ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა,რომ ვიფიქროთ ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების დაცვაზე - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში.

 „გუშინ ჩემს გამოსვლაში, ჩემო ძვირფასებო, ჩამოვაყალიბე, ჩემი აზრით, ის ძირითადი მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო ამ 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქენო, გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ასე ვთქვათ, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი.

ახლა მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო ამ 30 წელიწადს ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რაიმე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ყოფილიყო ომი, უბედურება, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის. ეს არის პირველი მთავარი სვეტი, რომელზეც მინდოდა, რომ მესაუბრა. მთავარი არის მშვიდობა და სტაბილურობა.

განსაკუთრებით რატომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამის თაობაზე, გუშინაც ვისაუბრე და ყველანი მგონი ვთანხმდებით, რომ დღეს არის ურთულესი პერიოდი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება მთელს მსოფლიოში. მსოფლიო დგას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ეს არ არის ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს და მათ რიტორიკას, მათ მუქარებს. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც არის ძალიან საშიში. ასეთ ვითარებაში, ჩვენს ქვეყანას, მინდა ყველას გკითხოთ და გავხსნა დისკუსია, პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის მთავრობამ, ხელისუფლებამ, როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ პირველ რიგში, ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე. ეს ასე იქნება. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს შფოთვა, არეულობა, დესტაბილიზაცია. ძალიან ბევრი მცდელობა იყო და აღარ მინდა ამის თაობაზე ვისაუბრო და შეგაწყინოთ თავი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ის, რომ თავიდან ავირიდეთ ჩვენი ქვეყნის ამ დიდ დამანგრეველ ომში და კონფლიქტში ჩართვისგან“, - განაცხადა პრემიერმა.