31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.
„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის I მუხლში.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [2] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
31 მარტის რეფერენდუმის შედეგები
საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.334.282 ადამიანმა, რაც ამომარჩეველთ საერთო რიცხვის 90,79%-ს შეადგენდა.
სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 3.295.493 ამომარჩეველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08 %-ს შეადგენდა.
სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა 16.917 ამომარჩველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51 %-ს შეადგენდა.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%-ს შეადგენდა.
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.
31 მარტის რეფერენდუმის პოლიტიკური მნიშვნელობა
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ხოლო 29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ კომუნისტური პარტიისა და აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერები — ვლადისლავ არძინბა, სერგეი ბაღაფში, სერგეი შამბა და სხვები, რომლებმაც პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. აღნიშნული პოლიტიკური ძალების (შემდგომში — სეპარატისული ლიდერების) მიერ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულის, კერძოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობით მოხდა მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების პირდაპირი აღიარება, რაც კიდევ ერთი დასტურია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურობისა.
31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა
რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყნის ხელისუფლებას მეტი საფუძველი მისცა საქართველოს პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად. დაეყრდნო რა 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ავტორი-სალომე ნოზაძე
მასალა მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით
32 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი