ისტორიაში პირველად სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები აჟღერდა - პატრიარქის „ავე მარია“ და სამების გუნდის შთამბეჭდავი კონცერტი ვატიკანში

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველად ისტორიაში ვატიკანში, სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული მრავალხმიანობა აჟღერდა. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის კონცერტი გაიმართა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორის ,,ავე მარია” შესრულდა. აღნიშნულ ისტორიულ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

„შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად.
დღეს ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა“

საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

„მეფე მირიანი, წმინდა ნინო, წმინდა შუშანიკი და ქეთევან წამებული ახსენეს დღეს საზეიმო სიტყვაში სიქსტის კაპელაში ქართული კონცერტის დაწყებამდე...

უდიდესი წარმატება და გამარჯვება! ასე ამაყი დიდი ხანია არ ვყოფილვარ! სიქსტის კაპელაში დღეს საქართველოს ტრიუმფი ჟღერდა! 

დღეს სიქსტის კაპელაში-მიქელანჯელოს მიერ მოხატულ თაღებქვეშ  აჟღერებულ ქართული "კირიე ელეისონი" ესმოდა ხანძთის დიდებულ ნანგრევებს, მეომარივით მედგრად  წამომართული ოშკის გუმბათს,  წართმეულ ათასწლოვან ათონის  ივერონის კედლებს,  შოთა რუსთაველის  დაობლებულ ფრესკას იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ბაკურიანისძის პეტრიწონის ქართულ აკლდამებს, ნაფოტებად ქცეულ ღალიის მშვენიერ ეკლესიას... ესმოდათ იმის დასტურად, რომ მიუხედავად არაერთი რბევისა, ნგრევისა თუ აოხრებისა, მაინც არ გადავშენდით, მაინც ამაყად ვდგავართ და მსოფლიოს საკაცობრიო საგანძურის მცეველებად შემოვრჩით“.