რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პანიკური შეტევა არის შიშისა და შფოთვის განცდა, რომელიც ადამიანს უეცრად ეუფლება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სიმპტომები აქვს და როგორ გავუმკლავდეთ მას. „ვერსიაფსიქოლოგ ნატო მგალობლიშვილს დაუკავშირდა.

- პანიკური შეტევები სხვადასხვა ორგანულ დაავადებებში ეშლებათ. მისი სიმპტომებია გულის აჩქარება, ხელების გაოფლიანება, კანკალი და სხვა რეაქციები, რომლებიც ჰგავს ორგანულ დაავადებებს, მაგრამ როცა ადამიანი მიდის ექიმთან აღმოაჩენს, რომ არ აქვს პრობლემა, რადგან სინამდვილეში სირთულე ფსიქოლოგიურია.

- რა  იწვევს პანიკურ შეტევებს?

- მიზეზი იმდენი შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანიც არსებობს. მნიშვნელოვანია, ბავშვობის ტრავმები, რადგან ხშირად შეტევა იწყება ჩვეულებრივ გარემოში და არა სტრესული სიტუაციის შემდეგ. ამის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამბავმა, რომელიც ვერ გადახარშა ადამიანის გონებამ და რაღაც დროის შემდეგ არასწორ ადგილას აფეთქდა.

- ძირითადად, რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს პირველი სიმპტომები?

-  შეიძლება, თინეიჯერობის პერიოდშიც იყოს და შემდეგაც. პირველი სირთულე არის ის, რომ ხანდახან ადამიანებს უჭირთ სახელის დარქმევა. ჩემს გამოცდილებაში არ მქონია 12 წლის ქვემოთ შემთხვევა.

- დაახლოებით რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს შეტევა?

- შეიძლება იყოს წამები, ან 15-20 წუთი. იმდენად რთული პერიოდი აქვს ამ დროს ადამიანს და იმხელა სტრესის ქვეშ არის, რომ შეუძლებელია საათობით გრძელდებოდეს.  

- რა სიხშირით შეიძლება, რომ ადამიანს პანიკური შეტევა დაემართოს და შეიძლება თუ არა, განმეორდეს დღეში რამდენჯერმე?

- შესაძლებელია,  გააჩნია ადამიანის მდგომარეობას და იმას, თუ რა ახდენს ამის პროვოცირებას. შეიძლება თვეში ერთხელ იყოს, წელიწადში ორჯერ, ან დღეში რამდენჯერმე. ინდივიდუალურია.

- ექვემდებარება თუ არა მკურნალობას, ან რა მეთოდით მკურნალობენ?

-  მკურნალობა შესაძლებელია ორი გზით. პირველი და უმნიშვნელოვანესია ფსიქოთერაპია, რადგან ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ორგანული. ასევე, შეიძლება ადამიანს დასჭირდეს მედიკამენტები, რომელიც მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა და დამხმარე საშუალებაა. თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

- როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს, პანიკური შეტევის დროს?

- პანიკური შეტევის მართვის რამდენიმე ტექნიკა არსებობს. პირველი და ძალიან ეფექტურია, გააკეთებინოთ სუნთქვითი ვარჯიშები. პირით 4 წამიანი ჩასუნთქვა, 4 წამიანი ამოსუნთქვა. შეგიძლიათ, ყინულიან წყალში ხელები ჩააწყობინოთ. ეს აბრუნებს სისხლ-ძარღვებს ნორმაში და აადვილებს ადამიანის მდგომარეობიდან გამოსვლას. თუმცა ესეც ინდივიდუალურია - ზოგთან  ერთი ტექნიკა უფრო მეტად მუშაობს, ზოგთან - ნაკლებად.

მიუხედავად იმისა, რომ პანიკური შეტევა ყველასთვის უარყოფით მოვლენად ასოცირდება, მას აქვს თავისი დადებითი მხარეც, რაც  ფსიქოლოგმა ამგავრად განმარტა: „შეტევა ჰგავს სიცხეს, რომელიც სიგნალია ჩვენთვის. ორგანიზმს შეუძლია გველაპარაკოს პანიკური შეტევით. ესაა საშუალება, რითიც ვიგებთ, რომ ფსიქიკას დახმარება სჭირდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პანიკური შეტევა პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, რაც ამას იწვევს. შეტევა სიმპტომია და უნდა მოაგვარო მისი გამომწვევი მიზეზი, რაც შეიძლება მოგვიანებით ფობიებსა და დეზორიენტაციაში გადაიზარდოს.“ 

 

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი