ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან წარმატებულად დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ჯერ თბილისში მოუგო ჩეხეთს, შემდეგ კი, ტირანაში, ალბანეთი დაამარცხა. მოდით, ვაღიაროთ, ერთი-ორი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი გუნდი ამას მოახერხებდა, ახლა კი... საქართველო მსოფლიოს ნაკრებს რომ შეხვდეს, გამარჯვებას მოვთხოვთ, რადგან ჩვენი ბიჭები აშკარად თავდაჯერებულები არიან და რაც მთავარია, მათ კლუბებში აქვთ სათამაშო პრაქტიკა და იქაც ლიდერების პოზიციაზე ასპარეზობენ.
არადა, ალბანელები იმუქრებოდნენ, ქართველებს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ და კუდით ქვას ვასროლინებთო, მაგრამ შეხვედრა ისე დასრულდა, ალბანეთის ნაკრების წევრებს მამარდაშვილის კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელაც არ დაურტყამთ. ჩვენ კი... ჩვენ გიორგი ქოჩორაშვილის საოცარი გოლით ვიმარჯვეთ და ქულათა მაქსიმუმით ჯგუფს ვლიდერობთ. ნამატჩევს, ალბანელმა გულშემატკივარმა ობსტრუქცია საკუთარ ფეხბურთელებსაც მოუწყო, ცემას გადარჩა ნაკრების მეკარე სტრაკოშა, რომელსაც გოლის გაშვებაში ადანაშაულებდნენ (არადა, რომ არა სტრაკოშა, ანგარიში ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა). რაც ყველაზე საწყენია, ალბანელებმა ჩვენი ეროვნული ჰიმნის დროს, ისეთი სტვენა მორთეს, მუსიკის ჰანგები ძლივსღა ისმოდა. ახლა, ბევრი ქართველი აკეთებს მოწოდებას, ალბანელებთან რომ გვექნება შეხვედრა, პატივისცემის ნიშნად, ჩვენ არ დავუსტვინოთო, მაგრამ, ეგებ, გვეყოფა ეს თავგადაკლული სტუმარ-მასპინძლობა და ზუსტად ისე ვუპასუხოთ მეტოქეს, როგორც იმსახურებს და როგორც თავად იქცევა. შეგახსენებთ, საბერძნეთთან გადამწყვეტი მატჩის დროს, გადაჭედილ „დინამო არენაზე“, სტუმართა ჰიმნის დროს, ისეთი ყიჟინა დასცა გულშემატკივარმა, ბერძნებს მთელი 120 წუთი ეტყობოდათ, რომ დათრგუნულები იყვნენ და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ჰოდა, თუ ჩვენს ბიჭებს ეს დაეხმარებათ, უნდა ვუსტვინოთ და იცოდეს მეტოქემ, რომ ჩვენც შეგვიძლია ცუდის გაკეთება.
ჰო, ალბანეთს, 14 ოქტომბერს, 20.00 საათზე ვხვდებით, მანამდე, 11 ოქტომბერს, სტუმრად უკრაინას ვეთამაშებით. უკრაინას მასპინძელი პირობითად ერქმევა, რადგან გასაგებ მიზეზთა გამო, ისინი საქართველოს ნაკრებს პოლონეთში მიიღებენ, ამიტომ ფსიქოლოგიური წნეხი არანაირად არ უნდა გვქონდეს. ჯგუფის მოგება მაქსიმალური ქულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, სწორედ ერთა ლიგისა და პლეი-ოფის გავლით მოვხვდეთ და ქართველებისთვის მორიგი ზღაპარი დაიწყოს, ზღაპარი, რომელშიც ევროპის დონეზე უკვე ვიცხოვრეთ.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
საქართველო სრული სვლით და გაბოროტებული ალბანელები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი