სვავები „ნაპოლის“ თავზე და დასაშლელად განწირული გუნდი

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიურმა „ნაპოლიმ“ პირადი რეკორდი დაამყარა. საწყის 24 ტურში, 21 შეხვედრა კლუბს აქამდე არასოდეს მოუგია, ახლა კი... ახლა ლუჩანო სპალეტის შეგირდები დაფრინავენ და მათთვის არ არსებობს მეტოქე, რომელთანაც მუხლი აუკანკალდებათ - გადიან და თამაშობენ იმდენად ლაღად და ლამაზად, რომ ყველა აღნიშნავს, დღეს „ნაპოლი“ არამარტო იტალიაში, არამედ მსოფლიოში, თამაშობს იმას, რის გამოც ფეხბურთი უყვართ. რაღა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში ლომის წილი ხვიჩა კვარაცხელიაზე მოდის და ქართველი შემტევი ყველა შეხვედრაში ამტკიცებს თავის მაღალ კლასს. თუმცა, წარმატებულ სერიას თავისი მინუსიც აქვს და იტალირუმა მედიამ სწორედ ამ „მინუსზე“ გააკეთა აქცენტი.

„ნაპოლის“ ყველა თამაშზე გრანდ-კლუბების სკაუტები დადიან. „აინტრახტთან“ საჩემპიონთალიგო შეხვედრას ტრიბუნებიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა უყურეს, მანამდე „რეალის“ სკაუტები შენიშნეს, იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში „ბარსელონას“ და „არსენალი“ წარმომადგენლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი კლუბები ზაფხულში „ნაპოლის“ ნაწილებად დაშლიან და მის ლიდერებს წაიყვანენ. ეჭვს არ იწვევს, რომ ნეაპოლელები წელს იტალიის ჩემპიონები გახდებიან, უახლოეს მდევარს 18 ქულით უსწრებენ და პირველობას აუცილებლად ვადაზე ადრე გაიფორმებენ. მერე კი ეს შესანიშნავი გუნდი აუცილებლად დაიშლება და კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დიდ მოგებასაც ნახავს. უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ არამარტო ლიდერები, არამედ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტიც დატოვებს“,-წერს იტალიური მედია.

სხვებმა თავისი იდარდონ, ჩვენ კი ხვიჩაზე ვთქვათ. თუ კლუბიდან ლიდერები წავლენ, წასასვლელად კვარაცხელიაც უნდა გაემზადოს, რადგან დაცლილი და სახეცვლილი „ნაპოლი“ ის აღარ იქნება, რაც წელს არის. კვარას შეძენის სურვილი რამდენიმე გუნდს უკვე აქვს და ისინი მზად არიან, ქართველში 100 მილიონი და მეტიც გადაიხადონ. ჰო, ისიც ითქვა, ფლორენტინო პერესი ჯერ ჩუმად არის, მაგრამ უკვე ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ კვარაცხელიამ ახალ ისეზონი მადრიდის „რეალში“ დაიწყოსო.