მამარდაშვილი საიმედოდ დაბრუნდა, შოთას მესამე მარცხი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანური „ვალენსიას“ ძირითადი კიპერის, იასპერ სილესენის ტრავმის გამო, გუნდის თავკაცმა კარი კვლავ გიორგი მამარდაშვილს ანდო და ჩვენებური შანსს საუცხოოდ იყენებს. ქართველმა კიპერმა ზედიზედ სამ შეხვედრაში დაიცვა „ღამურების“ ღირსება და თავი არცერთში არ შეურცხვენია. რაც მთავარია, მას არ მოსვლია ისეთი უხეში შეცდომა, რომელზეც შემდეგ მწვრთნელი იტყოდა, ჯერ ადრეა ამ ბიჭის უმაღლეს დონეზე თამაშიო. ბოლო შეხვედრა ვალენსიელებმა აუტსაიდერ „ალავესთან“ 2:1 წააგეს, თუმცა აი, როგორ გამოუხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს:
„ქართველმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. დასაწყისში ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. გუნდი ესკალანტეს დარტყმის შემდეგაც იხსნა... შემდეგ მან დუარტეს დარტყმაც მოიგერია“...
გვერწმუნეთ, ამ ასაკში, ასეთ დონეზე ასპარეზობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან ძნელია. 20 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა-დივიზიონის მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრა „მესტალიაზე“ შედგება - „ვალენსია“ „ბარსელონას“ მასპინძლობს და ყველა ლოგიკით, კარი მამარდაშვილმა უნდა დაიცვას, თუ ექიმებმა სასწაული არ ჩაიდინეს და სილესენი ფეხზე არ დააყენეს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მწვრთნელი ბევრად გამოცდილ ჰოლანდიელს ენდოს.
სამწუხაროდ, სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა შოთა არველაძის „ჰალი“. ქართველი მწვრთნელის გუნდი თამაშს კი აუმჯობესებს და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა დაცვის ხაზი კარგად ნამდვილად არ გამოიყურება და ამ მხრივ, შოთის ბევრი სამუშაო აქვს. მისი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში - ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნებაა, რაც წესით, რთული არ უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, „ჰალს“ გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს და ამ ჰანდიკაპის განიავება გუნდმა არ უნდა დაუშვას.