ილია კოკაიას გარდაცვალებას ფიფა გამოეხმაურა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, სადაც ფეხი დაუცდა, თავი ქვას დაარტყა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილია კოკაიას სახელთანაა დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დაარსება და მისი ყველა მიღწევა - საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება. სიმბოლურია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში დაწინაურდა.

კოკაიას გარდაცვალებას ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა. მან ოფიციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მისწერა.

„ძვირფასო პრეზიდენტო!

მინდა გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.

ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში... მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.

ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს ...

პატივისცემით, ჯანი ინფანტინო. ფიფას პრეზიდენტი“