"საქართველო გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს" - პრემიერი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

 

„ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება.

 

თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსვლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს.

 

„ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.