„დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა...“- ლექსო თორაძის შთამბეჭდავი ცხოვრების გზა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

11 მაისს ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ვერსია“ გაგაცნობთ პიანისტის შთამბეჭდავ ბიოგრაფიას:

თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი, ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1969 წელს ლექსო ჩაირიცხა სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1970 წლიდან სწავლა განაგრძო ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პიანისტს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ თავის სათქმელს იტყოდა, ადგილს დაიკავებდა და ისტორიაშიც შევიდოდა. 1969 წელს ლექსო თორაძე მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კალაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ორი პრემია. პიანისტის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა ნაწარმოებთა შესრულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია - Toradze piano studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას ავლენდნენ ახალგაზრდა ქართველი პიანისტები. 2005 წელს თავის მუსიკალური სტუდიის წევრებთან და აღზრდილებთან ერთად ფართო საკონცერტო გასტროლები გამართა საქართველოში. ამასთან ერთად იგი უამრავ გასტროლს მართავდა უცხოეთის ქვეყნებში და თანამშრომლობდა მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან.

ლექსო თორაძის მამა, ცნობილი კომპოზიტორი დავით თორაძე იყო. დედა კი, ცნობილი მსახიობი ლიანა ასათიანი.  ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი ხანდაზმულ ასაკშიც ისეთივე მომხიბვლელი, ელეგანტური და ბავშვურად უშუალო იყო, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინათ, კინოფილმ „გიორგი სააკაძეში“ თეკლა დედოფლის როლის შესრულებისას. წარმატებული დებიუტის შემდეგ კიდევ ოცამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. არა მარტო ლექსო თორაძე, არამედ ლიანა ასათიანის ქალიშვილიც, ნინო, ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდა. 1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა: „ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა!“

საინტერესოა, ასეთი სიყვარულითა და ნიჭიერებით სახელგანთქმული ოჯახის, საქვეყნოდ აღიარებული მუსიკოსის შვილს რა მიზეზმა დაატოვებინა სამშობლო, მშობლიური კერა?

აქ მიზეზების გარკვევას არ დავიწყებთ, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ მაშინ საბჭოთა კავშირმა ლექსო მოღალატედ გამოაცხადა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ლიანა ასათიანი ამბობდა:

„როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას გაშლილი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც აქ, საბჭოთა კავშირში, უქმნიდნენ. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო… უფრო ადრე უნდა წასულიყო, ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ფედოსეევის ორკესტრმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა… პროფესიული შეურაცხყოფა აუტანელია… დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა“. ამასობაში ხუთი წელი გავიდა და წუთებიღა რჩებოდა დიდი ხნის უნახავ შვილთან შესახვედრად.

ქალბატონი ლიანა ასათიანი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ უფლება მისცა, უცხოეთში გადასულ შვილს შეხვედროდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. დედა-შვილის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძისა და პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაიკლ არმაკოსტის დონეზე გადაწყდა.

1988 წლის აგვისტოს ბოლო დღეები იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ამ ფაქტს დიდი ყურადღება დაუთმო. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო- და კინოკამერებით. „გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედა“, – წერდა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარული „სახალხო ჟურნალი“ და ექვს გვერდზე აშუქებდა მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას.

ლიანა ასათიანს შვილებთან განშორება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

„შვილები და შვილიშვილები, რა თქმა უნდა, მენატრებიან. მათით ვცხოვრობ, მაგრამ როგორც ერთხელ ლექსომ თქვა, მათთვის აქ უფრო საჭირო ვარ. ლექსოს რაღაც პრობლემა ჰქონდა და მესიჯი დავუტოვე, თუ გჭირდები, ყველაფერს დავტოვებ, ჩამოვალ და მოგივლი-მეთქი. ლექსომ მომწერა, დედა, თბილისში უფრო მჭირდებიო. გამიკვირდა, რას ამბობს-მეთქი ეს ბიჭი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო. მე რომ აქ არ ვიყო, ლექსოზეც და ნინოზეც საქართველოში, ალბათ, ნაკლები ინფორმაცია იქნებოდა. ახლა ლიანა ასათიანის სახელი დავით თორაძესთან, ლექსოსთან და ნინოსთან ასოცირდება და ასეცაა.“

მსახიობს 2012 წლის 20 მაისს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნაეს, 5 წლის წინ კი, 2014 წლის ივლისში (ლიანა ასათიანი 8 ივლისს გარდაიცვალა)და ქართველმა ხალხმა მარადიული სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე გააცილა.

ლექსო თორაძეს თავად ორი ვაჟი ჰყავს, ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.

ლექსო თორაძე, გუშინ 11 მაისს, 69 წლის ასაკში, აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „ვერსია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს პიანისტის ოჯახს.

ავტორი: ანი სარდლიშვილი