როცა ადებოიჯო ხარ...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვიქტორ ადებოიჯო ინგლისის ქვედა ლიგის ბინადარ „ბოლტონის“ ფორვარდია. ნიგერიელი ერთ დროს სახელოვან კლუბში ურიგოდ ნამდვილად არ ირჯება და ვინ იცის, ეგებ, სწორედ მისი შემწეობით, „ბოლტონი“ სეზონის ბოლოს ჩემპიონშიპში აღზევდეს, იქიდან კი, პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ...

ლიგა ერთის ბოლო ტურში, ადებოიჯო განაცხადში არ იყო და რაღა თქმა უნდა, ლიდერის არყოფნის გამო, მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა მთავარ მწვრთნელს კითხვა დაუსვეს.

„რასაც ახლა ვიტყვი, მინდა, რომ საქილიკო თემა არ გახდეს. ადებოიჯომ დააცემინა და ტრავმა მიიღო. ჰო, ის რაღაც უცნაურად აცემინებს, სეზონის წინაც გვქონდა შემთხვევა, როცა დაცემინების გამო, მან ზურგის ტრავმა მიიღო და ორი კვირა მკურნალობდა. ახლა კი, ნეკნებს შორის კუნთი გაეჭიმა და ესეც დაცემინების გამო მოხდა. გარდა ტრავმის მკურნალობისა, ექიმები ადებოიჯოს სწორად დაცემინებას ასწავლიან“, - განაცხადა მწვრთნელმა.

მოკლედ, ნიგერიელი ფეხბურთელი იმდენად უცნაურად აცემინებს, რომ ორჯერ ხომ ახლა მიიღო ტრავმა და ბავშვობაში, ამის გამო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემა არაერთხელ ჰქონია.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე