ერთი ფოტოს ისტორია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე კვირის წინ, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების სტადიონი გაიხსნა. როცა თანამედროვე სტანდარტებს ვამბობთ, მოედნის საფარს, ტრიბუნებზე სკამების კომფორტულობასა და ზოგადად, მოწყობილ ინფრასტრუქტურას ვგულისხმობთ, თორემ ისე, აღნიშნულ სტადიონზე არც ათი ათასობით გულშემატკივარი ეტევა და არც ჰაი-კლასის ლუქს-განათებაა. ბევრი ამბობდა, რად უნდა ხაშურს ასეთი სტადიონიო და უნდა. უნდა იმიტომ, რომ ადგილობრივი კლუბი „ივერია“ საქართველოს რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობს და ამის მიუხედავად, ტრიბუნები მუდმივად სავსეა - ადგილობრივი ქომაგი კლუბს მხარს მხურვალედ უჭერს.

ასე იყო გასულ უქმეებზეც, „ივერია“ მეხუთე ლიგის მორიგ ტურში „გლდანს“ მასპინძლობდა და სტადიონი გაივსო. ფოტოც მაშინ გავრცელდა, როცა დავარცხნილ საფარს მშვენებად სავსე ტრიბუნები ჰქონდა ფონად, თუმცა... შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ერთ-ერთ ეპიზოდში, ფეხბურთელები წაკინკლავდნენ. რომელიღაც გულშემატკივარმა ტრიბუნიდან მოედანზე შუშის ბოთლი ისროლა. გლდანელთა კიპერმა გადაწყვიტა, ბოთლი უკან, ტრიბუნებზე დაებრუნებინა და მოიქნია კიდეც, მაგრამ უხერხულად და „ივერიას“ ფეხბურთელს შუბლში მოარტყა. ბოთლი შუბლზე დაიფშვნა და ფეხბურთელს საავადმყოფოში ნაკერებიც დაადეს. ამ ინციდენტის დანახვისთანავე, ლამის, მთელი ტრიბუნა სტადიონზე შევარდა და მსაჯმა მატჩი აღარ გააგრძელა. შეხვედრა ჩაიშალა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სტადიონს დისკვალიფიკაცია მისცენ და „ივერიას“ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუხდეს.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე