მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მაშინ, გიორგი მამარდაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა, არარეალური ბურთები აიღო და ცოდვა გამხელილი სჯობს - გაგვიმართლა, რომ არ დავმარცხდით. თუმცა, ისიც სათქმელია, ბოლო წუთზე, საბა ლობჟანიძეს რომ გაეტანა, სხვა სცენარი იქნებოდა. იმ ფრეს მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა მაშინ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა, ჩეხეთი კი ჯგუფში ჩარჩა. სწორედ მაშინ დაიმუქრნენ ჩეხები, ჯგუფში ჩარჩენას განანებთო და მათმა თავკაცმა, ივან ჰაშეკმა შემოგვითვალა, სექტემბერში, თბილისში, მარტივად მოგიგებთო.
ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება, სწორედ ჩეხებთან შეხვედრით დავიწყეთ და საწყისი წუთები ისეთი იყო, ეჭვი გაჩნდა, ჰაშეკი დანაპირებს შეასრულებდა, მაგრამ მერე ჩვენი გუნდი დალაგდა, ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით დავწინაურდით და შესვენებაზე 1:0-ზე გავედით. მეორე ტაიმში კი... მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი ნაკრები იყო და მას საქართველო ერქვა. ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 4 გოლი გაიტანა და რაც მთავარია, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩეხური მეედია კატეგორიულად ითხოვდა, ჰაშეკმა თანამდებობა დატოვოს, ასეთი ნაკრები არაფერში გვჭირდებაო და ვინ იცის, ივან-ბატონის პოსტი, შესაძლოა, სწორედ საქართველომ შეიწიროს.
ჩვენს ჯგუფში ითამაშეს მომავალმა მეტოქეებმაც - ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინამ ალბანეთს „უმასპინძლა“ და 1:2 დამარცხდა. 10 სექტემბერს, სწორედ ალბანელებს ვხვდებით და უნდა მოვიგოთ. ჰო, უნდა მოვიგოთ, რადგან ჩვენს ბიჭებს ამის ძალა შესწევთ და ვგონებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად არის, როცა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების იმედი გვაქვს, რომ გვჯერა თითოეულ მატჩში მათი წარმატების და მოდით, დღეს ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს ჰკითხეთ, შეძლებს თუ არა საქართველო არათუ მეორე დონის ნაკრებების დამარცხებას, არამედ, ტოპ-გუნდების მოგებას. ყველა გეტყვით, რომ დღეს საქართველო თუ ვერ მოუგებს, ტოლ-სწორად ეთამაშება ინგლისს, გერმანიას, იტალიას... და ეს ძალიან, ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
აჩეხილი გუნდი და ქართველთა საოცარი სტარტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი