ამბროლაურის ქუჩის ძაღლები - როგორ შეუტია ცოფმა რაჭას?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ შაბათს, ამბროლაურში, არ გამართულა ტრადიციული ყოველკვირეული ბაზრობა, სადაც რაიონის თითქმის მთელი მოსახლეობა იყრის ხოლმე თავს. ამ დღეს გროვდებიან ბაზართან ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ძაღლებიც, რომლებსაც ხალხი კვებავს. ბაზარი, ბოლო კვირაში, ცოფის სამი დადასტურებული შემთხვევის გამო დაიხურა. გამოცხადდა კარანტინიც. ამბროლაურის ქუჩის ძაღლები კი დროებით ოზურგეთის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია.

რაჭველების თხოვნაა, თუ უპატრონო ცხოველების თავშესაფარი ვერ გაკეთდება, ქალაქში ერთი ვეტერინარული კლინიკა მაინც არსებობდეს, სადაც ძაღლების (და კატების) სტერილიზაცია იქნება შესაძლებელი და ასე შეჩერდება მათი უკონტროლო გამრავლება.

შემთხვევა სოფელ კვაცხუთში

რაჭის სოფელ კვაცხუთში, ერთ-ერთი ოჯახის მონადირე ძაღლი, ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ ავად გახდა. პატრონმა ის ვეტერინართან, ქუთაისში წაიყვანა. თუმცა უკან, რაჭაში დაბრუნების შემდეგ ძაღლი მალევე მოკვდა. მანამდე მონადირე ძაღლმა სოფლის სხვა ძაღლებთან იჩხუბა. გაშველების დროს, ძაღლმა თავის პატრონს მსუბუქად გაჰკრა კბილი. ცოფზე მაშინვე არ უეჭვიათ, თუმცა ლაბორატორიული კვლევით იოლად დადასტურდა, რომ ძაღლი ინფიცირებული იყო. ამის შემდეგ მთელი ოჯახი აიცრა.

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, ამბროლაურში, სადაც საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, უპატრონო ძაღლები უკონტროლოდ მრავლდებიან, ცოფი კიდევ ორ, ამჯერად სწორედ ქუჩაში მცხოვრებ ძაღლს დაუდასტურდა. ხალხი დაფრთხა - ეს, უკვე, შესაძლოა, იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი უპატრონო ძაღლი ყოფილიყო ცოფის მატარებელი. გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო აცრები.

„სავარაუდოდ, ძაღლი გარეულმა ნადირმა დააინფიცირა“

რაჭველი ვეტერინარები გვეუბნებიან, რომ წლებია, რაჭაში ცოფის შემთხვევა არ ჰქონიათ. ნიკო ქევანაშვილს, რომელსაც ვეტექიმობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სწორედ იმ დროს დავურეკეთ, როცა ის კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთ სოფელში, ძაღლებს ცრიდა. მან გვითხრა, რომ მთელი ამბროლაურში, უკვე, დაახლოებით, ათასამდე ძაღლი და კატაა აცრილი და ვაქცინაცია ისევ გრძელდება.

დადასტურებით ჯერ არავინ იცის, საიდან გაჩნდა ცოფი, თუმცა ნიკო და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მონადირე ძაღლი გარეული ნადირისგან დაინფიცირდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ამთვისებელი ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია გაგრძელდება.

ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კარანტინის პერიოდში აკრძალულია შინაური ცხოველების გარეთ გაშვება. აუცილებელია მათი აცრა და დეზინფექცია, რაც კეთდება კიდეც. მისი თქმით, კვაცხუთიდან სამი კილომეტრის რადიუსში ყველა ძაღლი და კატა აცრილია.

ამბროლაურის ქუჩებიდან დროებით გაქრნენ მიუსაფარი ძაღლებიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისინი ოზურგეთის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაეყვანა. სულ იქ 124 ძაღლი გაგზავნეს და კიდევ 50-ის მიყვანას აპირებენ. თუმცა ამბროლაურის მერი იმასაც გეუბნება, რომ ეს ძაღლები იქ სამუდამოდ ვერ დარჩებიან. ვისაც ავადმყოფობა არ დაუდასტურდება, რაღაც პერიოდის შემდეგ, უკან ქუჩაში დააბრუნებენ.

დავით მხეიძე არ უარყოფს, რომ რაჭაში დიდი ხანია არსებობს უპატრონო ძაღლების პრობლემა, რომლის გადაჭრაც აქამდე ვერ მოხერხდა. მისი აზრით, გამოსავალი, შესაძლოა, მუნიციპალური თავშესაფარი იყოს, თუმცა მის მოწყობას დაახლოებით 2 მილიონი ლარი ჭირდება, ადგილობრივ ბიუჯეტს ეს ფული არ გააჩნია.

„რამდენიმე თვეა უკვე ამაზე ვმსჯელობთ, რა ვქნათ, მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც შევთავაზეთ, რომ იქნებ ერთობლივი ძალებით გავაკეთოთ რამე, თუმცა ამ ამბავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერაც გვჭირდება და არც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება იქნებოდა ზედმეტი“, - გვითხრა დავით მხეიძემ.

„ვეტკლინიკა - რაჭას“: პეტიცია ხუთასი ხელმოწერით

მას მერე, რაც რაჭაში ცოფის შემთხვევები დადასტურდა, ამბროლაურელმა სამოქალაქო აქტივისტმა ეთერ არსანიძემ პეტიცია შექმნა, რომლის მთავარი მოთხოვნა, რაიონში სუბსიდირებული ვეტკლინიკის გახსნაა, სადაც ცხოველებს სტერილიზაციასაც გაუკეთებენ და უმკურნალებენ კიდეც. პეტიციის ადრესატი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის სამსახურია.

ამ პეტიციაში, რომელსაც დღე-ნახევარში ხელი 500-მა ადამიანმა მოაწერა, წერია, რომ სწორედ სტერილიზაციის ხელმიუწვდომლობის გამო იმატებს ქუჩაში ცხოველების რაოდენობა.

ეთერ არსანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქუჩაში გამოყრილი ცხოველების რაოდენობა რაჭაში ყოველთვიურად იზრდება. მოსახლეობა დედალი ძაღლების შეკედლებას ერიდება, ისინი ქუჩაში რჩებიან და მრავლდებიან. თუ ლეკვები ზამთარში ჩნდებიან, ქუჩაშივე იყინებიან. ხშირია შემთხვევებიც, როცა ლეკვები დამსვენებლებს ჩამოჰყავთ რაჭაში, ზაფხულის განმავლობაში უვლიან, მათი ბავშვები თამაშობენ ცხოველებთან, მაგრამ შემოდგომის დადგომისთანავე, როცა ისინი ქალაქში ბრუნდებიან, ძაღლებს რაჭაში ტოვებენ.

„ან აქ, ამბროლაურში, ან შაორის ტბასთან, ან სოფელ წესში, სადაც, გაიგეს, რომ ერთი გოგო ძაღლებს პატრონობს... მოკლედ, იმას ვამბობ, რომ ამ პრობლემას არაერთი რაკურსი აქვს, და მათ შორის მთავარი ის არის, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ - ცხოველი არ არის სათამაშო“.

თუმცა მთავარ გამოსავლად ეთერ არსანიძეს მაინც სწორედ ვეტკლინიკის არსებობა მიაჩნია. ამისთვის ქუთაისში წასვლა სოფლის მოსახლეობისათვის ძალიან რთული ამბავია და მათ არც ამის ფული აქვთ.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ვეტკლინიკა რეგიონში, ძალიან! ამიტომ მოვითხოვთ, რომ იქნებ შენობა მუნიციპალიტეტმა, ან ინვენტარი, ჩვენც მოვიზიდავდით რამე რესურსებს და ასე ერთობლივად მაინც მოვაგვარებდით ამ პრობლემას. სოფელში ხალხს არა აქვს იმის ფული, რომ მაგალითად, ცხოველის სტერილიზაციისთვის 80 ლარი გადაიხადოს და თან ქუთაისში წავიდეს, რაც დამატებით ხარჯია“.

ამბროლაურელი ნათია მაისაშვილიც, რომელიც ეთერის მსგავსად, ხშირად კვებავდა ქუჩის ძაღლებს, ფიქრობს, რომ თუ მუდმივი არა, რაჭაში მობილური ვეტერინარული კლინიკა მაინც უნდა შეიქმნას, რომელიც თუნდაც რამდენიმე რაიონს მოემსახურება.

მეორე, რაც გასაკეთებელია ნათია მაისაშვილის აზრით, სოფლებში ძაღლების აღწერაა. სულ ცოტა, იმის ცოდნა, რამდენი ძაღლია, არიან თუ არა აცრილები დაავადებებზე, საჭიროა მათი სტერილიზაცია, რომ როგორმე გამრავლება შეფერხდეს.

„თუ ეს არ მოხდება დღეს, მომავალ წელს ამბროლაურში იგივე ვითარება გვექნება. შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ სოფლებიდან ძაღლები არ ჩამოიყვანონ და ქუჩაში არ დატოვონ, განსაკუთრებით, ბაზრის დღეებში, რადგან რაიონში მცხოვრები ყველა ძაღლი მეტ-ნაკლებად აცრილი და სტერილიზებულია“.

ცოფის შემთხვევებზე ლაბორატორიულად დადასტურებულ საბოლოო დასკვნას ამბროლაურში კვირის ბოლოს ელიან. ჯერჯერობით, ამ სამი შემთხვევის გარდა ცოფის სხვა ფაქტი არ გამოვლენილა. ამბროლაურის ქუჩები მიუსაფარი ძაღლებისგან ახლა თავისუფალია, თუმცა არ არსებობს ზუსტი პასუხი, რა პირობებში არიან ახლა ისინი ოზურგეთის თავშესაფარში და რა ელით კარანტინის დასრულების შემდეგ.

წყარო:რადიო თავისუფლება