რა მიზეზით თქვა უარი სვეტიცხოველში მღვდელმსახურმა უკრაინელი ბავშვის მონათვლაზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

17 ნოემბერს "ფეისბუკზე" ახალციხის მერობის ყოფილმა კანდიდატმა მანუჩარ ჩაჩანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, 10 ნოემბერს სვეტიცხოველში უკრაინის მოქალაქის მონათვლასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების შესახებ. მისი თქმით, უკრაინელ ბავშვს ქართველი სასულიერო პირი ნათლობაზე უარს ეუბნებოდა იმ არგუმენტით, რომ საქართველო არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ჩაჩანიძის თანახმად, უკრაინელი ბავშვის ნათლობის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი დამოუკიდებლად ვერ იღებდა და ითხოვდა, მშობლებს და ახლობლებს ეს საკითხი საპატრიარქოსთან შეეთანხმებინათ.

"- ჩვენ ვეკუთვნით, მოსკოვის პატრიარხატს, მოსკოვის საპატრიარქომ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარა, ასევე ჩვენც არ დავუჭირეთ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი, მსგავსი მსახურების აღსრულება, ნებართვის გარეშე არ შეგვიძლია

- რას ამბობთ მამაო, ადამიანს მონათვლა თუ უნდა , რა მნიშვნელოვა აქვს, რომელ სარწმუნოებას ეკუთვნის? ან სადაა მონათლული?

- ერთადერთი გამოსავალი არის, რომ შეათანხმოთ საპატრიარქოში და მეორე იმ შემთხვევაში შეილება მონათვლა, თუ მშობლები და ნათლიები მონათლული არიან იქამდე, ვიდრე უკრაინის ეკლესია გაემიჯმებოდა რუსეთის ეკლესიას", - ასე აღწერს მანუჩარ ჩაჩანიძე მართლმადიდებელ სასულიერო პირთან დიალოგს. მას არ ახსოვს ამ კონკრეტული მღვდლის ვინაობა. როგორც ჩაჩანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ სასულიერო პირს ისინი სამორიგეოში შეხვდნენ და საბოლოოდ, ბავშვიც მონათლეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ნათლიები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე იყვნენ მონათლული.

რადიო თავისუფლებამ ფაქტის შესახებ ჰკითხა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. მისი შეფასებით, მონათხრობს სიცხადე აკლია და ძნელი სათქმელია, რა მიზეზით ეუბნებოდნენ უარს ნათლობაზე.

"მხოლოდ ამ პოსტზე დაყრდნობით ვერ გავარკვევთ მიზეზს, ცალმხრივი იქნება დასკვნა. საჭიროა თავად მოძღვრისგან მოვისმინოთ. უცნობია, რომელ მღვდელმსახურზეა საუბარი", - გვითხრა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, როგორია ზოგადი პრინციპი, შეიძლება თუ არა უკრაინელ ბავშვს საქართველოს ეკლესიამ რაიმე მიზეზით უთხრას უარი ნათლობაზე, დეკანოზმა გვითხრა, რომ "უკრაინელობის გამო, არა." ჩვენ ასევე ვიკითხეთ, მოიკვლევს თუ არა საპატრიარქო, რა მოხდა სვეტიცხოველში 10 ნოემბერს, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ მოიკვლევს. ამბის გამავრცელებელსა და შემთხვევის მონაწილეს, მანუჩარ ჩაჩანიძეს ამ დრომდე საპატრიარქოდან დეტალების დასაზუსტებლად არავინ დაჰკავშირებია.

"მშობელი სულ რომ სატანისტი იყოს, ვამპირი იყოს, მანიაკი, ათეისტი, კომუნისტი, "კამიკაძე" ტერორისტი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნათლავთ ცალკეულ პიროვნებას, რომელზეც პასუხისმგებლობას ნათლიები იღებენ.

ეს უფრო მომდინარეობს იქიდან, რომ მღვდელი ფრთხილობს, ვინაიდან არ არის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და თავისუფალი, იცის რა, რომ უკრაინელებთან დამოკიდებულებაში სპეციფიკური განწყობებია და ცდილობს საკუთარ პოზიციებს გაუფრთხილდეს", - ასე ხსნის სვეტიცხოვლის ინციდენტს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, რომელიც აქვე იხსენებს ამავე ტაძარში იან გილანის ჯვრისწერას 90-იან წლებში. ცნობილ მომღერალს, DEEP Purple-ის სოლისტს, 1990 წელს ისე დაწერეს ჯვარი მცხეთაში, რომ პროტესტანტი წყვილისთვის აღმსარებლობის შეცვლაც კი არ მოუთხოვიათ.

"საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც მხოლოდ ბურღულეულით და მაკარონით დაეხმარა უკრაინელებს ომის დროს. ყველა სხვა ეკლესია, მათ შორის არაქრისტიანული ეკლესიები, ვხედავთ, როგორი საქველმოქმედო პროგრამებით უდგანან გვერდში დევნილებსაც და ომში მყოფ უკრაინელებსაც. საქართველოს ეკლესიას შეეძლო ეღიარებინა მათი ავტოკეფალია, რაც ყველაზე მეტად გამამხნევებელი და მანუგეშებელია უკრაინელებისთვის, მაგრამ ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ თავისი ბუნებით ის არის საეგზარქოსო ეკლესია და არა დამოუკიდებელი", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ტიგინაშვილმა. უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც მასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქომ. საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

წყარო: რადიო თავისუფლება