ლაშა ტალახაძე უკვე ნამდვილი რეკორდსმენია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა გოლიათმა პირველობა არავის დაუთმო და აკვრაში, ატაცში და ორჭიდის ჯამში, მსოფლიოს ახალი რეკორდების დამყარებით, ოქროს სამი მედალი ირგუნა. ვულოცავთ პლანეტის უძლიერეს მამაკაცს მორიგ აღიარებას, ლაშა ძალოსნობის ჯორდანიც არის, შუმახერიც და მესიც, მაგრამ... ახლა რასაც დავწერთ, ბევრმა კი არა, ძალიან ბევრმა არ იცის. იმის მიუხედავად, რომ ტაშკენტში ლაშამ საკუთარ რეკორდს შეუტია და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა, ძალოსნობის კულუარებში ამბობდნენ, რომ ტალახაძე ნამდვილი რეკორდსმენი რეალურად არ იყო და რეკორდი ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნოდა. ვინ არის ტარანენკო?

ტარანენკომ, რომელიც ოლიმპიადის,  მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონია, 1988 წელს, კანბერაში გამართულ ტურნირზე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, 266 კილოგრამი დაძლია. ეს შედეგი დიდ ხანს მსოფლიო რეკორდადაც ითვლებოდა და გინესის რეკორდების წიგნშიც კი იყო შეტანილი. თუმცა, იმ მიზეზით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ძალოსნობაში წონითი კატეგორიები რამდენიმეჯერ შეიცვალა, იქამდე არსებული ყველა რეკორდი გაუქმდა, მათ შორის მოხვდა ბელარუსი სპორტსმენის რეკორდიც. ანუ, ტარანენკოს შედეგი გააუქმა ახალმა წესებმა, თორემ ამ კაცს 266 კილოგრამი აწეული ჰქონდა და ერთი შეხედვით, მოუხსნელ შედეგადაც ითვლებოდა. ტარანენკომ იმავე ტურნირზე ორჭიდის ჯამში 476 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე რეკორდი იყო მანამ, სანამ ტალახაძემ 2017 წელს, ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 477 კილოს დააფიქსირებდა.

ჰოდა, ტაშკენტში გამართულ პირველობამდე, ლაშას საუკეთესო შედეგი 265 კილოგრამი გახლდათ, ანუ არაოფიციაალურად, რეკორდად მაინც ტარანენკოს შედეგი ითვლებოდა და ამაზე ბელორუსული თუ რუსული პრესა აქტიურად წერდა. აი, ტაშშკენტში აწეული 267 კილოგრამის შემდეგ კი, ყველა კითხვა მოიხსნა და ლაშა ერთპიროვნული რეკორდსმენია, ოფიციალურადაც, არაოფიციალურადაც და ორჭიდის ჯამში მის მიერ დაძლეული 492 კილო ხომ საერთოდ, ფანტასტიკის სფეროდან არის.