გაგამარუმ სუმოისტის კარიერა დაასრულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი სუმოისტი, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე, გაგამარუ პროფესიონალი სუმოისტი აღარ არის. უმაღლესი დივიზიონიდან ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემდეგ წელიწადნახევარზე ოდნავ მეტი გავიდა და 33 წლის ფალავანმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. თუმცა, სუმოში მხოლოდ განცხადების გაკეთება არ კმარა, აუცილებელი პროცედურა თმის შეჭრაა და ამ ცერემონიალს 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო ლეგენდარული მონღოლი ჩემპიონი ჰაკუჰო.

„მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ ცერემონიალს ესწრებით. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვეულ ვარცხნილობასთან განშორება დასანანია, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი ადამიანივით, თავს ყოველდღიურად დავიბან და სადალაქოშიც ვივლი, ეს ხომ ერთადერთი ადგილია იაპონიაში, სადაც ნამყოფი არ ვარ“, - ასე მხიარულად მიმართა ჯუღელმა სტუმრებს.

აქვე გეტყვით, რომ გაგამარუმ ადგილობრივ ტელევიზიებს დაუდასტურა ქორწინება და ისიც თქვა, რომ ცოლად იაპონელი გოგონა მოიყვანა, რომელსაც აგერ უკვე 7 წელია ხვდებოდა. გაგამარუს იაპონური სპორტული არხები ხშირად იწვევენ სუმოზე სასაუბროდ და დიდი ალბათობით, ის ამ სფეროდან არსად წავა. მას სუმოისტის რანგში 1052 ბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 516-ში იმარჯვა. და ერთიც - ბოლო ტურნირზე, გაგამარუ 220 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი სტუმრების წინაშე სრულიად სახეცვლილი წარსდგა - ის 130 კილოგრამია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე