ხვიჩა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის და...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის მასშტაბით, საფეხბურთო ჩემპიონატები სამ-ოთხ კვირაში დასრულდება. „ნაპოლის“ თავი ქუდში აქვს, ოქროს მედლები გაინაღდა და ახლა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმას ცდილობს, როგორმე, ნაკლები ზარალით შეხვდეს ახალ სეზონს. ყველა ხვდება, რომ ნეაპოლელებს ამ შემადგენლობის შენარჩუნება გაუჭირდებათ და გუნდის ლიდერებს აუცილებლად იყიდიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გვაინტერესებს და იმის მიუხედავად, რომ დე ლაურენტისი ირწმუნება, ქართველს არ გავყიდიო, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, ტრანსფერი აუცილებლად შედგება. „ნაპოლის“ სამწუხაროდ, საუბარი მხოლოდ ფეხბურთელებზე არ არის - სეზონის ბოლოს, გუნდს სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯენტოლიც დატოვებს და იგივე პოსტს „იუვენტუსში“ ჩაიბარებს. ჯენტოლის სახელს „ნაპოლიში“ კვარაცხელიას, ოსიმენისა და კიმ მინ ჯეს მიყვანა უკავშირდება და სამივე ფეხბურთელმა აშკარად გაამართლა. ჰოდა, თუ ჯენტოლი „ბებერ სინიორაში“ მართლაც გადაბარგდება, თან სწორედ სამხრეთ კორეელ მცველს გაიყოლებს, მისი გამოსასყიდი თანხის - 50 მილიონის გადახდა „იუვენტუსს“ არ გაუჭირდება.

ამას გარდა, ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ წერს, რომ 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მაძიებელთა შორის, კვარაცხელია აუცილებლად იქნება და მართალია, ქართველს მისი მოპოვების მცირე შანსი ექნება, მაგრამ ევროპაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, პრეტენდენტთა შორის მოხვედრაც დიდი აღიარება და პატივია. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“, სწორედ „ფრანს ფუტბოლის“ დაწესებულია და გამოცემას აშკარად დაეჯერება.

და ერთიც, ESPN წერს, რომ სეზონის ბოლის, კვარაცხელია ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი სამიზნე იქნება და არ არსებობს თანხა, რომელსაც კლუბის მფლობელი არაბი შეიხები ვერ გადაიხდიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე