სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღესდღეობით სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ვატარებთ ინტერნეტში. ადამიანების უმეტესობა, ვერც კი იაზრებს, რამდენად დამოკიდებულია ვირტუალ სამყაროზე და რამდენად საზიანოა ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკაზე.

ეს პრობლემა უფრო რთულია მოზარდების შემთხვევაში, მოზარდთა უმეტესობას, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ასევე არ ესმით, რომ ის დრო, რომელიც განვითარებაში და რეალურ სამყაროში უნდა გამოიყენონ ინტერნეტს არ უნდა „შეწირონ“.

დღევანდელ რეალობაში, ინტერნეტით ვმუშაობთ,ვსწავლობთ და საჭირო ინფრომაციებსაც ვიღებთ, თუმცა, თავისუფალ დროსაც თითქოს სოციალურ ქსელებს ვუთმობთ, ასე თუ ისე, ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ საზიანოა დიდი დროის ინტერნეტში გატარება, თუმცა ისინი, გააზრების მიუხედავად, მაინც ვერ ან არ წყვეტენ ინტერნეტით სარგებლობას.

იმის გასარკვევად, თუ რამენად დიდი ზიანი შეიძლება მოახდინოს სოციალურმა ქსელებმა ადამიანის ფსიქიკაზე და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას „ვერსია“ ფსიქოლოგ მარიამ მგალობლიშვილს დაუკავშირდა. გთავაზობთ ინტერვიუს :

_ბოლო მონაცემებით, სოციალური ქსელების გამრავალფეროვნებასთან ერთად, დღითი დღე იმატებს მათი მომხმარებელთა რიცხვი. რას ფიქრობთ, რამდენად დიდი ზიანის მომტანია ეს ყველაფერი ადამიანისათვის?

_ნებისმიერი მიჯაჭვულობა, ანუ ადიქცია, არის ძალიან დიდი პრობლემა ადამიანისთვის. აზრი არ აქვს რაზე იქნება ადამიანი მიჯაჭვული, ნებისმიერი ადიქცია შეიძლება გადაიზარდოს მენტალურ პრობლემაში.

_რა გავლენას ახდენს სოციალური მედიით საგრებლობა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

_სოციალური ქსელი არის როგორც უარყოფითი ისე დადებითი ჩვენთვის. სოციალური ქსელის დოზირებულად გამოყონება ძალიან საჭიროა, რადგან ამ დროს არ ხარ ინფორმაციულ ვაკუუმში. იცი სად რა ხდება და განვითარებაც უფრო ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ, ზედმეტი ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვიღებთ ცუდია, რადგან ტვინი ვერ ასწრებს ინფორმაციის გაფილტვრას. ყველაფერი ჩვენ ქვეცნობიერში ილექება და რაღაც მომენტში ამოტივტივდება. ეს ყველაფერი კი მენტალურ დაღლამდე მიდის. ასევე ადამიანისთვის ინტერნეტ სამყარო შეიძლება იყოს შეჯიბრის მომენტი, რადგან სოციალური ქსელი ყოველთვის რეალური არ არის ადამიანებს უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა და ზიანდება მათი თვითშეფასებაც.

_რა პრობლემებს უქმნის მოზარდს განვითარებაში სოციალური ქსელი?

_რეალურ სამყაროში სოციალიზაციას ხელს უშლის. ის რაც ადრე იყო და ბავშვებს ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდათ, ეზოში ჩადიოდნენ, თამაშობდნენ ეს დღეს აღარ არის. ასევე შეძლება კომუნიკაციის უნარი დაუქვეითდეს ბავშვს, უფრო მორცხვი გახდეს და რეალურ ცხოვრებას აცდეს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ შესაძლებლობას რასაც მოზარდებს ინტერნეტი აძლევს შეიძლება მშობელმა ვერ მისცეს.

_ციფრული სამყაროსგან გათავისუფლებისთვის საჭირო გზები და რეკომენდაციები:

  • დაუსვით საკუთარ თავს კითხვა,რატომ არის სოციალური ქსელები თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას გაძლევთ? რამდენი დრო მიაქვს თქვენი?
  • დაუწესეთ საკუთარ თავს კონტროლი დრო და საათები, როდესაც არ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს. ასეთი სტრატეგია ძილის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.
  • მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროს ეცადეთ საერთოდ არ აიღოთ ხელში ტელეფონი. დაიჭირეთ რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობებისგან მიღებული სიამოვნება ბოლომდე.
  • გააკონტროლეთ ინტერნეტში „სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათნახევარი საკმარისია, სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე