ბორის ბეკერი ციხეში ჩასვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1985 წელს, ბორის ბეკერი „უიმბლდონის“ მომგები ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა და ეს მიღწევა დღემდე ხელშეუხებელია. მთლიანობაში, მან დიდი მუზარადის 6 ტურნირი მოიგო, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და გერმანიაში არამარტო ყველაზე პოპულარულ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მამაკაცად ითვლებოდა. მას იღებდნენ რეკლამებში, ჩუქნიდნენ მანქანებს, სახლებს... შემდეგ იყო სკანდალი, რომელშიც ბეკერი გაეხვა. მას რუსმა მეძავმა უჩივლა და განაცხადა, რომ ბეკერისგან შვილი ჰყავდა, რასაც თავად ჩოგბურთელი კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, სექსი პრეზერვატივით მქონდა, ქალი ვერანაირად ვერ დაორსულდებოდაო. როგორც მერე გაირკვა, მეძავი ჭკვიანი აღმოჩნდა, მან გამოყენებულ პრეზერვატივთან ერთად კლინიკას მიაკითხა და ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი გააჩინა. დნმ-ის ანალიზმა მამობა დაადასტურა და ბეკერს მაშინ ცოლ-შვილის სასარგებლოდ 2 მილიონი დოლარი გადაახდევინეს.

ზოგადად, ბეკერი იყო კარგი ჩოგბურთელი, მაგრამ ცუდი ბიზნესმენი გამოდგა. მას არ გაუმართლა არცერთმა კაპიტალდაბანდებამ და 2017 წელს ის გაკოტრებულად გამოცხადდა. მანამდე კი ჰქონდა სასამართლო პროცესი, სადაც 1.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვა დაუმტკიცეს და ციხის ნაცვლად, სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. ჰოდა, გაკოტრების წესების დარღვევის გამო, ბეკერის სასამართლო ამჯერად ლონდონში შედგა და მოსამართლემ მას 2 წლითა და 6 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო დარბაზიდან ბორია პირდაპირ ციხეში გაგზავნეს და იმის მიუხედავად, რომ ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ, ყველაზე კარგ შემთხვევაშ, ბეკერს ამ ვადის მინიმუმ ნახევრის მოხდა მოუწევს და ციხეში სულ ცოტა, 1 წელსა და 3 თვეს დაჰყოფს.