სანიოლი შვედეთით და ესპანეთით იწყებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპს იწყებს. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს უმძიმესი შეხვედრით გავხსნით - 25 მარტს, შვედეთს ვსტუმრობთ და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, დაგვეთანხმებით, ისედაც ძლიერ მეტოქეს, ეს დამატებით უპირატესობას აძლევს. სამი დღის შემდეგ, 28 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“, ესპანეთს ვმასპინძლობთ. ამ შეხვედრას, დაახლოებით, 16 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება და ტრიბუნებზე სამი-ოთხი ისეთი უცხოელიც იქნება, დედაქალაქში, ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობის სანახავად რომ ჩამოვა. „რუბინის“ ქართველი მარგალიტი უდიდესი ალბათობით, ზაფხულში რომელიმე ევროპულ გრანდში გადავა და სტუმრებიც სწორედ ევროგრანდების სკაუტები არიან. 31 მარტს კი, საბერძნეთთან გვაქვს გასვლითი მატჩი და ერთი შეხეწდვით ისე ჩანს, ამ სამ შეხვედრაში, ქულის აღებაც კი სანატრელი იქნება.

ნაკრებში დებიუტი ექნება ახალ მწვრთნელს. ვილი სანიოლმა ზუსტად იცოდა, სად მოდიოდა და ისიც იცოდა, რომ საწყისი სამი შეხვედრა ურთულესი იქნებოდა. მან სანაკრებოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ღმერთმა ქნას, ახალმა მწვრთნელმა გაამართლოს და ერთკვირიან მონაკვეთში, ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაწეროს. სხვათა შორის, გულშემატკივართა გაოცება იმან გამოიწვია, რომ სანიოლმა ნაკრებში ვაკო გვილიას არ დაუძახა, თუმცა გასულ უქმეებზე, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და ფრანგმა სპეციალისტმა, მის ნაცვლად, სწორედ გვილიას უხმო. რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლაზარე კუპატაძე („დინამო“ ბათუმი);

მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“ თბილისი), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“ ბათუმი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, უნგრეთი).