ლოჩოშვილს ლორთქიფანიძეც შეუერთდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოკრძალებული კლუბი „კრემონეზე“ იტალიის სერია A-ში წელს აღზევდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. რაღა თქმა უნდა, გუნდის მიზანი ამ სეზონში უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება და იმის გათვალისწინებით, რომ „კრემონეზე“ ფინანსურადაც ძლიერი არაა, აქცენტს ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე აკეთებს.

ჰოდა, რაოდენ სასიხარულოა, რომ იტალიელებმა ზედ ახალი სეზონის სტარტზე, ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი დაიმატეს. როგორც იტალიური მედია წერს, ლოჩოშვილის სანაცვლოდ, „კრემონეზემ“ 1.6 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ცოტა ნამდვილად არაა. უფრო სასიხარულო ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე, „კრემონეზეს“ თავკაცმა 17-წლამდელთა ასაკობრივი კლუბის კაპიტანი დააწინაურა და ის დიდი გუნდის განაცხადში შეიყვანა. აი, „კრემონეზეს“ 17-წლამდელთა გუნდის კაპიტანი კი... დაჩი ლორთქიფანიძეა, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს. იტალიური მედია წერს, დამაჯერებელი თამაშის გარდა, ლორთქიფანიძე ლიდერის თვისებებითაც გამოირჩევა, კაპიტნადაც ამიტომ იყო არჩეულიო და ღმერთმა ქნას, ეს ნაბიჯი მისი დიდი კარიერის დასაწყისი ყოფილიყოს.