგადასახადო შეღავათი. საჯარო, კერძო სექტორში დასაქმებული პირები ანუ კომპანიები, რომლებიც გადაიხდიან ამ ჭერის ფარგლებში სამივლინებო ნორმებს, იარსებებს საგადასახადო შეღავათი, როგორც დღეს არსებობს. ამ ნორმების ფარგლებში, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადიდან.

მთავრობის დადგენილება, რომელშიც ეს ცვლილებები შედის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №220-ია.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მესამე მუხლის საფუძველზე და 174-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას:

ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად; ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარ­ჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას: ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად; ბ) მგზავრობის ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გრძელვადიანი (30 დღეზე მეტი ვადით) სამსახურებრივი მივლინებისა,ს პირველი 30 დღის განმავლობაში, სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს მოკლევადიანი (30 დღემდე ვადით) მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართით განსაზღვრულ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.

დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაფერი ეს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისად, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების შედეგია.