კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა თანაგუნდელებმა არ მიიღეს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ ზღაპარი დასრულდა. ნეაპოლელები, ისტორიაში პირველად, ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ და ნახევარფინალში გასვლის საუცხოო შანსი ჰქონდათ, თუმცა „მილანის“ ბარიერი ვერ დაძლეს. სტუმრად 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე მეტოქეს უკანმოუხედავად უტევდა, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო. გადამწყვეტი მომენტი 82-ე წუთზე დადგა, როცა „მილანის“ კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდა და მისი დარტყმული მეკარემ აიღო. მატჩის მიწურულს, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე 1:1 საკმარისი არ იყო. აი, ხვიჩას რომ პენალტი გაეტანა, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, თუმცა...

მეორე დღეს, კლუბის ბაზაზე მისულ ფეხბურთელებს კვარაცხელიამ პენალტის ვერგატანის გამო მოუბოდიშა, თუმცა თანაგუნდელებმა ბოდიში არ მიიღეს და მთელი გუნდის სათქმელი კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ თქვა:

„ჩვენ ლიგიდან იმიტომ არ გამოვვარდით, რომ პენალტი ვერ გაიტანე. საბოდიშო არაფერია, შეხვედრას იგებს გუნდი და აგებს გუნდი. ჩვენ ყველა დავმარცხდით და არა - კონკრეტულად შენ, ამიტომ ეს ამბავი დაივიწყე, საბოდიშო არაფერია“.

რა თქმა უნდა, კარგია, კვარაცხელიას თანაგუნდელები გვერდში რომ დაუდგნენ, მაგრამ სოციალურ ქსელში, კონკრეტულ მატჩზე დიდი ამბებია ატეხილი. ყველა თანხმდება, რომ 82-ე წუთამდე, მსაჯმა რამდენჯერმე მიიღო საკამათო გადაწყვეტილება და ყველა შემთხვევაში, „მილანის“ მხარეს იყო. ამასთან ერთად, ერთ-ერთ ეპიზოდში, არბიტრმა ასპროცენტიანი პენალტი არ დადო და რაც მთავარია, განმეორებაზე დანარჩენმა მსაჯებმაც „ვერ დაინახეს“ წესების დარღვევა, რაზეც არა მარტო გულშემატკივრები, არამედ, ფეხბურთის სპეციალისტებიც მხრებს იჩეჩავენ. არსებობს ვარაუდი, რომ „მილანისთვის“ დახმარება მსაჯებს ზვონიმირ ბობანმა სთხოვა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერის 10 წელი სწორედ მილანურ კლუბში გაატარა, ამჟამად კი უეფაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, ოფიციალურად ამ ყველაფრის დამტკიცება წარმოუდგენელია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე