„ვითხოვთ თანასწორ უფლებებს განათლებაში!“- თსუ-ს სტუდენტებმა, სწავლების აუდიტორიებში განახლების გამო, აქციები დაიწყეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

ორ წელზე მეტია, პანდემიის გამო, მსოფლიოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს ყოფნა. თითქმის ყველა დაწესებულება ამ ხნის განმავლობაში ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული.  ყველაზე მეტად კი ეს პრობლემა საგანმანათლებლო სექტორს შეეხო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტები და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. პანდემიის დასასრულს ზოგმა უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაწყებისთანავე განაახლა აუდიტორიებში სწავლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი გააკეთა განცხადება, რომ დღეს, 2 მაისს, უნივერსიტეტი სწავლებას იწყებს აუდიტორიებში და აღარ რჩება სწავლის დისტანციურად მიღების საშუალება. ვინაიდან და რადგანაც, სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 2 თვე და სტუდენტები ვერ ახერხებენ თბილისში საცხოვრებელი ადგილის შოვნას, თსუ-ს სტუდენტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები, რომელიც თითქმის ერთი თვეა, გრძელდება. მათი პრიორიტეტული მოთხოვნაა, უნივერსიტეტი ან კვლავ დარჩეს ჰიბრიდულ სწავლებაზე, ან სტუდენტები უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილით, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს განათლება თანასწორად. „ვერსია“ იმყოფებოდა აქციაზე, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემებს და მოთხოვნებს უკეთ გავცნობოდით.

 აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი:

_რა არის  ამ აქციის პირველი და ყველაზე მთავარი მოტივი და მოთხოვნა?

_ პირველი მთავარი მოტივი აქამდე იყო ის, რომ ჰიბრიდულად გაგრძელებულიყო სწავლება, მაგრამ დღეს დაიწყო უკვე აუდიტორიებში სწავლა და დარჩა ათასობით ბავშვი ცოდნისა და განათლების მიღმა, რომლებიც ვერ ჩამოდიან თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განუცხადა ლექტორებს, ბრძანება მიუვიდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცენ უფლება სტუდენტებს „ზუმით“ ჩაერთონ ლექციებს, სემინარებს ან თუნდაც ელექტრონულად გაუგზავნონ დავალებები, ვინც ვერ ახერხებს ჩამოსვლას და აუდიტორიებში დასწრებას. ვაპროტესტებთ ასევე იმას, რომ საბინაო პოლიტიკა არ გააჩნია თსუ-ს  და საშინელი მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით. ვითხოვთ თანასწორ უფლებებს განათლებაში!

_ საინტერესოა, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც გიჭერენ მხარს?

_ სხვა უნივერსიტეტის ბავშვებიც მოდიან აქ და დგანან ჩვენთან ერთად იმიტომ, რომ მათაც გამოაირეს ერთ დროს ეს მდგომარეობა. მათ ადვილად მოაგვარეს პრობლემა, როგორც კი ეს საკითხი გააპროტესტეს, მაგრამ ზოგს გაპროტეტება არც დასჭირვებია, როგორც კი მივიდნენ და დაელაპარაკნენ ადმინისტრაციას, დაუკმაყოფილეს მოთხოვნა ან მისცეს არჩევანის საშუალება.

_ რამდენი ხანია, პროტესტის ნიშნად აქციებს მართავთ?

_ ეს პირველი აქცია არ არის, თითქმის ერთი თვეა, ვაპროტესტებთ აუდიტორიაში სწავლის დაწყებას და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ჩვენს მოთხოვნას არ დააკამყოფილებენ...

 თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი: 

_ კონტკრეტულად თქვენ რა სახის პრობლემა გაგიჩნდათ უნივერსიტეტის ამ გადაწყვეტილების გამო და რატომ ითხოვთ სწავლის ონლაინ გაგრძელებას?

_  მე გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელი და კონკრეტულად ჩემი პრობლემაა ის, რომ არ ვცხოვრობ თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი იდეაა, სტუდენტებს მისცეს ცოდნა და განათლება. უნივერსიტეტის მხრიდან კი სტუდენტების მიმართ ასეთი გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება სწორედ ამ იდეას აუფასურებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არანაირი უფლება არ აქვს, ათასობით სტუდენტს წაართვას განათლების მიღების უფლება და თავი ამ სტუდენტების „კვაჭი კვაჭანტირაძეებად“ მონათვლით გაიმართლოს.

„ვერსია“ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტსაც გაესაუბრა, რომელიც სოლიდარობის ნიშნად, თსუ-ს სტუდენტთა აქციას შეუერთდა: 

_ რატომ დგახართ აქ და რა არის თქვენი პროტესტის მთავარი მიზანი?

_ დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ აუდიტორიაში სწავლის დაწყებას, რადგანაც ბევრ სტუდენტს, რომელიც არ ცხოვრობს თბილისში, არ აქვს იმის საშუალება, იქირაოს ბინა.  ზუსტად იმას ვაპროტესტებთ, რომ უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს და გამოუყოს საცხოვრებელი ადგილი სტუდენტებს და დარჩეს ჰიბრიდულ სწავლებაზე ამ ორი თვის განმავლობაში. შემდეგი ახალი სასწავლო წლიდან კი სტუდენტები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილებით. კონკრეტულად მე არ ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგრამ პროტესტის გრძნობა ისევე მაქვს, როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს. ბოლომდე ვიდგები აქ, სანამ სტუდენტების მოთხოვნებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ დააკმაყოფილებს.