"ჭეშმარიტი ხელოვნება ღირებულებებზე უნდა იყოს აგებული" - ინტერვიუ მხატვარ გოჩა ზირაქიშვილთან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

ხელოვნება, შესაბამისად, მხატვრობაადამიანთა სამყაროს, ამ სამყაროში არსებულ სილამაზეს, განცდებს და ემოციებს ასახავს. ხელოვანები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. საქართველოს  უამრავი ცნობილი, ღირსეული და დიდებული ხელოვანი ახსოვს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის კულტურულ განვითარებაში - მათი  წყალობით, უმშვენიერეს ნამუშევრებს ვეზიარეთ. აქედან გამომდინარე, ისტორიამ გვიჩვენა, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნება  ადამიანის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, დადებით იმპულსზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე.

როგორ ვითარდება დღევანდელ საქართველოში ხელოვნება, როგორია პროფესიონალის თვალით დანახული მხატვრობა და  რა სირთულეებს აწყდებიან? - ვერსიამხატვარს, ფერმწერსა და საზოგადო მოღვაწე გოჩა ზირაქიშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო გოჩა, პირველ რიგში, თქვენზე მიამბეთ - რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა და როდის  გქონდათ პირველი პერსონალური გამოფენა?

- ორი წლიდან ვხატავ, პედაგოგები სკოლაში მშობლებს იბარებდნენ ხოლმე, არ გვისმენს და რვეულში რაღაცებს ჯღაბნისო. გადაშლიდნენ რვეულს და ნახულობდნენ, რომ გადაჭრელებული მქონდა ნახატებით. მერე, მშობლებმა შეამჩნიეს ჩემი ხელოვნებისკენ  მიდრეკილება და მაშინდელ „პიონერთა სასახლეში“ მიმიყვანეს. ამ ასაკიდან დაიწყო ჭეშმარიტ ხელოვნებასთან შეხება. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, პირველი პერსონალური გამოფენა 1985 წელს გავაკეთე - მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ჯარიდან. აქედან დაიწყო სერიოზული გზა პროფესიონალიზმისკენ. მანამდე და მას შემდეგაც, სხვადასხვა მხატვართან ერთად, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობ.

მიყვარს სხვადასხვა სტილში მუშაობა, იქნება ეს კლასიკა, აბსტრაქცია თუ თანამედროვე, განსხვავებული ტექნიკა. არის მომენტები, როდესაც აღარ მინდა ტილოზე ხატვა და სხვა რაღაცაზე, რაც კი ხელში მომხვდება, გადავდივარ - მოხატვას ან დამუშავებას ვიწყებ. თუ დავინახავ, რომ მეზობელი ძველი სათამაშოების გადაყრას აპირებს, წავართმევ ხოლმე და იმ სათამაშოების თვალებსაც კი მასალად ვიყენებ. ეს უფრო მეტყველს ხდის ნახატს და თემასთან ახლოს მივყავარ. ცოცხალი თევზიც მაქვს დამუშავებული და შემდეგ, ნახატზე გადატანილი. საერთოდ, თევზი ბევრ კომპოზიციაში მაქვს გამოყენებული. ზოგჯერ, როდესაც აკადემიურ შეკვეთას ვასრულებ, რასაც დიდი დრო მიაქვს, ვცდილობ, დავუბრუნდე ძველ ნამუშევარს, რომელიც არ დამისრულებია. ეს მეხმარება, რომ არ გადავაჭარბო, რამე არ გავაფუჭო და არ გადავიღალო.

- შეკვეთებს ხშირად იღებთ და რა დროს ანდომებთ შესრულებას?

- ესაა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო - ძირითადად, შეკვეთებზე მიწევს მუშაობა, ამ დროს იძულებული ხარ, გადადო შენი იდეები ანუ ის, რაც შენში ტრიალებს და საკუთარ განცდებთანაა დაკავშირებული. შეიძლება, მთელი წელი ისე გავიდეს, რომ ერთი შეკვეთაც არ იყოს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ერთი შეკვეთა არ მაქვს დასრულებული და მეორე, მესამე, მეოთხე მოდის. ახლა, გვიან შემოდგომამდე მაქვს გაწერილი გრაფიკი, ვის რა უნდა შევუსრულო. შეკვეთილი ნახატის შესრულება ყველაზე დიდი, შეიძლება, ორი თვე გაგრძელდეს. მეორე წელია, დედას ვუვლი და სახლის საქმეებს ვაკეთებ, ასევე, ძაღლი მყავს, რომელსაც მოვლა და გასეირნება უნდა. ნახევარზე მეტი დღე ამ პროცესს მიაქვს. შეიძლება, ადრე იგივე ნახატზე ორი კვირა მემუშავა, რასაც ახლა ორ თვეს ვანდომებ.

- როგორც აღნიშნეთ, ბევრი შეკვეთა გაქვთ, რის გამოც იძულებულ ხართ, თქვენი სურვილები გადადოთ და ისე დახატოთ, როგორც დამკვეთს სურს. ასე მუშაობა რთულია?

- ვცდილობ, შუალედებში, სანამ ერთიდან მეორე შეკვეთაზე გადავალ, ან ახალი შემოვა, დავხატო ის, რაც ჩემშია დალექილი, რა განცდებიც მაქვს. ხანდახან, ქუჩაში რომ მივდივარ, გონებით სულ სხვაგან ვარ, ეს შემოქმედებით სამყაროში ფრენაა - ვფიქრობ ახალ ტილოზე ან ძველზე, რომელიც ვერ დავასრულე. ამ დროს სხვა სამყაროში გადიხარ, სადაც შენია ყველაფერი, ბედნიერი ხარ და იცი, იქ რა და როგორ გააკეთო.

ტილო, რომელიც ჯერ არ დამიწყია და მხოლოდ გონებაშია ესკიზის სახით, ფერსა და ფორმაში ჩემ სახელოსნოში მუშავდება და ლაგდება. ხშირად მიწევს ნახატის გადამუშავება, რადგან მეორე-მესამე დღეს ვუყურებ კრიტიკული თვალით, შეიძლება, სადღაც რაღაც გამომრჩა, ან უკეთესად შემეძლო დახატვა.

- გამოფენის მოწყობას გეგმავთ?

- მალე მექნება ჯგუფური, საგაზაფხულო გამოფენა, წელიწადში ორჯერ მაინც ვმონაწილეობ. პერსონალური გამოფენა, დიდი ხანია, აღარ გამიკეთებია. ხელოვანმა რომ პერსონალური გამოფენა მოაწყოს, ან ფული უნდა ჰქონდეს, ან ვიღაც უნდა ჰყავდეს, ვისი ხათრითაც უფასოდ დაუთმობენ დარბაზს.

- ბატონო გოჩა, რა არის ხელოვნების მთავარი დანიშნულება?

- ადამიანი მოწყვიტოს ტკივილს, წუხილს, განცდებს და მისცეს ბედნიერება, სიკეთე. კეთილშობილი ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ხალხს აწვდის სიკეთისა და სიხარულის განცდას. ხელოვანთა ნამუშევრებში ყოველთვის ყველაფერ ამას ვეძებ. ის მაბედნიერებს, ადამიანს სიამოვნება რომ მივანიჭე ჩემი შემოქმედებით და არა ის, თუ რა შექება დავიმსახურე. ნახატი სიცოცხლის გაგრძელებაა, სადაც შეიძლება, მნახველმა ბევრად მეტი რამ დაინახოს, რაც შენ ვერ გადმოეცი. მას უდიდესი სულიერი სიმდიდრე უნდა მიჰქონდეს გამოფენიდან.

- როგორ აღწევს ხელოვანი პროფესიონალიზმის მაღალ დონეს?

- პროფესიონალი არ უნდა დაიღალოს, პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც გაგაღვიძებენ და ნახევრად მძინარე იმას დახატავ, რასაც გიკარნახებენ. შენ იმ დროს არ უნდა გტკიოდეს, არ უნდა გადიოდე პროფესიონალური ეთიკიდან. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი მეუბნებოდა, პროფესიონალი მაშინ გახდები, როდესაც ურნიდან ნაგავს დაგიყრიან და ამას ისე დახატავ, როგორც ვარდს და სხვა ყვავილს დახატავდიო. ის ნაგავიც ისეთ დონეზე უნდა დახატო, რომ აღტაცება გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ, რამხელა გზაა გასავლელი, რომ ყველაფერ ამას მიაღწიო.  შენი ერთი ნახატიც კი ლაპარაკობს, ვინ ხარ და რა ხარ. წლების პრაქტიკა და თეორია გვაძლევს უნარს, რომ უკეთესი ნაშრომი შევქმნათ და გავაცნოთ საზოგადოებას.

- ზოგი ფიქრობს, რადგან ადამიანს აქვს ხატვის ნიჭი, არ სჭირდება დამატებით სწავლა ან შრომა. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში განვითარებას და გამოცდილებას?

- ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი ხელოვანი, რომ თვითკმაყოფილებას მიეცეს და დაჯერდეს ნიჭიერებას, თუნდაც მილიონი შექება დაიმსახუროს. შრომის, განვითარებისა და სწავლის გარეშე, ადამიანი დაღუპულია. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი ნამუშევრებით, რადგან მუდმივად ვცდილობ განვითარებას. ნიჭიერი ზარმაცი არ არსებობს, ნიჭიერი ადამიანი არის ისე, როგორც გმირი ბრძოლის ველზე, ის მუშაობას, წვალობს დღე და ღამე, მასზე არაფერი არ მოქმედებს. თუ არ ვიმუშავე ჩემს თავზე, იქ გაწყდება განვითარების გზა. გენიალური მაშინ იქნები, როდესაც ნასწავლს განავითარებ. საკმარისია, ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა გაიფიქროს, რომ უკვე მიაღწია მიზანს და პროფესიონალია, ისტორიაში მხოლოდ ამ ერთი მიღწევით დარჩება. ჩვენს პროფესიაში კიდევ უფრო მეტი თავდადებაა საჭირო, ხელოვანი თუ შეცდომას დაუშვებ, ამით ამახინჯებ ერის, მნახველისა და ნებისმიერი ადამიანის სულიერებას.

- რამდენად მნშვნელოვანია ხელოვანისთვის, რომ მოუსმინოს სხვას, გაიზიაროს რჩევები და შენიშვნები?

- ამის გარეშე, ყოველი საქმე ფუჭი მგონია, აუცილებელია, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება და განცდა ვიცოდეთ ხელოვანებმა, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერც შეფასდება ნაშრომი. კრიტიკა მნიშვნელოვანია ყველა პროფესიაში იმისთვის, რომ პროფესიონალიზმის მაღალ საფეხურზე გადავიდეს ადამიანი და შექმნას კიდევ უკეთესი, ვიდრე ქმნიდა. თუ კრიტიკას არ მიიღებ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ნახავს შენს ნამუშევარს, ან რა განცდით წავა დარბაზიდან, მაშინ ხატვას რა აზრი აქვს, ვინ ხარ და რა გინდა? ეს ჩვენი პროფესია, ძიება, მუშაობა და თვითკრიტიკაა, რომელიც აუცილებელია შემოქმედებაში. ბევრია კარგი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი, მაგრამ გამორჩეულები ერთეულები არიან.

- თანამედროვე ხელოვნებას როგორ აფასებთ?

- 21-ე საუკუნეში ხელოვნება აგრესიული გახდა ისევე, როგორც სამყარო, შენ არ უნდა გახდე ამ დროს ნადავლი და არ უნდა გამოგიყენონ, როგორც ხელოვანი. მესმის, უნდათ რაღაც ახალი თქვან და რამე გააპროტესტონ, მაგრამ რა დანიშნულება აქვს ამას, სურთ, რომ ცნობილები გახდნენ, თუ არ იციან, როგორ გამოხატონ სწორად  პროტესტი? ნახატი ლაპარაკობს შენს სულიერ სამყაროზე, ეს არის შენი დოსიე, ნებისმიერ პიროვნებას რომ ანახო მხატვრის 2-3 ნამუშევარი, ზუსტად გეტყვის, ვინ და როგორია. ვიწრო კუთხით არ უნდა იფიქრო, როდესაც რამეს ხატავ, იმ ნახატს ყველა ნახავს, ფილოსოფიურად უნდა შეხედო და სიღრმეებში უნდა შეხვიდე.  სამყაროში უამრავი ულამაზესი რამაა, პროტესტის გამოხატვა ლამაზადაც შეიძლება. გასაგებია, რომ ბაზარი კარნახობს, ბევრია ისეთი, ვინც იმის გამო, რომ ნახატი გაყიდოს ან ცნობილი გახდეს, „მოდას“ მისდევს. ამით ვანადგურებთ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია და მომავალ თაობას ვუტოვებთ მხოლოდ აგრესიას და ნეგატივს. შეიძლება, დღეს დიდ აღიარებას მიაღწიო, მაგრამ ეს დროებითი იქნება. ხდება გადაფასება, ყველაფერი თავის ადგილას დაილექება და დაერქმევა თავისი სახელი. ჭეშმარიტი ხელოვნება ღირებულებებზე უნდა იყოს აგებული და ასე იქნება მარადიული. უდიდესი პასუხისმგებლობაა უფლისა და საზოგადოების წინაშე, რომ ნიჭი ღირსეულად და სწორი მიმართულებით გამოიყენო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დიპლომი და სერტიფიკატი გექნება, მთავარი სულიერი ღირსება და განათლებაა.

მეოცე საუკუნის ბოლოს, ხელოვანებმა ატეხეს აჟიოტაჟი, რომ თანამედროვე ხელოვნება მოკვდა და არ ვითარდებაო. ხელოვნების განვითარება კი არ შეჩერდა, გამარტივდა, რადგან ჩვენ გამოფენაზე გამოტანილი უნიტაზი და ბანანის ქერქიც კი ვნახეთ. 21-ე საუკუნეში გაურბიან სირთულეებს და ეძებენ იოლ გზებს სათქმელის გამოსახატად. ხელოვანი ადამიანი არ უნდა ეძებდეს მარტივ გზებს, ამ შემთხვევაში, ნამუშევარი იქნება ფუჭი და ვერ მიაღწევს ადამიანის სულიერებამდე.

- ბატონო გოჩა, დამწყებ მხატვრებთან გაქვთ ურთიერთობა, ადევნებთ თვალს მათ შემოქმედებას?

- დიახ, რა თქმა უნდა, დღე არ გავა, წერილი არ დამხვდეს სოციალურ ქსელში. მიზიარებენ თავიანთ ახალ ნამუშევრებს და ელოდებიან ჩემს შეფასებას. თუ გამოფენა იმართება, მით უმეტეს, შეხვედრა მიწევს ბევრ ახალგაზრდასთან. არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან რამით გამორჩეული ვარ, ჩემს თავს არ მივცემ ამის უფლებას, მაგრამ რატომღაც ხშირად მომმართავენ რჩევისთვის. ზოგიერთისგან მე ვიღებ ინფორმაციას და ა.შ.

- რა ურჩევთ ახალგაზრდებს?

- შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ახალგაზრდას უფლისგან აქვს მომადლებული ნიჭი, მაგრამ შეიძლება, თავისი არასწორი საქციელით დაკარგოს. უფალი რასაც აძლევს ადამიანს,  ის უნდა განავითაროს და კეთილად გამოიყენოს. თუ არ იშრომეთ, განვითარებას ვერ მიაღწევთ. ვურჩევდი, რომ იყვნენ შრომისმოყვარენი და ნუ დასჯერდებიან მხოლოდ  ნიჭიერებას. ახალგაზრდები, რომლებიც თავს მიუძღვნიან ამ საქმეს, ემსახურონ ჭეშმარიტ ხელოვნებას, რაც სიკეთე და სიყვარულია.