ასლან ბჟანია თავდაცვით მდგომარეობაში გადავიდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასლან ბჟანია და პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთის ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები „სახალხო-პატრიოტულ კავშირში“ ერთიანდებიან, რომელიც პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით „სახალხო შეკრებას“ მოიწვევს. აფხაზეთში JAMnews-ის რედაქტორი ინალ ხაშიგი აანალიზებს ამ მოვლენის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს.
აფხაზეთში, აქამდე დაქუცმაცებული ოპოზიცია გაერთიანდა. ახლა მთელი დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის გატარება ასლან ბჟანიას თავდაცვით მდგომარეობაში მოუწევს. თანამედროვე აფხაზეთის ისტორიამ ძალთა ასეთი განლაგების გათვალისწინებით, მოვლენათა სხვაგვარი განვითარება არ იცის.
________________________________________
• „ხელისუფლების ბედი ბარიკადების გამძლეობაზეა დამოკიდებული“. აფხაზეთი პროტესტმა მოიცვა
• უვადო აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით: აფხაზეთში პროტესტი გრძელდება
• მოსაზრება: ემოციების კრიზისი აფხაზეთში
________________________________________
როდესაც ოპოზიცია ერთიანდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მას არ უსმენს და შურისძიების მიზნით იწყებს რესურსების დაგროვებას, რათა თავისი ძალაუფლება სისტემურად გადაიტანოს უსასრულობამდე.
და თუკი ეს მტრობის ალგორითმი პროცესში ორივე მხრიდან კარდინალურ გადახედვას არ დაექვემდებარა, „უსასრულობა“, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე არასტაბილური დემოკრატიებისთვის ბანალური სიტუაციით – პრეზიდენტის გადადგომით.
„ლაით-რეჟიმი“ ბჟანიასთვის
პრეზიდენტის პოსტზე ასლან ბჟანიას ორი წინამორბედი – ალექსანდრ ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა ოპონენტების ასეთი გაერთიანების შედეგად (პირველი 2014 წლის მაისში, მეორე კი 2020 წლის იანვარში), იძულებული გახდა, ვადამდე დაეტოვებინა თანამდებობა.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის აპრილში ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია მისთვის „ლაით-რეჟიმში“ ვითარდებოდა.
და ეს პანდემიის მიუხედავად, როდესაც ხელისუფლებამ სიტუაცია ფაქტობრივად თვითდინებაზე მიუშვა. მიუხედავად მწვავე ენერგეტიკული კრიზისისა, რომლის მიზეზიც ხელისუფლების დაუფიქრებელი მოქმედება გახდა, რომელმაც უცებ გადაწყვიტა, რომ ენერგოდეფიციტის დამარცხებაში მაინინგის ლეგალიზაცია დაეხმარებოდა.
ეს გიჟური ინიციატივა ორი თვის შემდეგ უკან გადაითამაშეს, მისი ისევ აკრძალვით, მაგრამ უკვე გვიან იყო. რადგან ხელისუფლებას მაინინგთან დაკავშირებული სიტუაციის გაკონტროლების არანაირი ძალა და სურვილი აღარ დარჩა. თავისი უძლურობის კონსტატირება მან მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვით მოახდინა, რომლის გრაფიკიც სიცივის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მკაცრდება.
მაგრამ ამ ფაქტორების პირობებშიც კი, პრეზიდენტ ბჟანიასთვის „ლაით-რეჟიმი“ შენარჩუნდა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა მთავარმა კონკურენტმა – ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ადგურ არძინბამ თავდაპირველად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო სასახლის ფანჯრების ჩამსხვრევა და კარის ჩამოღება – მისი მეთოდი არ არის.
მეტიც, მან დახმარებაც კი შესთავაზა არაპოპულარული რეფორმების განხორციელებაში. მეორე არანაკლებ ამბიციურმა ოპოზიციონერმა, სოხუმის ყოფილმა მერმა კან კვარჩიამ საერთოდ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისთვის მემორანდუმის ინიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ყველა პოლიტიკური ძალა უარს ამბობს პოლიტიკური კრიზისების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაზე.
თუმცა, ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რეფორმები არ განხორციელებულა, დაპირებული წესრიგის დამყარება კი აშკარად ცალმხრივი აღმოჩნდა – როდესაც სხვებს სჯი, შენიანებს კი ჰპატიობ.
შესაძლოა, რეფორმების არგატარებაც ეპატიებინათ ასლან ბჟანიასთვის, მით უფრო, რომ თვითონ ოპოზიციასაც არ აქვს ნათელი ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან. მაგრამ ახლა, პრეზიდენტის შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კანონი, წესრიგი და სამართლიანობა, სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სკანდალური ინციდენტის მაგალითზე, რადიკალურად განსხვავდებოდა ოპოზიციის ხედვისაგან.
საბედისწერო ინციდენტი
მოკლედ გავიხსენოთ კონფლიქტის ისტორია. 30 სექტემბერს, როდესაც აფხაზეთი 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების მორიგ წლისთავს ზეიმობდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გარი კოკაიამ თავის თანასოფლელებთან, სოფელ აძიუჟბელ ომის ვეტერანებთან ერთად ქეიფის შემდეგ, პისტოლეტიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის დაწყნარება საკუთარ თავზე აიღო ჯგუფმა, რომელსაც პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი, დმიტრი დბარი ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ, დეპუტატისა და ვეტერანების ცემის შემდეგ, ბიჭურად, თავისი მსხვერპლი „ბრძოლის ველზე“ დატოვა და მილიცია წავიდა. ბუნებრივია, მეორე დღეს, დაზარალებულმა მხარემ, ისე რომ არ ხსნიდა პასუხისმგებლობას თავის დეპუტატს, პრეზიდენტისგან სამართლიანობა – დმიტრი დბარის გადაყენება მოითხოვა.
პრეზიდენტი თვეზე მეტხანს აჭიანურებდა პასუხის გაცემას, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია ასე თუ ისე თავისით დამშვიდდებოდა, მაგრამ დროის გაწელვამ კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, რადგან აძიუჟბელების მხარეს დადგა მთელი ოპოზიცია. საბოლოოდ მან მინისტრი შეინარჩუნა.
რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა
თუმცა, ახლა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების საპასუხოდ ოპოზიცია გაერთიანდა, ღრუბლები თავად პრეზიდენტის თავზე შეიყარა. ახლა იმისათვის, რომ „ზაზუნას დღე“ ჩვეული სცენარით არ წავიდეს – როდესაც უკმაყოფილო ჯგუფი შტურმით იღებს პრეზიდენტის სასახლეს – ასლან ბჟანიას ესაჭიროება ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი აფხაზი ლიდერისთვის არაორდინარული ქმედებები.
ორდინარული ქმედებები – როდესაც პრეზიდენტი თვითონ აქცევს საკუთარ სასახლეს ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრედ, უკვე ვნახეთ მისი წინამორბედებისგან და რით დასრულდა ასეთი გადაწყვეტილებები, ესეც ყველამ იცის.
ასე რომ, რაც უფრო მეტად ჩაებღაუჭება პრეზიდენტი თავის სავარძელს, ამასთან, დაივიწყებს იმას, რომ ეს საგანი მას აფხაზმა ხალხმა ანდო, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ამ პოსტზე დარჩენის. ის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი უნდა იყოს და არა უბრალოდ თავისი მხარდამჭერების ლიდერი. და მაშინ მას ყველაფერი გამოუვა.

წყარო:jam-news