ფაქტები-კრემლი სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრემლი მუდმივად ამტკიცებს, რომ მის მიერ დაპყრობილი ქვეყნების სეპარატისტულ მოძრაობებს არასოდეს დახმარებია, მათ არჩევანი თავად გააკეთეს და იბრძვიან საკუთარი რესურსებით. რუსეთი ამ შემთხვევაში ყოველთვის „მშვიდობისმყოფელად“ ასაღებს თავს, რომელიც თითქოს და მხოლოდ კონფლიქტების შეჩერებას ცდილობს. ასეთი სტრატეგია გამოიყენა მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ანექსირებულ უკრაინაშიც. რამდენიმე დღის წინ, ფაქტიურად დაესვა წერტილი ეჭვებს იმის თაობაზე, რომ დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს იარაღით სწორედ კრემლი ამარაგებს.

კონფლიქტებში გამოყენებული შეიარაღების კვლევების გავლენიანმა ბრიტანულმა ცენტრმა საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. თემასთან დაკავშირებით, ცენტრის ანალიტიკოსმა დამიენ სპლეტერსმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველეს“ ამომწურავი პასუხები გასცა. სამი წლის განმავლობაში, ცენტრის ანალიტიკოსები ფოტო და ვიდეო მასალებზე დაყრდნობით იკვლევდნენ იმას, თუ რა იარაღით იბრძვიან უკრაინელი სეპარატისტები კიევის წინააღმდეგ. კვლევის საგანი გახდა მათ შორის ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენებიც.. დამიენ სპლეტერსის თქმით, მის კვლევით ცენტრს აქვს იმ შეიარაღების ანალიზის გამოცდილება, რომელიც მთელს მსოფლიოში მომხდარი 25 სხვადსხვა კონფლიქტის დროს გამოიყენებოდა. „ჩვენ გავაანალიზეთ სხვადასხვა შეიარაღება, მისი ყოველი კომპონენტი და დავადგინეთ წარმომავლობა. სიახლე ის არის, რომ ზუსტად გავიგეთ თუ როგორ შლიდნენ კვალს, რომელიც ამ იარაღის წარმომავლობის დადგენას შეუშლიდა ხელს. ეს არ ყოფილა ქაოტური, ეს სისტემური მცდელობები იყო. ჩვენ შევადარეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აღრიცხული შეიარაღება და ის, რომელიც ბოევიკებს ჩამოართვეს.“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ გამოკვლეული შეიარაღების დიდი ნაწილი არ ყოფილა უკრაინის არმიის აღრიცხვაზე. შესაბამისად, ის ვერსია, რომ კონფლიქტში ძველი საბჭოთა შეიარაღება გამოიყენებოდა, რომელიც უკრაინის საჯარისო ნაწილებს წაართვეს, რეალობას არ შეესაბამება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის ფედერაციაში არის წარმოებული. „საიდენტიფიკაციო მარკირების წაშლა იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცას ძალიან უნდოდა, რომ ამ იარაღის იდენტიფიკაცია არ მომხდარიყო. ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ ვიცოდეთ, თუ ვის მიერ და სად იყო ეს იარაღი წარმოებული. რაც ვიცით ის არის, რომ ეს 1991 წლის შემდეგ წარმოებული შეიარაღებაა. ის არ იყო აღრიცხვაზე უკრაინაში, ვიღაცამ მისი საიდენტიფიკაციო ნიშნების გაქრობაზე იზრუნა.

       

რუსეთის ფედერაციამ არ გვიპასუხა ჩვენს მიმართვაზე იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს იარაღი აღრიცხვაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს-პირველად დავინახეთ ასეთი გამჭირვალობა სახელმწიფოს მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.“-ამბობს სპლეტერსი. ასევე, ექსპერტის თქმით, ანექსირებულ დონბასში ნაპოვნი უპილოტო საფრენი აპარატის კვლევის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე წლის წინ ასეთივე აპარატი ლიეტუვაშიც იყო გამოყენებული. ის ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და იქაურმა მესაზღვრეებმა იპოვეს. სპლეტერსი დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კიდევ ერთხელ ხდება გასაგები- „უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ არის იზოლირებული შემთხვევა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაივიწყოს და ამ კონფლიქტს აქვს პირდაპირი კავშირი ევროკავშირის უსაფრთხოებასთან.“ მისი თქმით, ასეთივე უპილოტო საფრენი აპარატები ადრე ლიბიასა და სირიაში იყო გამოყენებული, იქ სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფები იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიები მოქმედებენ, რომლებთან კავშირსაც კრემლი უარყოფს, თუმცა ყველა კვალი ვლადიმერ პუტინის პარტნიორთან, ოდიოზურ ევგენი პრიგოჟინთან მიდის. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ყველა დამოუკიდებელი გამოძიებით, 2014 წელს დონბასის მახლობლად მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე სწორედ კრემლია-როგორც ცნობილია, სწორედ სეპარატისტების მიერ რუსული სამხედრო ბაზიდან გატანილი საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკიდან“ გასროლილი რაკეტა მოხვდა „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს, რის შედეგადაც 298 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. კრემლი დღემდე უარყოფს ამ ფაქტს და ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. რაც შეეხება „დოიჩე ველეს“-სთვის მიცემულ კონკრეტულ ინტერვიუს, დამიენ სპლეტერსი მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ევროპაში გაიაზრონ, რომ რუსული შეიარაღება შეიძლება ევროპის ქვეყნების წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული. ის იმედოვნებს, რომ მათ შორის მისი ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით, კრემლთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნები სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

 

 

ნოდარ ჭითანავა