საქართველოს ხმა ევროპაში - გაიცანით საოპერო მომღერალი, ტენორი დავით სუმბაძე

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ტენორი, საფრანგეთში მოღვაწე დავით სუმბაძეც. ის წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდანაა... დავით სუმბაძე ჯერ თელავის, შემდეგ კი თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა. ახლა უკვე წარმატებულ საოპერო მომღერალს, სტუდენტობის პერიოდში უსახსრობის გამო, ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ დავითმა ყველაფერი გააკეთა, რათა სწავლა დაესრულებინა. მომღერლის თქმით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან ურთიერთობა და საპატრიარქოში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი საოცრად დაეხმარა ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაში.

2008 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, თბილისის ოპერის თეატრში ჰქონდა წარმატებული დებიუტი, სადაც მალხაზის პარტია შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“. 2010-2011 წლებში, ორწლიანი სტაჟირება გაიარა ოდესის ოპერის თეატრში, ამის შემდეგ, წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში. ის ბორდოს თეატრის ბევრ სპექტაკლში მონაწილეობს და საკმაოდ ხშირად მართავს სოლო კონცერტებსაც. ჩაწერა ორი ალბომი, სადაც შესულია იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერები... 2015-2016 წლებში, რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ლაურეატი გახდა. დავით სუმბაძეს ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი - ილია და მარიამი.

„ვერსია“ დავით სუმბაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- ბატონო დავით, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. საიდან დაიწყო წარმატება, როდის აღამოაჩინეთ საკუთარი ნიჭი?

- დაბადებიდან ვმღერი და ის, რომ მომღერალი უნდა გავმხდარიყავი, ჩემმა მშობლებმა იცოდნენ ჩემს დაბადებამდე, მორწმუნე ქალის წინასწარმეტყველებით, რომელმაც მათ აუწყა 1980 წლის 21 სექტემბერს, მარიამობის დღეს, შუამთის მონასტერში, რომ მე უნდა დავბადებულიყავი ერთ წელში და დავიბადე 1981 წლის 21 სექტემბრამდე სამი დღით ადრე - 18 სექტემბერს. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ასეთი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა ანუ გავმხდარიყავი მომღერალი.

- როგორ გაიცანით საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და რა როლი შეასრულა მან თქვენს წარმატებაში?

- პატრიარქთან მოვხვდი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, რომელმაც გამომიწოდა დახმარების ხელი  და წლების განმავლობაში, მამობრივად ზრუნავდა ჩემზე. ის იყო ყველაზე ახლო მეგობარი და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

ცხადია, მე რომ დღეს მომღერალი ვარ, მისი დიდი წვლილია და მინდა, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და მრავალჟამიერი.

- საკმაოდ რთული გზა განვლეთ წარმატებამდე... რას ურჩევთ ახალგაზრდებს - როგორ შეძლონ სირთულეების გადალახვა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

- თუ გაქვს ხმა, მუსიკალური სმენა და მონდომება, ეს ნიშნავს, რომ გაქვს უფლება, დაიწყო არანორმალური შრომა საკუთარ თავზე, რათა აღმოფხვრა ყველა ის ტექნიკური პრობლემა, რაც არსებობს შენში. ვგულისხმობ ვოკალურ პრობლემებს და ცხადია, ყველა დანარჩენ მატერიალურ პრობლემასაც, რაც შეიძლება არსებობდეს შენს ირგვლივ და რამაც შეიძლება, შეგიშალოს ხელი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

- თქვენ ეს პრობლემები გადალახეთ და ახლა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონკურსში - Voice, გამარჯვების კანდიდატი ხართ. გვიამბეთ საფრანგეთში თქვენი მოღვაწეობის შესახებ...

- 2013 წლის დასაწყისში გავემგზავრე საფრანგეთში და დაახლოებით, ორი წელი მოვანდომე, რომ გამეკეთებინა საბუთები. ბორდოს დიდ თეატრში მქონდა კონტრაქტები, რამაც მომცა ძალიან დიდი ბიძგი, რათა საფრანგეთის ბინადრობის უფლება მომეპოვებინა.

- ბორდოს თეატრში დღემდე მოღვაწეობთ?

- ზოგადად, ევროპულ თეატრებს არ აქვთ ქართული თეატრის მსგავსი ტრადიცია - არ არსებობს მუდმივი კონტრაქტი სოლისტისთვის. თუ უნდა სოლისტს, რომ თეატრში მუდმივი კონტრაქტით იმუშაოს, უნდა წავიდეს გუნდში. მე ბორდოს ოპერაში ჩემი სოლო-პარტიების შესრულების შემდეგ მქონდა შეთავაზება გუნდიდან და ამას, ბუნებრივია, არ დავთანხმდი, რადგან ეს არ იყო ჩემი საქმე.

დეტალებში თუ ჩავალთ, რითი ვირჩენდი თავს? - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი... ამიტომ, გავხსენი მანქანების ბიზნესი, მყავდნენ მანქანის შემკეთებლები და მე ვაგვარებდი ადმინისტრაციულ საკითხებს... ეს ძალიან დამეხმარა, რადგან ვიყავი თავისუფალი, მქონდა ჩემი პატარა ბიზნესი, რომელიც ჩემს ოჯახს არჩენდა და გავიზარდე შემოქმედებითად... გავიზარდე, როგორც მომღერალი და აღმოვფხვერი ყველა პრობლემა, რომელიც იმ პერიოდში მქონდა.

 შემდეგ მრავალ „კასტინგზე“ გავედი. იყო წარმატებული და წარუმატებელი „კასტინგებიც“... ჩემი მოღვაწეობა, ძირითადად, შემოიფარგლება კონცერტებით ევროპაში. საკმაოდ ბევრი ჩანაწერი მაქვს იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში...

- როგორც ვიცი, ალბომებიც გამოუშვით...

- დიახ, ორი ალბომი გამოვუშვი. პირველში ანდრეა ბოჩელის რეპერტუარია უფრო მეტად. მეორე ორი თვის წინ ჩავწერე,  სადაც მიუზიკლიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, სამი სიმღერაა შესული... მქონდა უმნიშვნელივანესი სოლო კონცერტი დეკემბერში. ახლა, ერთი თვის წინ მქონდა კერძო კონცერტი...

ამჟამად, ჩემი აგენტის შეუპოვარი რჩევით, ვმონაწილეობ ფრანგულ „Voice“-ში. ეს კონკურსი უბრალო ადამიანებისთვისაა, მაგრამ აგენტმა მითხრა, მენდეო და მეც მივყევი. გაგზავნა ჩემი კონცერტის ჩანაწერები და ზუსტად ერთ საათში მოგვივიდა დასტური. ამ კონკურსში რეგიონალური წრე გავარღვიე და ველოდები პარიზის ნახევარფინალს, სადაც პირდაპირი მითითება მაქვს, რომ ვარ გამარჯვების კანდიდატი და უნდა ვიმღერო მხოლოდ პოპი და როკ-მუსიკა... გავგზავნე ერთ-ერთი ნამღერი „დაიგვიანეს“ - შეიძლება, ეს შევასრულო პარიზელ ბანებთან ერთად, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. ველოდები მითითებებს, რომ დაიწყოს მზადება ნახევარფინალისთვის.

- ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ამ კონკურსში და ზოგადად, თქვენს კარიერაში, რადგან თქვენ, თქვენს კოლეგებთან ერთად, ხართ საქართველოს ხმა ევროპაში და გისურვებთ გამარჯვებას! ეს ჩვენთვის საამაყო იქნება... ბატონო დავით, ახლა სამშობლოში ხართ და 26 მაისს, ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტშიც ხომ მონაწილეობთ?

- დიახ, ძალიან დიდი პატივია, ვიყო ჩემს სამშობლოში და ვუმღერო ჩემს საქართველოს.  ყველაზე ეროვნული კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი, რომელიც სუმბაძეცაა და ის ბიძაჩემია. მას ორი გვარი აქვს, მაგრამ საზოგადოება იცნობს თუშიშვილად. დიდი პატივია ჩემთვის, რომ მის კონცერტზე, დამოუკიდებლობის დღეს, ვიმღერებ ჩემი ქართველი ერისთვის. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ და ვმღერი ჩემი სამშობლოსთვის.

 ავტორი-თათია გოჩაძე