„წყნარად და მშვიდად ცხოვრობს კიევი და ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს შეჭრას“- როგორ აფასებს მოვლენებს ნონა მამულაშვილი უკრაინიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 თათია გოჩაძე

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ უკრაინაა, რადგან რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინას დასავლეთისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც გამოიხატება როგორც ცალსახად მხარდამჭერ განცხადებებში, ასევე სამხედრო შეიარაღებისა და ფულად დახმარებაში. აღნიშნულ დაძაბულ ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე საქართველოსაც დაემუქროს. საქართველოს მმართველმა ძალამ კი უკვე წარადგინა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. უკრაინაში იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ნონა მამულაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც „ვერსია“ გთავაზობთ: 

_ ქალბატონო ნონა, რა ვითარებაა ახლა უკრაინაში? შეინიშნება თუ არა მოსახლეობაში შიშისა და პანიკის განცდა?

_ როგორც იცით, უკრაინაში უკვე მერვე წელია, საომარი მდგომარეობაა და შესაბამისად, დღეს ის უკრაინა აღარაა, რაც 2014 წელს იყო. მაშინ უკრაინა შოკში ჩავარდა, როცა რუსეთი თავს დაესხა და არ იყო მოსახლეობა და ჯარი მზად ასეთი მასშტაბური ომისთვის. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო. მაგრამ ამის შემდეგ გავიდა 8 წელი, უკრაინა გაიწვრთნა ამ ომში, გაიგო რუსული ტაქტიკის, სტრატეგიული სვლების შესახებ, მთელი დასავლური სამყარო გვერდით დაუდგა. უკრაინას დღეს ულტრათანამედროვე შეიარაღება აქვს, ჰყავს ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც წვრთნები გავლილი აქვთ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში და შესაბამისად, დღევანდელი უკრაინა ბევრად უფრო ძლიერი და უკეთ მომზადებულია, ვიდრე იყო 2014 წელს. რაც შეეხება მოსახლეობას, უკვე 8 წელია, ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს და შესაბამისად, პანიკა არ შეინიშნება. რა თქმა უნდა, ნერვიულობა არის იმ ფონზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, ბელორუსიის საზღვართანაც არის განთავსებული რუსული ჯარები. კიევის მოსახლეობა ცდილობს, ნაწილობრივ მაინც, ძალიან ფრთხილად და ორგანიზებულად ოჯახის წევრები გაიყვანონ, მაგრამ ამას არ აქვს მასობრივი და პანიკური ხასიათი. ძალიან წყნარად და მშვიდად ცხოვრობს კიევი და ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი რეალურად გადაწყვეტს შემოჭრას.

_ როგორც პარლამენტის დეპუტატი, როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ვითარებაში და როგორ აფასებთ მმართველი ძალის მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას?

_  ეს რეზოლუცია იყო არამც თუ სამარცხვინო, არამედ მოღალატეობრივი იმიტომ, რომ უკრაინას და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი და ეს არის პუტინის რუსეთი. მაშინ, როცა უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო დაუდგა გვერდით, მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში დგება და რუსეთის ხსენებაც კი აშინებს. ეს არის საქართველოს ინტერესების და ჩვენი მომავლის ღალატი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია არ გამოხატავს ქვეყნის პოზიციას და ჩემთვის პრინციპული იყო, რომ როგორც რიგითი მოქალაქე და დეპუტატი, დღეს ფიზიკურად აქ ვყოფილიყავი და ადგილზე გამომეხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის.

_ საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციისგან კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტი შედგენილია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ესკალაცია...

_ ძალიან მიამიტური და გულუბრყვილოა, თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ამ რეზოლუციით ის შეაკავებს რუსეთს და თუ რუსეთს აქვს განზრახული, რომ საქართველოს მიმართაც აწარმოოს ანალგიური პოლიტიკა, რასაც უკრაინას უპირებს, ამ რეზოლუციით ის კვლავ გააგრძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას და ამით რაღაცას აგვარიდებს. რუსეთი ისედაც შემოჭრილია უკვე საქართველოში და ვხედავთ ჰიბრიდულ ომს ყოველ დღე. ვხედავთ, როგორ იტაცებს რუსეთი საქართველოს მოსახლეობას, იპრყობს საქართველოს ტერიტორიებს და ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ სირცხვილია საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი პოზიცია.

_ ქალბატონო ნონა, ასევე მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის საკითხი. არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, შეწყვეტთ თუ არა საპარლამენტო ბოიკოტს? NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ხომ არ დადგა დრო, შეწყვიტოთ ბოიკოტი და გამოიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა საზოგადოების პრობლემებზე სასაუბროდ?

_ დაგეთანხმებით, რადგან თუ სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ ტოვებს პარლამენტს, ასეთი სახის ბოიკოტს უკვე აღარ მოაქვს შედეგი. ბოიკოტმა დასაწყისში თავის შედეგი მოიტანა, მაგრამ ამ ფორმით გაგრძელება, ვფიქრობ, აღარანაირ მიზანს არ ემსახურება და შესაბამისად, ჩემი პირადი აზრია, რომ უნდა დავბრუნდეთ პარლამენტში და სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. გამოვიყენოთ ეს პლატფორმა საქართველოს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ.

_ საინტერესოა, რა პოლიტიკური გეგმები აქვს თქვენს პარტიას, უნდა ველოდოთ მასობრივ საპროტესტო აქციებს?

_ ცოტა ხნის წინ ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა განახლება და ახალი გუნდი მუშაობს სტრატეგიაზე. ეს არის ძალიან ძლიერი ინტელექტუალების გუნდი, რომელიც, ვფიქრობ, მალე წარუდგენს საზოგადოებას ჩვენი პარტიის სტრატეგიას და ხედვას. ეს იქნება ის სტრატეგია, რომელსაც პარტია გაჰყვება შემდგომ პერიოდში და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი დიდი ხანია, ელოდება.

_ პარტიის რებრენდინგი ახსენეთ და გკითხავთ - საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა ნიკა მელიას აღებული კურსი, რა დროსაც თქვენ, სხვა კოლეგებთან ერთად, გახდით ენმ-ის ახალი სახე და მელია ცდილობდა, კოალიციური გაერთიანების შექმნას. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

_  აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერ შუაშია ამ განახლებასთან. ეს განახლება დაიწყო შარშან და ვფიქრობ, იყო რაღაც შეფერხებები იმიტომ, რომ ნიკა მელია იყო დაჭერილი, შემდეგ არჩევნები იყო და ა.შ, თუმცა, ახლა გაგრძელდა ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული და ვფიქრობ, საკმაოდ ჯანსაღად მიდის ეს პროცესი. ამიტომ ერთის მეორესთან დაკავშირება მოვლენების მცდარი შეფასებაა.