დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს - ყველაფერი გიორგობის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

  მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.  წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს.

ხალხური რიტუალები - კახეთში 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.ხალხურ ლეგენდის თანახმად, 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვაა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, წმინდანის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.