ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები რუსული და სხვა წყაროებით ფინანსდებოდა - კობახიძე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი დამტკიცდება და ძალაში შევა, მის საფუძველზე შექმნილი რეესტრის მეშვეობით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, მათ შორის ვის მიერ ფინანსდებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები და ვის ინტერესში შედიოდა მისი დაბლობკა.

კობახიძის თქმით, წყაროებს შორის იყო რუსულიც და არარუსულიც.

„შეგახსენებთ, იყო მაგალითად ნამახვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან, აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყარობი და იყო სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომელიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს, ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფა, ეს იყო მთავარი მიზანი. კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, მე არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო ამაზე, რამდენიმე თვეში იქნება... რუსულიც იყო, მაგრამ არარსულიც იყო, როდესაც დაიდება რეესტრი იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსებოდა, რისთვის ფინანსდებოდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამის საფუძველზე საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები. საზოგადოება იმსჯელებს ამაზე, რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება, სუს-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) აქვს თავისი ინფორმაცია, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იყოს გამჭვირვალე შესაბამისი ინფორმაცია“,- თქვა პარლამენტში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები საზოგადოების თვითორგანიზებით ჩარიცხული თანხებით ფინანსებოდა.

"ჩვენი მოძრაობის ფინანსები გავასაჯაროვეთ, როცა ამაზე თავის დროზე იყო ინტერესი საზოგადოების მხრიდან. რამდენიმე თვის წინ ავტვირთეთ აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა ჩვენს ანგარიშებთან დაკავშირებით. ეს არის თავიდან ბოლომდე საზოგადოების თვითორგანიზებით ჩარიცხული თანხები და ძირითადად, ემიგრაცია რიცხავდა ჩვენს ანგარიშზე ამ თანხებს და ეს ყველამ იცის. აუდიტი ჩვენ თვითონ მოვიწვიეთ, რომ ყველაფერი ცხადი ყოფილიყო. ამ პროცესის საფუძველი ის არის, რომ უბრალოდ დისკრედიტაცია მოახდინონ ადამიანების და აგენტის იარლიყი მიაწებონ.",- თქვა ვარლამ გოლეთიანმა,

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში გასული წლის მაისში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ.
წყალტუბოს მუნიციალიტეტ სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.
ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამხად ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება. ის დიდი ჰესების - ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის მშებელობლობას მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს.