კვეკვესკირი სკანდალში გაეხვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური „ლეხის“ ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. 3 ოქტომბერს, ღამით, „ლეხის“ ფეხბურთელები მორიგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. ბარიდან გამოსულმა ნიკამ კი თავისი „მერსედესით“ ორი ავტომობილი - „რენო“ და „პეჟო“ დააზიანა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ქართველს ჩააბერინეს და მის ორგანიზმში 0.8 პრომილე ალკოჰოლი აღმოჩნდა, რაც დაშვებულზე ბევრია.

გარდა იმისა, რომ კვეკვესკირს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ხოლო კლუბმა სოლიდური ფულადი ჯარიმა გამოუწერა, საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა, მისთვის კონტრაქტი გაეწყვიტათ, თუმცა ამ ეტაპზე, კლუბმა რადიკალური ზომისგან თავი შეიკავა.

„ჩემმა გაუაზრებელმა მოქმედებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩემს თითოეულ ნაბიჯზე ყოველთვის ზედმიწევნით ბევრს ვფიქრობ და ვზრუნავ ჩემს იმიჯზე, კარიერასა და ოჯახზე. ეს იყო ყველაზე მწარე, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემს ცხოვრებაში... ყველაფერი გადავაფასე და მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ოჯახი და გუნდი, თუ რამდენად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პოზნანის „ლეხის“ მაისურით თამაში... ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იმედგაცრუებულია ჩემი საქციელით, ბოდიშს ვუხდი კლუბს, გულშემატკივრებს, ოჯახს... ასევე, იმ პატარა ფეხბურთელებს, რომელთაც დადებით მაგალითს უნდა ვაძლევდე. გპირდებით, ვიშრომებ ორმაგად, რათა ხელი შევუწყო გუნდის წარმატებას მიმდინარე სეზონში“, - ეს განცხადება ნიკამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.