ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილები დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“ ანუ „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“

 ილჰამ ალიევი: „დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველო თავის ისტორიულ მისიას - შეასრულოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია - იბრუნებს. ამის ნათელი მაგალითი და დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტები გასული წლის განმავლობაში. თუმცა კულმინაცია უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში, შვეიცარიის ალპებში, კერძოდ, დავოსში გამართული ტრადიციული ეკონომიკური ფორუმი იყო, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, ბოლოს კი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

შეხვედრები პოლიტ-ეკონომიკურ ლიდერებთან

დავიწყოთ იმით, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი შეხვედრა გამართა სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის, Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორ ჰანი ვეისთან და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის - Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკლას მარტენსონს შეხვდა. ამ შეხვედრის ფარგლებში, ღარიბაშვილმა შვედ ბიზნესმენს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.  

შვედური გადამზიდავი კომპანია - Stena Line, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორია. კომპანია ოპერირებს დანიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. კომპანიის შემოსავალი 407.5 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც 37 გემს ატარებს ევროპის ცხრა ქვეყანას შორის, 17 საბორნე მარშრუტზე.

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა. ამ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით, მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

CitiGroup უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ფილიალები აქვს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. კომპანიაში 210 000 ადამიანია დასაქმებული, მისი შემოსავალი კი, 2021 წლის მონაცემებით, 71 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ ალან ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში, მრავალი წლის განმავლობაში, არაერთი შვეიცარიული კომპანია ოპერირებს წარმატებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.

შვეიცარიის პრეზიდენტის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩსაც შეხვდა. განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

რაც მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა. დისკუსიის მონაწილე ლიდერებმა მსოფლიოში ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა გერმანული ენერგეტიკული კომპანია - RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკუს კრებერს. მხარეებმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებული რესურსები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ამ კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას, მასში დასაქმებულია 19 000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი - 24.5 მილიარდ ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისაც შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. 2022 წელს, გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო კომპანიაში 23 000 ადამიანი მუშაობს.

დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანია - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ სულთან აჰმედ ბინ სულეიმსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. DP World ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა დუბაიში - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელსაც მსოფლიოში მოქმედი 78 საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანსაც შეხვდა, რა დროსაც განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ისტორიული მნიშვნელობის პანელური დისკუსია დავოსში

„დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ თუ კავკასიის სამივე ქვეყანა გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, რეგიონი ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება.

„ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა, სამწუხაროდ, არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ - იმიტომ, რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და ამაზე უარი თქვა სომხეთმა.

დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იქ იკრიბებიან, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის ამ განხადებამ ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ მისიას, სადაც დაპირისპირებული მხარეები - სომხეთი და აზერბაიჯანი მოსალაპარაკებლად იკრიბებიან. მეტიც, ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ამ  ეტაპზე, მზად მხოლოდ საქართველო და აზერბაიჯანი არიან.

ამის შემდეგ, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომით დაიწყო და აღნიშნა, რომ  ესაა კატასტროფული ომი მთელი რეგიონისთვის, რომელიც საქართველოსაც ეხება:

„ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე, ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ, ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ინფრასტრუქტურაში. გზატკეცილები, რომლებიც ქვეყანაში შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საგზაო იონფრასტრუქტურის მშენებლობაში 2.3 აშშ მილიარდი დოლარი ჩაიდო, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას.

„აქვე, მინდა, ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა - შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49%-ზე კი - გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს, საქართველოს 550 000 ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 000 - ბათუმში. ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე ყურადღება გაამახვილა ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის, როგორც ამბიციური პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ახორციელებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ: 

„2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში ვიყავით და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, საქართველოს გაივლის 15-20 დღეში, არადა, ზღვით, 45 დღე სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია, ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას. ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები - ამ მიმართულებით, აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან“.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სხვა მონაწილეების მსგავსად, პანელურ დისკუსიაზე მოდერატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის მირეკ დუშეკის კითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველო ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე:

„ჩვენ გვაქვს გზატკეცილები და რკინიგზა. ამ ეტაპზე, რკინიგზის წარმადობაა 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ, ამ ეტაპზე, რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რაც 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რა დროსაც მისი წარმადობა 48 მილიონი ტონა იქნება. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად, რომელიც მზად იქნება 2024 წელს - ამ პროექტიდან 25 მილიონი ტონა შემოვა, ამიტომ ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია.

აქვე, მინდა, ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი აქვს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ათეულშია:

„პირველ ოცეულშიც კი ვართ ეკონომიკური თავისუფლებისა და ბევრი სხვა რეიტინგის, თუ ინდექსების კონტექსტში, ამიტომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყანაში. აქვე, მინდა, ვახსენო, რომ ჩვენც გვაქვს თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონები, ოთხია ასეთი საქართველოში. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოსა და აზერბაიჯანში. ყოველივე ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ამჟამად, შესაძლებლობათა მხოლოდ 27%-ს ვიყენებთ. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - წყლის, მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ.

გვინდა, გამოვიყენოთ ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა - ეს ყველაფერი, ჯამში, ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას, რაც ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი. მმართველობის საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რომელზეც შევთანხმდით 2027 წლამდე, ამ პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხი ამ დერეფნისთვის“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო რეგიონში არსებულ ვითარებასაც:

„რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიატორი. რაც ბატონმა პრეზიდენტმა - ილჰამ ალიევმა ბრძანა, ნამდვილად ჩვენს ინტერესებშია, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა იმიტომ, რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ - აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ შესაძლებლობებად, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.

ერთი რამ მინდა ვახსენო - ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში, არსებობდა ერთი, საზოგადოდ ცნობილი ტერმინი - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა - „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, ასე რომ, მე მჯერა თანამშრომლობის“.

 

ავტორი: მაკა რუხაძე